Thumbnail

რაგბი | იტალიაზე წინ! ბორჯღალოსნები სარეკორდო ნიშნულს მიუახლოვდნენ

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე

მსოფლიო რაგბის რეიტინგში ოფიციალურად დადასტურდა, რომ საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა იტალია უკან მოიტოვა და მე-12 ადგილზე დამკვიდრდა.

ბორჯღალოსნების წინსვლა ტორელავეგაში მოპოვებულმა იოლმა გამარჯვებამ განაპირობა. ლევან მაისაშვილის შეგირდებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩში ესპანეთი 41:3 გაანადგურეს და კლასიფიკაციაში 0.75 ქულა შეიმატეს, რაც დაწინაურებისთვის სრულიად საკმარისი აღმოჩნდა.

ახლა, ქართველი მორაგბეების აქტივში 75.94 ქულაა და ისინი 0.11 ქულით უსწრებენ იტალიას, რომელიც მე-13 საფეხურამდე დაქვეითდა. ამას გარდა, მხოლოდ 0.09 ქულაა ჩამორჩენა მე-11 ადგილზე მყოფ სამოასთან, რომელსაც მე-11 ადგილი უკავია. ცნობისთვის, მე-11 პოზიცია ბორჯღალოსნებისთვის სარეკორდოა (2016 წლის ივნისი) და ჩვენს გუნდს მალევე ექნება შანსი პირადი მიღწევა გაიმეოროს.

საქართველოს ნაკრებისთვის მნიშვნელოვანი იქნება მარტში დაგეგმილი მატჩები. მორიგი წინსვლისთვის რაგბი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში, შინ, რუმინეთის დამარცხებაა საჭირო, შემდეგ კი, ფინალში მოგება, პორტუგალიისა და ესპანეთის წყვილში უმჯობესთან.

სხვათა შორის, განახლებულ რეიტინგში ხეირი ნახა პორტუგალიამაც, რომელმაც რუმინეთთან მოგების წყალობით, ესპანეთსა და ურუგვაის გადაასწრო და მე-16 პოზიციას უწია. მსოფლიო რაგბის კლასიფიკაციაში მოწინავე ოცეული ასე გამოიყურება:

1. ირლანდია – 91.33 ქულა, 2. საფრანგეთი – 89.38, 3. ახალი ზელანდია – 88.98, 4. სამხრეთ აფრიკა – 88.97, 5. შოტლანდია – 83.36, 6. ინგლისი – 82.27, 7. ავსტრალია – 81.80, 8. არგენტინა – 80.72, 9. უელსი – 77.73, 10. იაპონია – 77.39, 11. სამოა – 76.03, 12. საქართველო – 75.94, 13. იტალია – 75.83, 14. ფიჯი – 74.84, 15. ტონგა – 71.21, 16. პორტუგალია – 66.94, 17. ესპანეთი – 66.42, 18. ურუგვაი – 66.24, 19. აშშ – 65.92, 20. რუმინეთი – 64.45.

კომენტარები

ბოლო ამბები