Thumbnail
  • 📅 21 თებერვალი | 🏟 დოიჩე ბანკ პარკი | ⌚ 23:55 | ⚽ აინტრახტი V ნაპოლი
  • ორივე გუნდი კარგ ფორმაშია, მაგრამ ნაპოლი მაინც ფავორიტია
  • აინტრახტს იტალიურ კლუბებთან ძალიან კარგი ბალანსი აქვს
  • ყველაფერი, რაც ამ მატჩის შესახებ უნდა იცოდეთ

+15 ქულა ინტერთან, 33-წლიანი პაუზის შემდეგ ჩემპიონობის უნიკალური შანსი - ნაპოლი "სკუდეტოს" უახლოვდება, ამ გუნდის შემჩერებელი იტალიაში არ ჩანს. და ჩემპიონთა ლიგაში? ამ კითხვას ახლა ფრანკფურტის აინტრახტმა უნდა უპასუხოს. ფაქტია: ხვიჩა კვარაცხელიას და მისი თანაგუნდელების ამბიცია მხოლოდ იტალიის ჩემპიონობის სურვილით არ შემოიფარგლება. რატომაც არ უნდა ჰქონდეთ ჩემპიონთა ლიგაში წარმატების იმედი? მით უმეტეს, რომ სერია A-ში ყველაფერი იდეალურზე უკეთესად აქვთ.

ლუჩანო სპალეტის გუნდი ჯგუფურ ეტაპზე ბრწყინვალე იყო: ლივერპულთან, აიაქსთან და რეინჯერსთან კონკურენციაში პირველი ადგილი დაიკავა, მაგრამ შედეგთან ერთად თამაშის ხარისხიც ფანტასტიკური გახლდათ. პლეი ოფის პირველ სტადიაზე კი ნაპოლის მეტოქედ აინტრახტი ერგო. პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ სავარაუდო მეტოქეებს შორის, ქაღალდზე, ყველაზე სასურველი სწორედ გერმანული გუნდი ჩანდა, თუმცა, ნაპოლის გარანტირებული არაფერი აქვს და ყურადღება წამითაც არ უნდა მოადუნოს. აინტრახტს ნებისმიერის გამწარება შეუძლია!

ფრანკფურტული კლუბი ევროპალიგის მოქმედი ჩემპიონია და ჩემპიონთა ლიგაშიც ამ გზით მოხვდა. ჯგუფურ ეტაპზე "არწივები" ტოტენჰემს ჩამორჩნენ, მაგრამ ლისაბონის სპორტინგსა და მარსელის ოლიმპიკს აჯობეს. ოლივერ გლასნერის გუნდს ბუნდესლიგაშიც არ აქვს ცუდი სეზონი, სადაც ევროზონაშია, ლიდერთა სამეულს კი მხოლოდ 5 ქულით ჩამორჩება. ფრანკფურტელები საკუთარ მოედანზე, რა თქმა უნდა, გამარჯვებას გეგმავენ, რადგან კარგად იციან, რომ "სტადიო მარადონაზე" თამაში მათთვის გაცილებით რთული იქნება.

აინტრახტს თავის დროზე ჩემპიონთა თასის ფინალში აქვს ნათამაშები, მაგრამ კონკრეტულად ჩემპიონთა ლიგაში პირველად თამაშობს და ამგვარად, მერვედფინალის დებიუტანტია. ნაპოლი ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში მეოთხედ ითამაშებს, მაგრამ ეს ბარიერი არასდროს გადაულახავს - 2012 წელს ჩელსისთან, 2017 წელს რეალთან და 2020 წელს ბარსელონასთან დამარცხდა.

კვარა, კიმი და დი ლორენცო დღევანდელ ვარჯიშზე

გუნდები მნიშვნელოვან თამაშს საკადრო პრობლემების გარეშე ხვდებიან: აინტრახტის კაპიტანი სებასტიან როდე გაციებული იყო, მაგრამ გლასნერმა დაადასტურა, რომ უკეთაა და სათადარიგოთა სკამზე იქნება, თუმცა ისიც თქვა, რომ ძირითად შემადგენლობაში არ ითამაშებს. ნაპოლის მხოლოდ ჯაკომო რასპადორი დააკლდება, რომელიც სპალეტის სასტარტო შემადგენლობაში ისედაც არ მოიაზრებოდა. თუმცა, ის აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში ნაპოლის საუკეთესო ბომბარდირი სწორედ რასპადორია (4 გოლით).

"საოცარი თამაში გველოდება, ჩვენი მიზანი ნათელია - მომდევნო ეტაპზე გასვლა! ორივე კლუბს ჰყავს ძალიან კარგი და სტაბილური შემადგენლობა, ორივე საუკეთესო ფორმაშია. ნაპოლი ანტიიტალიური გუნდია, მაღალი ინტენსივობით თამაშობენ, მაღალი პრესინგით და ძალიან აგრესიულად. ეს ვიცით და ამისთვის მოვემზადეთ. არ შეიძლება, მხოლოდ ნაპოლის შეტევა გამოვარჩიოთ, რადგან დაცვაც შესანიშნავია, ისინი ცოტა გოლს უშვებენ", - აღნიშნა მატჩისწინა პრესკონფერენციაზე გლასნერმა.

საინტერესო ფაქტები

🟠 ეს იქნება აინტრახტისა და ნაპოლის მესამე შეხვედრა. გერმანელებმა წინა ორი თამაში მოიგეს, 1994/95 წლების სეზონში უეფას თასზე, ორივე 1:0.

🟠 ფრანკფურტის აინტრახტმა 11 მატჩიდან მხოლოდ 2 წააგო იტალიური გუნდების წინააღმდეგ (6 მოგება, 3 ფრე). ბოლო ოთხში კი წაუგებელია (3 მოგება, 1 ფრე). ბოლო იტალიური გუნდი, რომელიც ფრანკფურტელებმა დაამარცხეს, პალერმო იყო - 2006 წლის ოქტომბერში უეფას თასზე 2:1.

🟠 ნაპოლიმ მოიგო ბოლო ორი გასვლითი თამაში გერმანული გუნდების წინააღმდეგ ევროტურნირებზე. 2015 წლის აპრილში ვოლფსბურგი 4:1 და 2018 წლის თებერვალში ლაიპციგი 2:0 დაამარცხა. ამ მატჩებამდე ნაპოლი გერმანული გუნდის წინააღმდეგ გასვლაზე მოგებას 10 შეხვედრაში ვერ ახერხებდა (5 ფრე, 5 წაგება).

🟠 აინტრახტი იქნება მე-11 გერმანული გუნდი, რომელიც ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში ითამაშებს, რითაც გერმანია გახდება ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც პლეი ოფში 11 გუნდი გუნდი ეყოლება წარმოდგენილი. ესპანეთი ამჟამად 10 გუნდით იწონებს თავს.

🟠 აინტრახტმა ჩემპიონთა ლიგაში ბოლო მატჩი მოიგო (მარსელსა და სპორტინგთან). ოლივერ გლასნერი პირველი ავსტრიელი მწვრთნელი გახდა, ვინც ჩემპიონთა ლიგაში ზედიზედ 2 თამაში მოიგო. გარდა ამისა, ავსტრიელ მწვრთნელებში მას ყველაზე მეტი მოგება აქვს ტურნირზე (3 და ყველა ამ სეზონში).

🟠 ნაპოლიმ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე 20 გოლი გაიტანა, რაც ამ სეზონში საუკეთესო შედეგია.

🟠 აინტრახტმა გასულ სეზონში ევროპალიგა მოიგო. გლასნერის ხელმძღვანელობით "არწივებმა" ევროპისა და ჩემპიონთა ლიგის 19 მატჩიდან მხოლოდ 2 წააგეს (10 მოგება, 7 ფრე). გარდა ამისა, საკუთარ მოედანზე 9 თამაშიდან მხოლოდ 1 წააგეს (3 მოგება, 5 ფრე). ერთადერთი წაგება იყო გასული წლის სექტემბერში ლისაბონის სპორტინგთან (0:3).

🟠 რანდალ კოლო მუანიმ ჩემპიონთა ლიგის ბოლო ორ მატჩში გოლი გაიტანა და თუ ამ შეხვედრაშიც გაიტანს, აინტრახტის ფეხბურთელებში გაიმეორებს დაიჩი კამადას შედეგს, რომელსაც ზედიზედ სამ მატჩში აქვს გოლი გატანილი ჩემპიონთა თასზე/ლიგაზე.

🟠 ხვიჩა კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში ორ მატჩში შეძლო, როგორც გოლის გატანა, ისე საგოლე პასის გაკეთება (ორჯერვე აიაქსთან). ნაპოლის ბოლო ფეხბურთელი, რომელმაც ამ ტურნირზე ეს შეძლო დრის მერტენსი იყო (2017/18 წლების სეზონში). ნაპოლის არცერთ ფეხბურთელს ჩემპიონთა ლიგაში სამ მატჩში გოლი და საგოლე პასი არ მიუთვლია. კვარას შანსი აქვს ეს გააკეთოს.

🟠 ნაპოლის სამმა ფეხბურთელმა ჩემპიონთა ლიგაში სულ მცირე 5 გოლში მიიღო მონაწილეობა: ჯაკომო რასპადორიმ (4 გოლი, 2 საგოლე პასი), პიოტრ ჟელინსკი (3 გოლი, 2 საგოლე პასი) და ხვიჩა კვარაცხელია (2 გოლი, 3 საგოლე პასი). მიმდინარე სეზონში ასეთი შედეგით სხვა ვერცერთი გუნდი დაიკვეხნის.

🟠 აინტრახტის ბოლო 5 მატჩში 3-ჯერ 2.5-ზე ნაკლები გოლი გავიდა და 2-ჯერ ორივე გუნდმა გაიტანა.

🟠 ნაპოლის ბოლო 5 მატჩში 3-ჯერ 2.5-ზე მეტი გოლი გავიდა და 4-ჯერ ორივე გუნდმა ვერ გაიტანა.

🟠 ამ გუნდების ორივე დაპირისპირებაში ერთნაირი ანგარიში დაფიქსირდა - 1:0 (აინტრახტის სასარგებლოდ).

სავარაუდო შემადგენლობები

აინტრახტი (3-4-2-1): ტრაპი - ტუტა, იაკიჩი, ნდიკა - კნაუფი, კამადა, სოუ, მაქსი - ლინდსტრომი, გიოტცე - კოლო მუანი.

ნაპოლი (4-3-3): მერეტი - დი ლორენცო, რაჰმანი, კიმი, ოლივერა - ანგისა, ლობოტკა, ჟელინსკი - ლოსანო ოსიმენი, კვარაცხელია.
ტრავმა: რასპადორი.

კომენტარები

ბოლო ამბები