Thumbnail

ბორჯღალოსნების მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი რაგბი ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩში ესპანეთთან დამაჯერებელი გამარჯვებით (41:3) კმაყოფილი დარჩა. მაისაშვილმა ტორელავეგაში გამართული თამაში, რომელშიც მეტოქეს 7 ლელო (აქედან 6 ხაზის მორაგბეებმა დადეს) დავუდეთ, რაგბის კავშირის ვებ-გვერდთან შეაფასა.

ლევან მაისაშვილი (საქართველოს რაგბის ნაკრების მწვრთნელი): “წელს ეს ჩვენი გუნდის მესამე თამაში იყო და ლოგიკურია, რომ კარგი ხარისხი ვაჩვენეთ. ყველაზე კარგი ისაა, რომ გუნდს გათვითცნობიერებული აქვს, რამდენად მნიშვნელოვანია დავალებების შესრულება. ერთადერთი, რითაც უკმაყოფილო ვარ, დისციპლინაა. მსაჯის გადაწყვეტილებები ბევრ კითხვას აჩენს, თუმცა ამ კუთხით სამუშაო გვაქვს. რაგბი ევროპაზე რატომღაც მსაჯები ჩვენს მიმართ გადამეტებულ სიმკაცრეს იჩენენ, მაგრამ აუცილებლად უნდა ვისწავლოთ ემოციების მართვა. წინააღმდეგ შემთხვევაში უფრო მაღალი დონის გუნდი ამდენ შეცდომას არ გვაპატიებს.

როგორც შეტევაში, ასევე დაცვაში, რაც დავგეგმეთ, შევასრულეთ და ბევრი კარგი მომენტი გვქონდა. მიუხედავად იმისა, რომ ესპანეთი გადახალისებული შემადგენლობით დაგვიხვდა, ის ჩვენთვის მუდამ იყო და რჩება სახიფათო მოწინააღმდეგედ. იმ გუნდად, რომელიც ყოველთვის ბოლომდე იბრძვის, განსაკუთრებით საკუთარი გულშემატკივრის წინაშე, თუმცა, ჩვენ მათ წარმატების არანაირი შანსი არ დავუტოვეთ, რაც ნამდვილად იძლევა კმაყოფილების საბაბს.

ირლანდიელმა მსაჯმა ესპანეთთან 3 ქართველი მორაგბე გაასინბინა, მათ შორის, ერთ-ერთი გელა აფრასიძე იყო

მატჩის მიწურულს არ გავრისკეთ და ტრავმირებული მერაბ შარიქაძე მოედნიდან გავიყვანეთ, მიუხედავად იმისა, რომ ის წინააღმდეგი იყო. 12 კაცით არ დავრჩებოდით, რომ არა მსაჯის უცნაური გადაწყვეტილება, რომელმაც გატანილი ლელო გააუქმა და მოედნის ცენტრში ჯარიმა დანიშნა, თანაც ისე, რომ სერგო აბრამიშვილს ყვითელი ბარათი აჩვენა, არადა ის ამ ეპიზოდთან საერთოდ არ იყო კავშირში. მეტოქე მოლში აშკარა თამაშგარიდან თამაშობდა და ის ძალისმიერად გავიყვანეთ. ასევე საეჭვო იყო გელა აფრასიძის სინბინი, განსაკუთრებით იმის ფონზე, რომ ესპანელების დარღვევებზე მსაჯს რეაგირება არ ქონდა.

შეთქმულების თეორიების არ მჯერა, მაგრამ ყველაფრისთვის უნდა ვიყოთ მზად და ვარჯიშებზე განვიხილავდით სცენარს, როგორ უნდა გვემოქმედა თუ მოედანზე კაცნაკლული დავრჩებოდით. გუნდი მზად არის უარესი ვარიაციებისთვის და სწორედ ამიტომ, შეცვლებს დაგეგმილზე უფრო ადრე ვაკეთებთ, რაც ტრავმის შემთხვევაში ერთგვარი რისკია და ასე მოხდა შარიქაძის შემთხვევაში. მისი შემცვლელი უბრალოდ არ გვყავდა, მაგრამ ფაქტია, გუნდმა 14, 13 და 12 კაცის ამარა, თავი კარგად დაიცვა და ესპანეთს ლელო არ გაატანინა”.

შეგახსენებთ, რომ ბორჯღალოსნებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპი მაქსიმალური შედეგით დაასრულეს და 5 მარტს, ნახევარფინალში, რუმინეთს უმასპინძლებენ. ესპანეთთან მატჩის მერე, ქართველმა მორაგბეებმა კლუბებს მიაშურეს, რუმინეთთან მატჩისთვის კი კვირას შეიკრიბებიან. როგორც მაისაშვილმა აღნიშნა, ნახევარფინალისთვის შემადგენლობაში მინიმალური ცვლილებები თუ იქნება.

კომენტარები

ბოლო ამბები