- 📅 21 თებერვალი | 🏟 დოიჩე ბანკ პარკი | ⌚ 23:55 | ⚽ აინტრახტი V ნაპოლი
- ოლივერ გლასნერის და მარიო გიოტცეს მატჩისწინა პრესკონფერენცია
ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში ნაპოლი სტუმრად ფრანკფურტის აინტრახტს დაუპირისპირდება. მატჩის წინ გერმანული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ოლივერ გლასნერმა და ფეხბურთელმა მარიო გიოტცემ პრესკონფერენცია გამართეს. როგორც ავსტრიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, ნაპოლი არაიტალიურ ფეხბურთს თამაშობს, ყურადღება კი, ხვიჩა კვარაცხელიასა და ვიქტორ ოსიმენის გარდა, სხვებსაც უნდა მიაქციონ.
ოლივერ გლასნერი (აინტრახტის მწვრთნელი): "ძალიან კმაყოფილები ვართ, რომ აქ ვიმყოფებით. ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში გასვლა ჩვენი ერთ-ერთი მიზანი იყო. ნაპოლისთან დიდებული თამაში გველის, ჩვენი მიზანი კი ნათელია - მომდევნო ეტაპზე გასვლა. ვიცით, რომ ნაპოლი ძალიან ძლიერია, მაგრამ ჩვენც კარგ ფორმაში ვართ. მჯერა, რომ სავსე სტადიონზე განსაკუთრებული ატმოსფერო იქნება. მეტოქის თამაში გავაანალიზეთ. არაიტალიური გუნდია, რომელიც თითქმის ყოველთვის ერთნაირი შემადგენლობით თამაშობს, 2-3 ფეხბურთელი თუ იცვლება. ცხადია, კვარა და ოსიმენი ძალიან მაგრები არიან, მაგრამ მათ გარდა, სხვებიც უნდა შევზღუდოთ. ნაპოლის დაცვაც ძლიერია, ცოტა გოლს უშვებს. მეტოქე არ თამაშობს იტალიური გუნდებისთვის დამახასიათებელ ფეხბურთს და ამისთვისაც მზად ვართ".
მარიო გიოტცე (აინტრახტის ფეხბურთელი): "კვარაცხელია და ოსიმენი ძალიან მაღალი დონის ფეხბურთელები არიან, საკმარისია შევხედოთ, მინდორზე რას აკეთებენ. თავიანთ შესაძლებლობებს ყველა მატჩში აჩვენებენ და "სკუდეტოს" მოგების დიდი შანსი აქვთ. მოუთმენლად ველი, ამ ფეხბურთელებს როდის დავუპირისპირდები".
შეგახსენებთ, რომ აინტრახტი ნაპოლის ისტორიაში ორჯერ შეხვდა და ორჯერვე დაამარცხა: 1994/95 წლების სეზონში, უეფას თასზე (1:0 შინ, 1:0 სტუმრად).
კომენტარები