- ხვიჩა კვარაცხელია ევროპულ სუპერვარსკვლავებში პოზიციებს იმყარებს
- კვარაცხელია და ოსიმენი არავის ინდობენ! ნაპოლის მე-20 მოგება 23 ტურში
ხვიჩა კვარაცხელია თვეების წინ თუ სერია A-ში ლიდერობდა, ახლა ევროპის TOP 5 ლიგებშიც საუკეთესოთა შორისაა; მისი და ვიკტორ ოსიმენის ტანდემი კვლავ პირველ ადგილზეა...

მან სასუოლოსთან მატჩში მხოლოდ მსოფლიო კლასის გოლი კი არ გაიტანა, 3 პოტენციურად საგოლე პასი გააკეთა, 4-ჯერ დრიბლინგით გაცდა მეტოქეს და WhoScored-მა 8.75 ქულით მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა. შეფასებებით მეორე, რა თქმა უნდა, მისი პარტნიორი შეტევაში ვიკტორ ოსიმენი იყო - 8.17.
გახსოვთ, ალბათ, სერია A-ს საუკეთესო ფეხბურთელობისთვის მიმდინარე ბრძოლაში ნიგერიელი მხოლოდ ერთი მეასედი ქულით ჩამორჩებოდა კვარას, ამ მატჩმა კი სხვაობა გაზარდა. მართალია, ოსიმენმა ბრწყინვალე გოლი გაიტანა, მაგრამ მომენტებიც ანიავა (ერთხელ ხვიჩას პასით უბრალოდ ვალდებული იყო გაეტანა), ამიტომაც ქულა კი მოემატა, მაგრამ მხოლოდ სამი მეასედით.
WhoScored-ის მიმდინარე რეიტინგში ხვიჩა კვარაცხელიას საშუალო შეფასება 23 ტურის შემდეგ 7.64-ია, რაც წინა ტურთან შედარებით 0.06 ქულით მეტია. ქართველი ფეხბურთელი სეზონში 6-ჯერ დაასახელეს მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად, ის ამ მაჩვენებლით ლიდერ ლაუტარო მარტინესს (ინტერი) დაეწია; 10 გოლით მე-4 პოზიციაზეა (ოსიმენი - 18, ლაუტარო - 13, ლუკმანი - 12); 9 საგოლე პასით ისევ პირველზეა, რადგან მის მდევარ მილინკოვიჩ-სავიჩს არ უთამაშია; საშუალოდ 1.7 დრიბლინგით მე-2 ადგილზე გადავიდა და მხოლოდ რაფაელ ლეაო (1.8) უსწრებს.
სერია A-ს საუკეთესო ფეხბურთელები [WhoScored]
1. ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი) – 7.64 (+0.06)
2. ვიკტორ ოსიმენი (ნაპოლი) – 7.60 (+0.03)
3. პაულო დიბალა (რომა) – 7.42 (0)
4. სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩი (ლაციო) – 7.33 (0)
5. ლაუტარო მარტინესი (ინტერი) – 7.28 (0)
ათეულში ასევე არიან: მარიო რუი (ნაპოლი. 7.23), მატია ძაკანი (ლაციო. 7.18), ლუკას მარტინესი (ფიორენტინა. 7.18), კიმ მინ-ჯაე (ნაპოლი. 7.14) და ადრიენ რაბიო (იუვენტუსი. 7.14). ხვიჩა აუცილებლად მოხვდება ტურის სიმბოლურში, როგორც კი ტურის ბოლო მატჩი ტორინოსა და კრემონეზეს შორის დასრულდება.
ქართულ-ნიგერიული ტანდემი კვლავ რჩება სერია A-ს სამაგალითო წყვილად - კვარას პასებით ოსიმენმა 6 გოლი გაიტანა, ბოლო ტურში მათ მე-7 ვერ შემატეს მონაგარს, რაც ცალსახად ნიგერიელი ფორვარდის ბრალია - ხვიჩამ ის მეკარესთან პირისპირ გაიყვანა. თუმცა ვერც მდევრებმა (მილინკოვიჩ სავიჩი-იმობილე 5) იყოჩაღეს. იმობილემ კი შეასრულა დუბლი, მაგრამ, რატომღაც, ლაციოს სერბი მაესტრო სკამზე დატოვეს.
ბენზემა ისევ ჩამოიტოვა, ლევანდოვსკიც

სასუოლოსთან თამაშმა TOP 5 ლიგების რეიტინგში ხვიჩა კვარაცხელიას დიდი წინსვლა მოუტანა, ის მე-9 პოზიციიდან მე-6-ზე გადავიდა! ქარიმ ბენზემას ოსასუნასთან არ უთამაშია, მის რეიტინგს არაფერი შეემატა (არც დააკლდა), ამიტომ კვარაცხელიამ ფრანგს ისევ გაუსწრო, ჩამოიტოვა ტრავმირებული გაბრიელ ჟეზუშიც და რობერტ ლევანდოვსკიც, არადა, ბარსელონას პოლონელმა ცენტრფორვარდმა კადისთან გოლით გამოიჩინა თავი.
წარუმატებელი მატჩი ჰქონდა ერლინგ ჰაალანდს ნორვეგიელი 10-ეულიდან გავარდა, თუმცა ხვიჩას კილიან მბაპემ გადაუსწრო, მან საოცარი შეფასება მიიღო ლილთან 4:3 მოგებულ შეხვედრაში - 9.76.
TOP 5 ლიგების საუკეთესო ფეხბურთელები [WhoScored]
1. ლიონელ მესი (პსჟ) – 8.40 (+0.01)
2. მარტინ ტერიე (რენი) – 7.71 (0)
3. ნეიმარი (პსჟ) – 7.71 (+0.03)
4. კილიან მბაპე (პსჟ) – 7.66 (+0.10)
5. კირან ტრიპიერი (ნიუკასლი) – 7.65 (-0.01)
6. ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი) – 7.64 (+006)
7. ქარიმ ბენზემა (რეალი) – 7.64 (0)
8. რობერტ ლევანდოვსკი (ბარსელონა) – 7.62 (0)
9. გაბრიელ ჟეზუში (არსენალი) – 7.61 (0)
10. ვიკტორ ოსიმენი (ნაპოლი) – 7.60 (+0.03)
3 ათასამდე ფეხბურთელს შორის მესი ერთადერთია, ვისაც საშუალოდ 8 ქულაზე მეტი აქვს, ხუთეულში პსჟ-ს სამი სუპერვარსკვლავია, რაც აღარავის უკვირს. თუ შემდეგ ტურში ემპოლისთანაც თავს გამოიჩენს, ხვიჩას ხუთეულში პირველად შესვლის შესანიშნავი შანსი აქვს.
TOP 5 ლიგების საუკეთესო ტანდემები
ხვიჩა კვარაცხელია ➡ ვიკტორ ოსიმენი (ნაპოლი) – 6
ლიონელ მესი ➡ კილიან მბაპე (პსჟ) – 6
კევინ დე ბრუინი ➡ ერლინგ ჰაალანდი (მანჩესტერ სიტი) – 6
ბრუნო ფერნანდეში ➡ მარკუს რაშფორდი (მანჩესტერ იუნაიტედი) - 5
სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩი ➡ ჩირო იმობილე (ლაციო) – 5
ალასან პლეა ➡ მარკუს ტურამი (გლადბახი) – 5.
კომენტარები