- ლაშა ნადირაძეს თელ ავივის გრანდ სლემზე სენსაციურად აღებული ბრინჯაო დაუფასდა
- ბექა ღვინიაშვილი ისრაელში ჩემპიონი გახდა და მსოფლიოში უკვე მეორე პოზიციაზეა
ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ (IJF) თელ ავივის გრანდ სლემის შემდეგ რეიტინგი განაახლა და ცვლილებები ქართველ ძიუდოისტებსაც შეეხოთ. შეგახსენებთ, რომ გასულ ტურნირზე საქართველოს ნაკრების წარმომადგენლებმა 3 მედალი მოიპოვეს: ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ.) და ბექა ღვინიაშვილი (90 კგ.) ჩემპიონები გახდნენ, ლაშა ნადირაძე (66 კგ.) კი ბრინჯაოს დაეუფლა.
თავდაპირველად, სწორედ თელ ავივის გრანდ სლემის პრიზიორებზე ვთქვათ. მარგველაშვილი (4 470) 3 ადგილით დაწინაურდა, მსოფლიოში მესამეა და მხოლოდ მოლდოველი დენის ვიერუსა (7 305) და იაპონელი ჰიფუმი აბეს (4 600) ჩამორჩება, მოწინავე ხუთეულში კი მონღოლი ბასხუუ იონდონპერენლეი (4 414) და ისრაელის ნაკრების წევრი ბარუხ შმაილოვიც (4 251) შედიან. ერთბაშად 269 (!) პოზიციით დაწინაურდა ნადირაძე და 85-ე პოზიციაზეა, გიორგი თუთაშვილი (1 004) 45-ეა, ხოლო ბაგრატ ნინიაშვილი (910) – 48-ე.
წინსვლა განიცადა (2 ადგილით დაწინაურდა) ღვინიაშვილმაც და შესაბამისად, 90 კგ-მდე წონითი კატეგორიის ლიდერთა სამეულში უკვე 2 ქართველი ძიუდოისტია. ბექამ 5 533 ქულა მოაგროვა და მე-2 პოზიციაზეა, მას კვალში ლუკა მაისურაძე (5 300) უდგას, პირველი უზბეკი დავლატ ბობონოვია (5 798), საუკეთესო ხუთეულში კი იაპონელი სანშირო მურაო (5 300) და კუბელი ივან ფელიპე სილვა მორაესიც (4 670) შედიან. 90 კგ-შივე ლაშა ბექაური (3 060) მეთერთმეტეა.

მსოფლიო კლასიფიკაციის სათავეში ორი ქართველი ძიუდოისტი რჩება. ლაშა შავდათუაშვილი (6 935) 73 კგ-მდე წონით კატეგორიას ლიდერობს, ხოლო ტატო გრიგალაშვილი (9 046) – 81 კგ-ს. 73-ში შავდათუაშვილს კვალში მონღოლი ცოგტბაატარ ცენდ-ოჩირი (5 526), აზერბაიჯანელი ჰიდაიატ ჰეიდაროვი (5 416), ბრაზილიელი დანიელ კარნინი (4 685) და კანადელი არტურ მარგელიდონი (3 918) უდგანან, გიორგი ტერაშვილი (2 361) კი მეთვრამეტეა.
81 კგ-ში საუკეთესო ხუთეულში ბელგიელი მატიას კასე (7 055), აზერბაიჯანელი საეიდ მოლაეი (5 430), ბრაზილიელი გილერმე შმიდტი (4 701) და თურქი ვედატ ალბაირაკი (4 345) შედიან, ხოლო გიორგი შერაზადიშვილს (1 013) 45-ე პოზიცია უკავია.
100 კგ-მდე წონით კატეგორიაში ლიდერობის დათმობა მოუხდა ილია სულამანიძეს (5 702). მან მე-2 ადგილზე გადაინაცვლა, პირველობა კი ხელთ ნიდერლანდელმა მიხაელ კორელმა (5 743) იგდო, რომელმაც თელ ავივის გრანდ სლემზე ვერცხლის მედალი მოიპოვა. მოწინავე ხუთეულში არიან აზერბაიჯანელი ზელიმ კოცოიევი (5 666), პორტუგალიელი ჟორჟე ფონსეკა (4 666) და კანადელი შადი ელნაჰასიც (4 646), ვარლამ ლიპარტელიანი (2 801) მეთოთხმეტეა, ონისე სანებლიძე (2 720) – მე-15, გიორგი ბერიაშვილი (1 415) კი – 31-ე.

უმჩატეს 60 კგ-მდე წონით კატეგორიაში ქართველთაგან საუკეთესო შედეგი გიორგი სარდალაშვილს (3 790) აქვს, რომელიც მე-7 ადგილზეა. მეთორმეტეა თემურ ნოზაძე (2 628), ლუხუმ ჩხვიმიანს (2 621) მე-13 პოზიცია უკავია, ჯაბა პაპინაშვილს (1 246) კი – 36-ე. ლიდერთა ხუთეული ასე გამოიყურება: იუნგ ვეი იანგი (ტაივანი, 6 415), ბალაბაი აღაიევი (აზერბაიჯანი, 4 887), ჰარიმ ლი (სამხრეთ კორეა, 4 702), ფრანსისკო გარიგოსი (ესპანეთი, 4 324), რიუჯუ ნაგაიამა (იაპონია, 4 120).
ყველაზე მძიმე +100 კგ-მდე წონაში 5 პოზიცია დათმო და მე-8 საფეხურზე გადაინაცვლა გურამ თუშიშვილმა (3 815), გელა ზაალიშვილი (2 472) 6 ადგილით დაქვეითდა და მეცხრამეტეა, საბა ინანეიშვილი (1 365) 31-ეა, ლევან მატიაშვილი (681) – 54-ე, ირაკლი დემეტრაშვილი (511) კი – 66-ე. ამ წონაში ლიდერებში ტემურ რახიმოვი (ტაჯიკეთი, 5 935), ალიშერ იუსუპოვი (უზბეკეთი, 4 576), ცეცენცენგელ ოდხუუ (მონღოლეთი, 4 498), ენდი გრანდა (კუბა, 4 167) და იურ სპიიკერსი (ნიდერლანდები, 4 116) შედიან.
ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის რეიტინგში მორიგ ცვლილებებს ტაშკენტის გრანდ სლემის შემდეგ უნდა ველოდეთ, რომელიც 3-5 მარტს არის დაგეგმილი. ამჟამინდელი ინფორმაციით, უზბეკეთის დედაქალაქში ტატამიზე 10 ქართველი ძიუდოსტი (8 კაცი, 2 ქალი) გავა: ლუხუმ ჩხვიმიანი (60 კგ.), ბაგრატ ნინიაშვილი (66 კგ.), ლევან გუგავა (81 კგ.), ბექა ღვინიაშვილი, უშანგი მარგიანი (ორივე – 90 კგ.), ონისე სანებლიძე, ვარლამ ლიპარტელიანი (ორივე – 100 კგ.), გელა ზაალიშვილი (+100 კგ.), ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ.), სოფიო სომხიშვილი (+78 კგ.).
კომენტარები