Thumbnail

"ენფილდზე" და "ვალდშტადიონზე" ერთდროულად ჩემპიონთა ლიგის ორი მერვედფინალური მატჩია - ინგლისში ლივერპული რეალ მადრიდს მასპინძლობს, გერმანიაში კი აინტრახტი - ნაპოლის. რა უნდა მომხდარიყო, რომ ორი საფეხბურთო გრანდის დაპირისპირება საქართველოში მეორე დუელის ჩრდილში მოქცეულიყო? ხვიჩა კვარაცხელია უნდა "მომხდარიყო"...

პარიზში რეალმა 1:0 მოუგო ლივერპულს და თასს მე-14-ედ დაეუფლა

მართლაც, ჩვენს ქვეყანაში მხოლოდ ლივერპულისა და რეალის თავგადაკლული ფანები არჩევენ პირველ დაპირისპირებას, დანარჩენი საქართველო კი ხვიჩას მორიგი გაბრწყინების იმედით აინტრახტისა და ნაპოლის თამაშს "ჩაუჯდება".

როცა გასული სეზონის ლიგის ფინალში რეალმა ვინისიუს ჟუნიორის გოლით 1:0 დაამარცხა ლივერპული და მორიგი ტიტული შემატა ისედაც მდიდარ მუზეუმს, კარლო ანჩელოტიმ თქვა, რომ "წითლები" უფრო იოლი გასაშიფრები აღმოჩდნენ, ვიდრე ზოგიერთი გუნდი, რომლებიც "სამეფო კლუბს" ფინალამდე გადაეყარნენ. ასეთი ფრაზები კი არ ავიწყდებათ. 

ლივერპულმა ბოლოს ფორმა აკრიფა, 2:0 ნიუკასლთან

იურგენ კლოპი ამბობს, რომ ლივერპულს ორი სუპერმატჩის გამართვა სჭირდება, რომ რეალი გაიაროს, აი, "სამეფო კლუბს" კი ამის აუცილებლობა არ აქვს, შეიძლება დიდებულად ვერ ითამაშოს, მაგრამ გასვლის შანსი მაინც ჰქონდეს. "მოხარული ვარ, რომ თამაში ახლაა და არა რამდენიმე კვირით ადრე, როცა ფორმაში არ ვიყავით. ველი "ენფილდს" ჩვეულ "ფორმაში", მოდი, ერთად გადავლახოთ ეს ბარიერი", - განაცხადა გერმანელმა სპეციალისტმა. 

"დიდებული დაპირისპირება გველის, "ენფილდზე" საოცარი სანახაობა იქნება, ისევე, როგორც "ბერნაბეუზე", - ეს უკვე იტალიელი სპეციალისტის სიტყვებია. 

საინტერესო ფაქტები

🟠 ეს გუნდები ერთმანეთს მეათედ ხვდებიან, 5 მატჩი რეალმა მოიგო, 3 - ლივერპულმა. 

🟠 ამ გუნდების ბოლო 6 დაპირისპირებიდან ლივერპულს ერთიც არ მოუგია (რეალმა 5 მოიგო და 1 ფრედ დაასრულა). 

🟠 რეალს ლივერპულთან ბოლო სამ გასვლით შეხვედრაში გოლი არ გაუშვია.

🟠 ლივერპულმა ბოლო 23 საშინაო მატჩიდან მხოლოდ ერთი დათმო (16 მოგება, 6 ფრე).

🟠 რეალმა ჩემპიონთა ლიგაზე ინგლისში გამართული ბოლო 7 მატჩიდან მხოლოდ ერთი მოიგო (2 ფრე, 4 მარცხი).

🟠 მწვრთნელის რანგში კარლო ანჩელოტიმ ლივერპულთან 11 მატჩიდან 6 მოიგო და მხოლოდ 2 დათმო. 

🟠 ლივერპულის ბოლო 9 მერვედფინალური მატჩიდან ჩემპიონთა ლიგაზე მხოლოდ ერთში გავიდა 2.5 გოლზე მეტი. 

სავარაუდო შემადგენლობები

ლივერპული (4-3-3): ალისონ ბეკერი - ალექსანდერ-არნოლდი, მატიპი, ვან დეიკი, რობერტსონი - ჰენდერსონი, ფაბინიო, ბაიჩეტიჩი - სალაჰი, ნუნიესი, გაკპო
ტრავმა: ლუის დიასი, ტიაგო ალკანტარა, კონატე (?)

რეალი (4-3-3): კურტუა - კარვახალი, მილიტაო, რიუდიგერი, ალაბა - მოდრიჩი, სებალიოსი, კამავინგა - ვალვერდე, ბენზემა, ვინისიუსი
ტრავმა: კროოსი, მენდი, ჩუამენი, ბენზემა (?). 

კომენტარები

ბოლო ამბები