Thumbnail
  • UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონი სეხუდოსთან მაისში იჩხუბებს
  • ალჯამეინ სტერლინგი ამის შემდეგ დივიზიონის შეცვლას აპირებს  

UFC-ის მოქმედმა ჩემპიონმა სუპერმსუბუქ წონაში ალჯამეინ სტერლინგმა ყოფილ ჩემპიონ ჰენრი სეხუდოსთან ბრძოლის თარიღი და ადგილი გამოაცხადა. 

ალჯამეინის თქმით, ქამრისთვის დაპირისპირება 6 მაისს (თბილისის დროით 7 მაისს), ლას ვეგასში, ტურნირ UFC 288-ში გაიმართება, თუმცა თავად ორგანიზაციას ბრძოლა ოფიციალურად ჯერჯერობით არ გამოუცხადებია.

"ამას ყველანი დიდი ხანია ელოდებით. ჰენრი სეხუდოს წინააღმდეგ 6 მაისს ვიბრძოლებ. ეს ბიჭი კარგად ერკვევა ჭიდაობასა და ზოგადად, ММА-ში. არ მაღელვებს მისი გამოხდომები, მის მიმართ მეტისმეტად სერიოზული დამოკიდებულება მაქვს", - თქვა სტერლინგმა თავის პოდკასტში. 

ჰენრი სეხუდოს MMA-ში ზედიზედ 6 მოგება აქვს

33 წლის ალჯამეინ სტერლინგმა ბოლო ბრძოლა ტი ჯეი დილაშოუს წინააღმდეგ, 2022 წლის ოქტომბერში ჩაატარა და მეორე რაუნში ტექნიკური ნოკაუტით გაიმარჯვა. მის ანგარიშზე MMA-ში 22 მოგება და 3 მარცხია. 

36 წლის სეხუდო, რომელიც თავისუფალ ჭიდაობაში 2008 წლის პეკინის ოლიმპიადის გამარჯვებულია, UFC-ის ჩემპიონის ქამარს კი მსუბუქი და სუპერმსუბუქი წონის დივიზიონებში ფლობდა, ბოლოს ოქტაგონზე 2020 წლის მაისში გავიდა და დომინიკ კრუზს მეორე რაუნდში, ტექნიკური ნოკაუტით აჯობა. მის ანგარიშზე MMA-ში 16 მოგება და 2 მარცხია. 

ალჯო დივიზიონის შეცვლას და ასპარეზის მერაბისთვის დათმობას აპირებს

შეგახსენებთ, ალჯამეინ სტერლინგი UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონია, მისი ქართველი მეგობარი მერაბ დვალიშვილი (15-4 ММА, 8-2 UFC) კი დივიზიონის რეიტინგში მესამე პოზიციას იკავებს. სტერლინგს ნათქვამი აქვს, რომ სეხუდოსთან ბრძოლის მოგების შემდეგ, დივიზიონს შეიცვლის და ასპარეზს დვალიშვილს დაუთმობს. თავის მხრივ მერაბი მორიგ ორთაბრძოლას 12 მარტს, ლას ვეგასში, რეიტინგის მეორე ნომერთან, რუს პიოტრ იანთან (16-4 ММА, 8-3 UFC) ჩაატარებს.

კომენტარები

ბოლო ამბები