Thumbnail

შოთა არველაძეს ბოლოს თვეების წინ, ინტერვიუზე შევხვდი. დასრულებისას საერთო ფოტოც ვთხოვე და ისიც ვუთხარი, რომ მთელს ქართულ სპორტში ერთადერთი ადამიანია, ვისაც ამას ყოველთვის ვთხოვ.

გულწრფელად, ცოტა გაუკვირდა, ერთი, წარსულის მართლა ძალიან დიდი ქართველი ფეხბურთელი შემახსენა და მკითხა, მასთან ერთად ფოტოს ჩემთვის წინ რა უდგას?! მოკლედ ვუთხარი, რომ ის სხვა ისტორიაა. დეტალებზე ლაპარაკის არც დრო იყო და პრინციპში შოთის სამუშაო ურთიერთობის მიღმა არც ვიცნობ. მხოლოდ რამდენჯერმე შევხვედრილვარ.

საქმე ისაა, რომ შოთი ქართული სპორტისთვის მართლა სულ სხვა ისტორიაა. ქართული სპორტისთვის კი არა, მთელი ქართული საზოგადოებისა და სახელმწიფოსთვის. ის ყოველთვის ისეთ რაღაცებს განასახიერებდა, რაც ჩვენ ასე ძალიან გვაკლდა. ახლავე აგიხსნით.

ქართული სპორტი საბჭოთა პერიოდში ჩამოყალიბდა. ჩვენ დღემდე პოსტსაბჭოთა საზოგადოება ვართ. როგორი იყო საბჭოთა სპორტის ოსტატის თუ კულტურის მუშაკის კარიერული გზა?! ძალიან მარტივი. სახელმწიფო მთელი ცხოვრება აღიარებდა შენს წარმატებას და გიქმნიდა შემდეგ გარანტირებულ, კომფორტულ, თბილ ადგილს საზოგადოებასა თუ სახელმწიფოში. საბჭოთა სისტემა სასიცოცხლოდ დაინტერესებული იყო, რომ სპორტი და კულტურა, ანუ ის ადამიანები, ვინც სრულიად სამართლიანად უყვარს ხალხს, მისადმი ლოიალური ყოფილიყო. სწორედ ამიტომ, ერთი დიდი წარმატება ამ სფეროებში რესპექტაბელურ და პატივსაცემ ადგილს ნიშნავდა საზოგადოებრივ ასპარეზზე, ათწლეულების მანძილზე.

აქედან მივდივართ ერთ ძალიან საბჭოთა, თან ძალიან ქართულ სენამდე - ეს არის მცირე მიღწევით დაკმაყოფილების უნარი, ცოტაზე გაჩერების და შემდეგ ათწლეულები ამ მიღწეულის ფონზე შენი თავით და ხშირად სრულიად დამსახურებული სახალხო სიყვარულით ტკბობის თვისება. ადამიანებს ვერც დაადანაშაულებ - თავად სისტემა, გარემო ქმნიდა ამას. ერთი წარმატების შემდეგ გარანტირებულ, კომფორტულ ადგილს გპირდებოდა.

...და რა არის შოთა არველაძის მთელი კარიერა?! მუდამ ახლის ძიება, მუდამ მიღწეულით არდაკმაყოფილება, მუდამ ახალი გამოწვევა - სვლა გამოწვევიდან გამოწვევამდე, სვლა ჩემპიონურად და ღირსეულად. ტრაპზონსპორს აიაქსი და აიაქსს გლაზგოს რეინჯერსი მოჰყვა. ის აიაქსი და რეინჯერიც სხვა გუნდები იყო, ვიდრე ამავე დასახელების მათი თანამედროვე ანალოგებია. ლუი ვან გაალის გუნდს ზედიზედ ორი ჩემპიონთა ლიგის ფინალი ჰქონდა ნათამაშები, რეინჯერსში ვარსკვლავთცვენა იყო.

1996:  საქართველო 0:2 ინგლისი | შოთა არველაძე, ტონი ადამსი, სოლ კემპბელი, გარეთ საუთგეიტი და პოლ ინსი

ამის შემდეგაც, 32 წლის კაცი, მტკივანი მუხლით და ქრონიკული ტრავმებით ალკმაარში მიდის და ამ გუნდის ისტორიაში ვან გაალთან ერთად ალბათ ერთ-ერთ საუკეთესო მონაკვეთს ქმნის. მიღწეულით არდაკმაყოფილების და გამოწვევის, საკუთარი თავის გამოცდის, მუდამ კონკურენციაში ყოფნის, ძალიან ევროპულ, დასავლურ ღირებულებასთან მივდივართ.

შოთა ყველასგან განსხვავებულია, რადგან ეს გზა, ეს სამყარო და ეს ფასეულობები ბნელი 90-იანებიდან წასულმა ბიჭმა აღმოაჩინა და აირჩია. ძალიან ბევრი შოთაზე არანაკლები, ან შეიძლება მეტი ტალანტიც, ამ ევროპულ ფასეულობებს თუ პრინციპებს ვერ მოერგო და ვერ გაუგო. მით უმეტეს იმ დროს, ინტერნეტამდელ ეპოქაში - რა ვიცოდით თუნდაც თეორიულად იმ ფასეულობების შესახებ?! ჩვენ არ ვიცოდით. შოთამ იცოდა და ასე იცხოვრა და ევროპულ ჩემპიონატებში ამიტომაც აქვს 196 გოლი შეგდებული.

"უცნაურია, ამხელა კაცია და მაინც ყველაზე მონდომებით ვარჯიშობს, მაგის გვერდით ვერ გაჩერდები" - მითხრა ერთხელ ერთმა დინამოელმა, ჩემმა კარგმა მეგობარმა, ალბათ ერთი 20-22 წლის ასაკში. შოთი ზაფხულის არდადეგების დროს დინამო თბილისთან ერთად ვარჯიშობდა და მისი ჟინი, გამარჯვებისკენ სწრაფვა და არგაჩერების სურვილი, როგორც ყოველთვის, ყველას თვალში ხვდებოდა.

ის კი არა - „მე, შოთა არველაძე ვარ, ლეგენდა ვარ და ცოტა თავი უნდა დავზოგო, იქნებ მეკუთვნის კიდეც“... არა! ყველგან და ყველაფერში დახარჯვის პროფესიული ჩვევა. რა მნიშვნელობა აქვს, სად ხარ?! რეინჯერსს აგებინებ გლაზგოურ დერბის, ალკმაარს ეხმარები ჩემპიონობაში თუ დინამოს ახალგაზრდებთან ერთად ინარჩუნებ ფორმას - შენი თავის მაქსიმალურად გაღება, შენი ხასიათის, პროფესიონალიზმის და ღირსების საქმეა. შოთა სულ ასეთი იყო, ქართული რეალობისგან სულ ასე გამორჩეული და ამიტომაც შეძლო ევროპულ ფეხბურთში 15 წელი დარჩენა.

ვან გაალთან ერთად ალკმაარში ამ გუნდის ისტორიის ერთ-ერთი გამორჩეული მონაკვეთი შექმნა

ზემოთ ფოტოს ამბავი გითხარით. კარიერის დასრულების შემდეგ ხომ შეეძლო, სადმე ბიზნესში ან პოლიტიკაში ეპოვა თავისი თავი, ან უბრალოდ მშვიდად ყოფილიყო და დამსახურებული ლეგენდის სტატუსით ისტორიები მოეთხრო ჩვენთვის. ეს ძალიან ქართული ისტორია იქნებოდა, პოსტსაბჭოთა საქართველოსთვის სახასიათო. ასეც არ ქნა - მწვრთნელის რანგში თავს ახალი გამოწვევა მისცა, თან იქ, სადაც ნულიდან უნდა დაეწყო. არ ქნა ის, რომ თავისი სახელი და ლეგენდა გაეყიდა და რაიმეში გადაეხურდავებინა.

არის შოთა ისეთივე დიდი მწვრთნელი, როგორიც ფეხბურთელი?! ნამდვილად არა, ამ ეტაპზე მაინც. მაგრამ მთავარი ის არის, რომ იბრძვის და გამოწვევების, სიახლეების, კონკურენტული გარემოსი არ ეშინია.

ზოგადად, ჩემთვის ისიც სახასიათო და მრავლისმთქმელია, რომ ჩვენებურ, ქართულ "კლანურობას" – საბჭოურ „მე გაგიკეთე-შენ გამიკეთეს“ თავს არიდებს. თითქოს არც ერევა - თავი შორს უჭირავს. მესმის კიდეც. სხვანაირად აქვს ნაცხოვრები და ადამიანს ვან გაალის შემდეგ „საქმეების დალაგებებში" მოხვედრა რომ არ უნდა, გასაგებია.

ამის მიღმა რამდენი სიხარული და სიამაყეა. 90-იანებში შოთის გოლებს ხალხი გენერატორებზე უყურებდა და ელოდებოდა. იმ დანგრეულ ქვეყანას ბევრი სიამაყე და სიხარული მისცა. იცოდი, რომ „არ გამიმართლა“ და „მწვრთნელმა ამომიჩემა“ ისტორიები შოთა არველაძეზე არ მოქმედებს. სადაც არ უნდა იყოს, გამოვა და გაიტანს. გუნდის ლიდერიც იქნება, ყველა მას მოუსმენს და მის მაგალითს აიღებს.

ლიდერობაზე გამახსენდა. რომც არ იცოდე, ვინ არის, ოთახში რომ შემოვა, იგრძნობ, რომ რაღაც განსაკუთრებული მოხდა. ჩემს თავზეც გამომიცდია და სხვებისგანაც მსმენია ეს ამბავი. განსაკუთრებული, ვარსკვლავური თვითრწმენა და შინაგანი ძალა აქვს. როგორი ძნელია, რომ 90-იანი წლების საქართველოდან წასულს ეს ვარსკვლავური აურა და ენერგია გქონდეს. შოთას ჰქონდა - ძალიან ბუნებრივი. ზოგს ეს თითქოს აღიზიანებდა კიდეც - მასშტაბი და სიდიდე ყველას არ უყვარს. ხომ იცით, შიშის თუ კომპლექსის ამბავიცაა.

26 გოლი აქვს საქართველოს ნაკრებში. ყველაზე მეტი. მე ერთი გოლი მიყვარს განსაკუთრებით - შოტლანდიასთან, გლაზგოში, თავით რაღაც სასწაულებრივად ჩაწვა. მცველმა განძრევაც ვერ მოასწრო, ისეთი შეაგდო.

ზემოთ ევროპული ფასეულობები ვახსენე. ამასთან ერთად ისიც უნდა ითქვას, რომ შოთამ ევროპაში ძალიან ქართული, ჩვენებური ქუჩის ფეხბურთის აურა და სილაღეც ჩაიტანა. მას აქვს გოლები და მოძრაობები, რომელსაც ზუსტად იცი, რომ ფეხბურთზე არ ასწავლიან, თბილისის ქუჩებიდან მოდის. ლამაზი, სხარტი და მოულოდნელი.

მისი ღირსება ისიც იყო, რომ შეეძლო, ვან გაალის ტაქტიკურ სქემებში და დისციპლინაშიც ეპოვა თავისი თავი და თან სტილი, ორიგინალურობა და მოულოდნელობა არ დაეკარგა. ქართულის და ევროპულის, ჩვენებურის და დასავლურის საუკეთესო კომბინაციას ქმნიდა. ამიტომაც მგონია, რომ დღესაც, და მით უმეტეს იმ წლებში, ეს კაცი იმის სიმბოლო იყო, როგორებიც გვინდა, რომ ვყოფილივით და ვერ ვიყავით.

მისი სიყვარული ფეხბურთის მიმართ ბავშვური, ძალიან სუფთა და ნაღდია. როცა ფეხბურთზე ლაპარაკობს, მაშინვე ხვდები, ეს თამაში მისთვის რა მნიშვნელოვანია, რა დიდი სიყვარულია. თავის გოლზე გიყვება და ბავშვივით უხარია. ხვდები, მისთვის ეს არ არის არც ბიზნესი, არც საქმე, არც პროფესია და არც თამაში - მისი ნაწილია, მთელი მისი ცხოვრებაა. ძალიან ნაღდი და ალალი სიყვარული აქვს - შეუძლებელია, ეს არ იგრძნო.

დღეს შოთა 50 წლის გახდა. კარგი მიზეზია, რომ მადლობა ვუთხრათ, იმ ყველაფრისთვის, რაც მან გააკეთა.

კომენტარები

ბოლო ამბები