Thumbnail
  • 'მართალი გითხრათ, ის ბიჭი, კვარაცხელია, რომელიც ფლანგზე თამაშობს, აქამდე არ მენახა'
  • ნაპოლის ყოფილმა ფეხბურთელმა ქართველ ტალანტზე ისაუბრა

იტალიის ნაკრებისა და ლონდონის არსენალის ნახევარმცველმა ჟორჟინიომ მისი ყოფილი კლუბის ნაპოლის ასპარეზობა შეაფასა და მათ შორის, ქართველ ტალანტ ხვიჩა კვარაცხელიაზეც ისაუბრა.

“ისინი მინდორზე საოცარ რამეებს სჩადიან. მართალი გითხრათ, ის ბიჭი, კვარაცხელია, რომელიც ფლანგზე თამაშობს, აქამდე არ მენახა. ოსიმენს ვიცნობდი. მის წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგაში მითამაშა და მახსოვს, რომ ჩვენი მცველები ძალიან გააწვალა. ოსიმენის თაობაზე ჯუნტოლიმ დამირეკა და აზრი მკითხა, დაუფიქრებლად ვუპასუხე, რომ აუცილებლად აეყვანა. ფაქტია, რომ ოსიმენი და კვარაცხელია დაფრინავენ და ყველაფერი კარგად მისდით. ნაპოლის ის ენერგია აქვს, რომელიც ჩემპიონობისთვის არის საჭირო”.

ცნობისთვის, 31 წლის ჟორჟინიო ნაპოლის ღირსებას 2014-18 წლებში იცავდა. 2017-18 წლების სეზონში მისმა გუნდმა სერია A-ში 91 ქულა მოაგროვა, თუმცა, სკუდეტო მაინც ვერ მოიგო, რადგანაც ტურინის იუვენტუსმა 95 ქულა მიითვალა. ბრაზილიური ფესვების მქონე იტალიელს ისიც ჰკითხეს, რომელი ნაპოლი უფრო უკეთესი იყო, ის ძველი თუ ახლანდელი.

“კარგი კითხვაა, თუმცა, გამიჭირდება გადაჭრით რამე გითხრათ. ფაქტი ისაა, რომ მაშინ მაგარი სეზონი გვქონდა და ჩვენი ქომაგებიც კმაყოფილები იყვნენ. ის ფეხბურთი მაგრად მოსწონდათ, თუმცა, იმედგაცრუებაც დიდი იყო. ნაპოლი ყოველთვის ჩემს გულში იქნება. იქ დღემდე ბევრი მეგობარი მყავს”.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია ნაპოლიმ გასულ ზაფხულს 10 მილიონ ევროდ შეიძინა. მიმდინარე სეზონში ქართველმა ფეხბურთელმა ყველა ტურნირზე ჩატარებულ 24 მატჩში 12 გოლი გაიტანა, 12 საგოლე პასი გააკეთა და 3-ჯერ პენალტი მოიპოვა. დღეს, კვარაცხელია და მისი თანაგუნდელები ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფის ეგიდით ფრანკფურტის აინტრახტს დაუპირისპირდებიან.

კომენტარები

ბოლო ამბები