Thumbnail

დანი ალვეში ციხეში რჩება - სასამართლომ გირაოთი გათავისუფლებაზე უარი თქვა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური

ბრაზილიის ნაკრების მცველ დანი ალვეშს, რომელიც გაუპატიურების ბრალდებით ესპანეთის ციხეში იმყოფება, გირაოთი არ გათავისუფლებენ. 

ამის შესახებ ინფორმაციას ესპანური მედია აცრცელებს, რომლის ცნობით, ბარსელონის სასამართლომ 39 წლის ფეხბურთელის დაცვის მხარის თხოვნა არ დააკმაყოფილა და დაადგინა, რომ დანი ალვეში წინასწარი დაკავების იზოლატორში სასამართლო სხდომამდე დარჩება. 

ბარსელონასთან ახლოს მდებარე ციხე ბრიანს 2, სადაც დანი ალვეშია მოთავსებული

ბრაზილიელი ფეხბურთელის ადვოკატებს სურდათ, დანის პატიმრობა ნებისმიერი თანხის გირაოთი გათავისუფლებით შეეცვალათ, მათ შორის, ადგილმდებარეობის დამდგენი ელექტრონული სამაჯურის გამოყენებითა და პასპორტის ჩამორთმევით. დაცვის მხარე მზად იყო იმაზეც, რომ ალვეში ყოველდღიურად გამოცხადებულიყო სასამართლოში. 

შეგახსენებთ, რომ ბრაზილიელი მცველი ღამის კლუბში 23 წლის ქალის გაუპატიურებაშია ბრალდებული და მას თავისუფლების 12 წლით აღკვეთა ემუქრება. ჯერჯერობით უცნობია, როდის გაიმართება სასამართლო სხდომა.

ბრაზილიის ნაკრების მცველი მუნდიალის შემდეგ შვებულებას ესპანეთში ატარებდა

ინციდენტი, რის გამოც დანი ალვეში პატიმრობაშია, ბარსელონას ერთ-ერთი ღამის კლუბში, გასული წლის 30 დეკემბერს მოხდა. ბრაზილიელი მცველი, რომელსაც კარიერის განმავლობაში სევილიაში, ბარსელონაში, იუვენტუსსა და პარი სენ-ჟერმენში უთამაშია და ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ტიტულოვანი მოთამაშეა, ბოლოს მექსიკურ პუმასში გამოდიოდა, რომელმაც სკანდალის შემდეგ კონტრაქტი გაუწყვიტა. 

კომენტარები

ბოლო ამბები