Thumbnail
  • ამანსიო ამარომ სამეფო კლუბში დიდი ერა შექმნა
  • ბოლოს ის რეალის საპატიო პრეზიდენტი იყო

რეალ მადრიდმა თავის ისტორიაში ერთ-ერთი განსაკუთრებული ფეხბურთელი დაკარგა: ამანსიო ამარო გარდაიცვალა.

“სამეფო კლუბმა” სამწუხარო ინფორმაცია სამშაბათს დილით დაადასტურა. ესპანეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი, რომელიც ბოლოს რეალის საპატიო პრეზიდენტი გახლდათ, 83 წლისა გარდაიცვალა.

“რეალი უსამძიმრებს მის მეუღლეს, კონსუელოს, ასევე შვილებს, ოსკარს, ბელენს, ამანსიოს, პატრიციას, მარკოსს და კლაუდიას, ძმას, შვილიშვილებს და ყველა მის ახლობელსა და კოლეგას.” - ვკითხულობთ მადრიდული გრანდის განცხადებაში.

ამარო რეალში 1962 წელს, ლა კორუნიის დეპორტივოდან გადავიდა. მაშინ ის 22 წლის გახლდათ და მადრიდულ კლუბში დიდი ეპოქა შექმნა. მარჯვენა გარემარბმა რეალთან ერთად ჯამში 9-ჯერ იზეიმა ესპანეთის ჩემპიონობა და 1966 წელს მოიგო ჩემპიონთა თასი. ფინალში, რომელიც რეალმა ბელგრადის პარტიზანთან 2:1 მოიგო, ამაროს გოლი აქვს გატანილი, რომლითაც ანგარიში გაათანაბრა.

1965 წლის რეალი: ქვედა რიგში, მარცხნიდან მეორე ამანსიო ამარო, მეოთხე ფერენც პუშკაში და მეხუთე ფრანსისკო ხენტო

1964 წელს ამარო ესპანეთის ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონი გახდა, ნახევარფინალში კი უნგრეთთან გამარჯვების გოლი გაიტანა (2:1) და “ფურია როხა” ფინალში გაიყვანა. იმავე წელს ამანსიო ოქროს ბურთის რეიტინგში მესამე ადგილზე გავიდა და პოდიუმზე გახლდათ. ცოტა ხნის წინ ამარო რეალის საპატიო პრეზიდენტად დაასახელეს და მან გარდაცვლილი ფრანსისკო ხენტო შეცვალა.

კომენტარები

ბოლო ამბები