- ბასილაშვილი 6:7 (3:7), 7:6 (10:8), 4:6 მიულერი
- ქართველმა ჩოგბურთელმა მსოფლიოს 170-ე ჩოგანთან მოწოდება 6-ჯერ წააგო
30 წლის ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი კატარის დედაქალაქ დოჰაში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 1 485 775 დოლარი) ძირითად ბადეში “იღბლიანი წაგებულის” სტატუსით მოხვდა, თუმცა, შანსი ვერ გამოიყენა და პირველივე წრეში წააგო.
ბასილაშვილი ფრანგ ალექსანდრ მიულერს გაეჯიბრა და მსოფლიოს 170-ე ჩოგანთან 6:7 (3:7), 7:6 (10:8), 4:6 წააგო. საინტერესოა, რომ ნიკოლოზი საწყის ორ სეტში 5:3-ს იგებდა, თუმცა, ორივე შემთხვევაში დაბრეიკდა. პირველ შემთხვევაში, ტაი-ბრეიკზე ფრანგმა იმარჯვა, მეორეში კი, ნიკამ 3 მატჩ-პოინტი გადაარჩინა და ასევე ტაი-ბრეიკზე მოიგო.

ქართველმა ჩოგბურთელმა გადამწყვეტი სეტიც ბრეიკით გახსნა, შემდეგ, ზედიზედ 4 გეიმი დათმო და მართალია, წონასწორობა აღადგინა, საბოლოოდ, მაინც დამარცხდა. მოკლედ, ისეთი არასტაბილური თამაში იყო, ბასილაშვილის მხრიდან ადრეც რომ ხშირად გვინახავს...
მატჩი ორ საათსა და 41 წუთს გაგრძელდა გაგრძელდა და ნიკამ 9 ეისი მოაწოდა, თუმცა, 6 ორმაგი შეცდომაც დაუშვა. მან 7-დან 5 ბრეიკ-პოინტი გამოიყენა და ეს, ნამდვილად კარგი მაჩვენებელია, თუმცა, თავად მოწოდება 6-ჯერ წააგო, რაც გადამწყვეტი ფაქტორი აღმოჩნდა.
როგორც უკვე ვწერდით, ბასილაშვილმა Qatar Exxonmobil Open 2023-ის კვალიფიკაციის საწყის რაუნდში თურქი ჩემ იკელი 6:3, 7:5 დაამარცხა, გადამწყვეტ წრეში კი დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელ ლიამ ბროადის ვერ გაუმკლავდა – 4:6, 3:6, თუმცა, ერთ-ერთი მონაწილის ტრავმის გამო, ძირითად ბადეში მაინც მოხვდა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პირველ ჩოგანს კატარული ტურნირი 2021 წელს მოგებული აქვს, შარშან კი ფინალი ითამაშა. ორივე შეხვედრაში ქართველი ჩოგბურთელის მეტოქე ესპანელი რობერტო ბაუტისტა აგუტი იყო.
კომენტარები