Thumbnail

ნახევარფინალი თბილისში, ფინალი ესპანეთში - ბორჯღალოსნების განრიგი ცნობილია

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ქართველი მორაგბეები რუმინელებს 5 მარტს უმასპინძლებენ
  • გადამწყვეტი მატჩები 19 მარტს ესპანეთის ქალაქ ბადახოსში შედგება

რაგბი ევროპამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ რაგბი ევროპის ჩემპიონატის წლევანდელი სეზონის გადამწყვეტი მატჩები ესპანეთში ჩატარდება და ცხადია, ეს, მასპინძლებს გარკვეულ უპირატესობას ანიჭებს.

გაირკვა ისიც, რომ საქართველოს ნაკრები ტურნირის ნახევარფინალში რუმინელებს 5 მარტს უმასპინძლებს, ფინალის მე-2 საგზურისთვის კი, პორტუგალია ესპანეთს 4 მარტს დაუხვდება.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლიდან რაგბი ევროპის ჩემპიონატი ახალი ფორმატით ტარდება. 2023 წლიდან ტურნირში 6-ის ნაცვლად 8 ნაკრები იღებს მონაწილეობას, რომლებიც ორ 4-გუნდიან ჯგუფში იყვნენ გადანაწილებულნი.

ბორჯღალოსნებმა A ჯგუფში სამივე მატჩი (გერმანიასთან, ნიდერლანდებთანა და ესპანეთთან) იოლად მოიგეს და შესაბამისად, ნახევარფინალში B ჯგუფის მეორეადგილოსან რუმინეთს შეხვდებიან. ასევე ჯვარედინი პრინციპით შედგა პორტუგალიისა და ესპანეთის წყვილიც.

რაგბი ევროპის გადაწყვეტილებით, ფინალი და მატჩი მე-3 ადგილისთვის 19 მარტს ესპანეთის ქალაქ ბადახოსში შედგება, ხოლო ქვედა ოთხეული (ნიდერლანდები, ბელგია, პოლონეთი, გერმანია) მეხუთე-მერვე ადგილებისთვის ნიდერლანდების დედაქალაქ ამსტერდამში ითამაშებს.

შეგახსენებთ, რომ ბორჯღალოსნებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის ბოლო 5 გათამაშებაში იმარჯვეს, უკანასკნელი 15 ტურნირიდან კი 13 აქვთ მოგებული. სულ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს აღნიშნული შეჯიბრი ჩემპიონის რანგში 14-ჯერ აქვს დასრულებული.

კომენტარები

ბოლო ამბები