- მეცის ქართველი ფორვარდის მიმართ იტალიაში სერიოზული ინტერესი არსებობს
- 22 წლის ფეხბურთელი ზაფხულში უდინეზეს მთავარი სატრანსფერო სამიზნე იქნება
საქართველოს ნაკრების კიდევ ერთი ფეხბურთელი, რომელიც მომავალ სეზონში სერია A-ში შესაძლოა ვიხილოთ, გიორგი მიქაუტაძეა. ფრანგული მეცის 22 წლის თავდამსხმელი ლიგა 2-ში მშვენიერ სეზონს ატარებს, 23 მატჩში გატანილი 11 გოლითა და შესრულებული 5 საგოლე პასით, ჩემპიონატის ბომბარდირობისთვის იბრძვის და ყურადღებას უფრო ძლიერი ლიგების კლუბებიდან იპყრობს.
ერთ-ერთი კლუბი, რომელიც გიორგის დამატების შესაძლებობას განიხილავს, სერია A-ს უდინეზეა. იტალიური მედია ამ შესაძლო ტრანსფერზე კიდევ ერთხელ წერს.

"უდინეზე ჩემპიონატში მოახლოებული მატჩების ემზადება, თუმა ამავდროულად, კლუბის ხელმძღვანელობა მომავალი სეზონისთვის ბაზარზე მოქმედებას იწყებს. პორტუგალიის ნაკრების თავდამსხმელი ბეტო ჩემოდნების ჩალაგებას აპირებს, კლუბს კი მისი შემცვლელის მოძიება დასჭირდება და ხელმძღვანელობამაც სამი კანდიდატი უკვე შეარჩია.
მათგან უპირველესი კი ქართველი გიორგი მიქაუტაძეა, რომლის შესაძლებლობებს ყველა მაღალ შეფასებას აძლევს. შესაძლოა, მან იტალიური ფეხბურთის უმაღლეს დივიზიონში თამაშის შანსი მიიღოს. მეორე კანდიდატი სპეციას ანგოლელი ფორვარდი მბალა ნზოლაა, მესამე კი - არგენტინული ტიგრეს თავდამსხმელი მატეო რეტეგი", - წერს Mondoudinese.
შეგახსენებთ, რომ კიდევ ერთი იტალიური კლუბი, რომელსაც ადგილობრივმა მედიამ ბოლო დროს გიორგი მიქაუტაძე დაუკავშირა, სერია B-ში მოთამაშე ჯენოაა. რაც შეეხება უდინეზეს, რომელსაც ანდრეა სოტილი წვრთნის, სერია A-ს გასულ 23 ტურში 30 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-10 ადგილს იკავებს.
გიორგი მიქაუტაძეს მეცთან კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული, Transfermarkt კი მის საბაზრო ფასად 3 მილიონ ევროს ასახელებს. 22 წლის თავდამსხმელს საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 13 მატჩი აქვს ჩატარებული, რომლებშიც 2 გოლითა და 1 საგოლე პასით გამოირჩა.
კომენტარები