Thumbnail
  • რაგბი ევროპაზე ჯგუფური ეტაპის საუკეთესო მოთამაშის გამოსავლენად გამოკითხვა დაიწყო
  • ნომინანტთა შორის ორი ბორჯღალოსანი - დავით ნინიაშვილი და აკაკი ტაბუცაძე მოხვდა

რაგბი ევროპის ჩემპიონატზე ჯგუფური ეტაპის საუკეთესო მოთამაშის გამოსავლენად გამოკითხვა დაიწყო. რაგბი ევროპამ 8 მონაწილე ნაკრებიდან ორ-ორი მორაგბე შეარჩია, მათთვის ხმის მიცემა კი ამ ბმულზეა შესაძლებელი.

ბორჯღალოსანთა მხრიდან გამოკითხვაში მონაწილეობას დავით ნინიაშვილი და აკაკი ტაბუცაძე იღებენ. ცნობისთვის, ტაბუცაძემ ჯგუფური ეტაპის მატჩებში 5 ლელო მიითვალა, ნინიაშვილმა კი – 2. რაგბი ევროპამ მათ შესაბამისი დახასიათებაც დაურთო.

დავით ნინიაშვილი – “როგორც მოსალოდნელი გახლდათ, ნინიაშვილის ყურება ერთი სიამოვნება იყო. მისი მაგია იგრძონობოდა ყველაფერში, იქნებოდა ეს დარტყმა, სირბილი, ბურთის წაღება თუ პასი. ახალგაზრდა ფულბეკმა 3 პასს 2 ლელო წაამატა საქართველოს ნაკრებისთვის, რომელიც ტიტულის შესანარჩუნებლად იბრძვის”.

აკაკი ტაბუცაძე – “ის ფანების ერთ-ერთი მთავარი ფავორიტია, როგორც შავ ლომში, ასევე – საქართველოს ნაკრებში. ჯგუფურ ეტაპზე ეროვნული გუნდის მთავარი მელელოვე იყო. რაც ყველაზე საინტერესოა, მას 5 ლელოსთვის ბევრი მცდელობა სულაც არ დასჭირვებია. ბურთთან ერთად სასიკვიდილოდ საშიშია და მეტსახელი “ვერცხლისფერი ტყვიაც” სრულიად შეესაბამება”.

აკაკი ტაბუცაძემ ჯგუფურ ეტაპზე 5 ლელო მიითვალა

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლიდან რაგბი ევროპის ჩემპიონატი ახალი ფორმატით ტარდება. ტურნირში 6-ის ნაცვლად 8 ნაკრები იღებს მონაწილეობას, რომლებიც ორ 4-გუნდიან ჯგუფში იყვნენ გადანაწილებულნი.

ბორჯღალოსნებმა A ჯგუფში სამივე მატჩი (გერმანიასთან, ნიდერლანდებთანა და ესპანეთთან) იოლად მოიგეს და შესაბამისად, 5 მარტს, ნახევარფინალში B ჯგუფის მეორეადგილოსან რუმინეთს შეხვდებიან. ასევე ჯვარედინი პრინციპით შედგა პორტუგალიისა და ესპანეთის წყვილიც.

რაგბი ევროპის გადაწყვეტილებით, ფინალი და მატჩი მე-3 ადგილისთვის 19 მარტს ესპანეთის ქალაქ ბადახოსში შედგება, ხოლო ქვედა ოთხეული (ნიდერლანდები, ბელგია, პოლონეთი, გერმანია) მეხუთე-მერვე ადგილებისთვის ნიდერლანდების დედაქალაქ ამსტერდამში ითამაშებს.

შეგახსენებთ, რომ ბორჯღალოსნებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის ბოლო 5 გათამაშებაში იმარჯვეს, უკანასკნელი 15 ტურნირიდან კი 13 აქვთ მოგებული. სულ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს აღნიშნული შეჯიბრი ჩემპიონის რანგში 14-ჯერ აქვს დასრულებული.

კომენტარები

ბოლო ამბები