Thumbnail

მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ციკლის ბოლოსწინა ტური ისე დასრულდა, ქართველი ქომაგი უკეთესს ვერც ინატრებდა.

მთავარი ის იყო, რომ ნიდერლანდებში მოგება (88:80) მოახერხა საქართველოს ნაკრებმა, ჩვენი ჯგუფის დარჩენილ 2 თამაშში კი სწორედ ისეთი შედეგები დაფიქსირდა, როგორც სატურნირო თვალსაზრისიდან გვაწყობდა. კერძოდ, უკრაინამ იტალიაში 75:85 წააგო, ხოლო ისლანდია ესპანეთთან 61:80 დამარცხდა.

ჯანმარკო პოცეკოს გუნდმა გადამწყვეტი უპირატესობა ბოლო მეოთხედში მიიღო, რომელშიც 27:18 იმარჯვა. თამაშს 2 გმირი ჰყავდა: ნიკო მანიონიმ 28 ქულა ჩააგდო, ხოლო მარკო სპისუმ – 21. მათ 4-4 სამქულიანი გამოიყენეს. უკრაინელთა მხრიდან იუსუფ სანონი (15), არტიომ პუსტოვიი (11), ანდრიი ვოინალოვიჩი (11) და ვიაჩესლავ ბობროვი (10) გამოირჩნენ.

ნიკო მანიონმა უკრაინას 28 ქულა ჩაუგდო

ძირფესვიანად გადახალისებულ ესპანეთის რიგებში საუკეთესო მიგელ სალვო იყო 18 ქულით, პეპ ბუსკეტსმა 11 ქულა ჩააგდო, ხოელ პარამ – 10, ხოლო ტაისონ პერეზმა 4 ქულას 13 მოხსნა წააამატა. ისლანდიელთაგან ტრიგვი ჰლინასონი (13), იონ აქსელ გუდმუნდსონი (11), სიგტრიგურ ბიორნსონი (10) და აეგირ სტეინარსონი (10) აქტიურობდნენ. 

რა მივიღეთ შედეგად? ბოლო ტურის წინ ილიას ზუროსის შეგირდებს 5 მოგება მოუგროვდათ, ისლანდიასა და უკრაინას კი, შესაბამისად, 4 და 3 გამარჯვება შერჩათ.

ამგვარად, მსოფლიოს პირველობის უკანასკნელი საგზურისთვის ბრძოლას (ესპანეთსა და იტალიას ფინალურ ეტაპზე თამაში აქამდეც განაღდებული ჰქონდათ) ოფიციალურად გამოეთიშა უკრაინა.
აინარს ბაგატსკისის გუნდი დასკვნით შეხვედრაში აუტსაიდერ ნიდერლანდებს მიიღებს, თუმცა, ცხადია, რომ საქართველოსთან ჩამორჩენას ვეღარ აღმოფხვრის.

ტაისონ პერეზის ესპანეთმა ისლანდიაში დამაჯერებლად მოიგო

სამაგიეროდ, 26 თებერვალს დიდი ამბავი იქნება თბილისში, სადაც საქართველო ისლანდიას დაუხვდება და მოგების შემთხვევაში, მიზანი მიღწეული იქნება, თუმცა, გასულმა ტურმა კიდევ ერთი უპირატესობა მოგვცა.

საქმე ის გახლავთ, რომ საქართველოს ნაკრებს რეიკიავიაკში 88:85 აქვს მოგებული, ამდენად, მსოფლიოს პირველობაზე გადამწყვეტ მატჩში თუნდაც 2 ქულით წაგებაც (შესაძლოა, სამითაც, ოღონდ, ამ შემთხვევაში, ანგარიშს გააჩნია) კი გვეყოფა. თითქოს ბევრი არაა, თუმცა, თუკი თამაში ქულა-ქულაში წავიდა, მატჩის ბოლოსკენს ეს პატარა უპირატესობა ნამდვილად არ იქნება.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატი 25 აგვისტოდან 10 სექტემბრის ჩათვლით აზიის სამ ქვეყანაში – ფილიპინებში, იაპონიასა და ინდონეზიაში ჩატარდება. ამ დროისთვის, იქ თამაშის უფლება უკვე 17 ნაკრებს აქვს მოპოვებული, ამდენად, დარჩენილია 15 საგზური. ფინალში უკვე გასულები არიან: იაპონია, ფილიპინები, ჩინეთი, კოტ დ’ივუარი, ახალი ზელანდია, ლიბანი, კანადა, ავსტრალია, ფინეთი, გერმანია, ლატვია, იტალია, ესპანეთი, სლოვენია, ლიეტუვა, საფრანგეთი და საბერძნეთი.

 

კომენტარები

ბოლო ამბები