Thumbnail

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა მსოფლიოს 2023 ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ნიდერლანდები სტუმრად 88:80 დაამარცხა, რითაც მსოფლიოს ჩემპიონატისკენ ძალიან დიდი ნაბიჯი გადადგა.

მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე ილიას ზუროსმა და გიორგი შერმადინმა ისაუბრეს. ორივემ ხაზი გაუსვა მუნდიალის ფინალურ ეტაპზე მოხვედრის მნიშვნელობას, ბერძენი სპეციალისტის თქმით, ნიდერლანდები უკვე წარსულია და ახლა მხოლოდ ისლანდიასთან მატჩზე უნდა იფიქრონ.

ილიას ზუროსი (საქართველოს ნაკრების მწვრთნელი): "ძალიან მნიშვნელოვანი თამაში იყო. მსოფლიოს ჩემპიონატზე გასასვლელად მოგება გვჭირდებოდა და დღეს პირველი ნაბიჯი გადავდგით. ახლა კვირას, ისლანდიასთან გველოდება შეხვედრა და ჩვენი ნაკრებისა და მთლიანად ქვეყნისთვის ეს ყველაზე დიდი გამოწვევაა. ახლა მხოლოდ ისლანდიასთან თამაშზე ვართ ფოკუსირებული. ვულოცავ ნიდერლანდების ნაკრებსაც კარგ თამაშს, ახალგაზრდა თაობა ჰყავს, რომლებმაც ძალიან კარგად ითამაშეს და დიდი წინააღმდეგობა გაგვიწიეს.

მთავარია, რომ შედეგს მივაღწიეთ. ვულოცავ გამარჯვებას ჩემს კალათბურთელებს, სტაფს, ფანებს, რომლებიც დარბაზშიც იყვნენ, ფედერაციას. აუცილებლად უნდა შევეხო თორნიკე შენგელიას სიტუაციას, რომელმაც დღეს ითამაშა, ახლა გაფრინდება და ხვალ კლუბში ითამაშებს, შემდეგ კი ისევ ნაკრებს დაუბრუნდება.

პირველ ტაიმში ვნერვიულობდით, ბევრი შეცდომა დავუშვით, მეორე ტაიმში უფრო კონცენტრირებულები და მოტივირებულები ვიყავით. კიდევ ერთხელ ვიმეორებ: ეს თამაში უკვე წარსულია და ახლა ისლანდიასთან ფინალის ტოლფას შეხვედრაზე უნდა ვიფიქროთ. დღეს დარბაზში მშვენიერი ატმოსფერო იყო. კიდევ ერთხელ მადლობა ჩვენს გულშემატკივრებს, რომლებიც გარდამტეხ მომენტში ძალიან დაგვეხმარნენ".

გიორგი შერმადინი (საქართველოს ნაკრების კალათბურთელი): "ბედნიერები ვართ, დღეს ძალიან მნიშვნელოვანი თამაში მოვიგეთ. პირველიდან ბოლო წამამდეძალიან რთული მატჩი იყო. ამიტომ, გამარჯვებით ძალიან ბედნიერები ვართ. ყოველთვის ჩემს საქმეს ვაკეთებ და ვცდილობ გუნდს დავეხმარო. ჩვენთვის ეს პირველი მსოფლიოს ჩემპიონატი იქნება, ამას დიდი ხანი ველოდით და ყველაფერს ნიშნავს. დიდებული შანსი გვაქვს და ისლანდიასთან უნდა მოვიგოთ. მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაში რაღაც განსაკუთრებულია და მთელი საქართველო ამას ელოდება".

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები შესარჩევი ეტაპის ბოლო ტურში 26 თებერვალს, ისლანდიის ნაკრებს უმასპინძლებს. საქართველოს ნაკრებს რეიკიავიაკში 88:85 აქვს მოგებული, ამდენად, მსოფლიოს პირველობაზე გადამწყვეტ მატჩში თუნდაც 2 ქულით წაგებაც (შესაძლოა, სამითაც, ოღონდ, ამ შემთხვევაში, ანგარიშს გააჩნია) კი გვეყოფა.

კომენტარები

ბოლო ამბები