Thumbnail
  • ლაშა გობაძემ ფინალში თურქ ფალავანს 10:1 სძლია
  • ქართველების მონაგარი ოქრო, 3 ვერცხლი და 2 ბრინჯაოა

ეგვიპტის ქალაქ ალექსანდრიაში მიმდინარე საერთაშორისო სარეიტინგო ტურნირის სტარტი წარმატებული გამოდგა საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრებისთვის.

შეჯიბრზე, რომელიც ეგვიპტელი ოლიმპიური ჩემპიონის – იბრაჰიმ მუსტაფას სახელობის გახლავთ, პრიზიორები უკვე შვიდ წონით კატეგორიაში გამოვლიდნენ და კვარცხლბეკზე 6 ქართველი მოჭიდავეც ავიდა.

ყველაზე დიდ წარმატებას ლაშა გობაძემ მიაღწია, რომელმაც 87 კგ-მდე წონით კატეგორიაში ჩემპიონობა არავის დაუთმო. მან საწყის რაუნდებში ვენესუელელ ლუის ედუარდო ავენდანო როხასსა და ინდოელ კუმარ სუნილს შესაბამისად, 4:0 და 9:1 სძლია, ყველაზე მეტად ნახევარფინალში გაუჭირდა, სადაც შვედ ალექს კესიდისს 1:1-ზე მხოლოდ დამატებითი მაჩვენებლის წყალობით აჯობა, ფინალში კი თურქი ალი ჩენგიზის დამარცხება არ გასჭირვებია – 10:1.

ლერი აბულაძე ფინალში ირანელ მეტოქესთან 7:8 დამარცხდა

ვერცხლის მედლებს დაეუფლნენ ლერი აბულაძე (63 კგ.), ჯონი ხეცურიანი (67 კგ.) და რობერტ კობლიაშვილი (97 კგ.), ხოლო გურამ ხეცურიანსა (87 კგ.) და ზვიად პატარიძეს (130 კგ.) ბრინჯაოს მედლები ერგოთ.

დღეს, პრიზიორთა ვინაობას დარჩენილ სამ წონით კატეგორიაში შევიტყობთ, საქართველოს ნაკრების სახელით კი ხალიჩაზე რამაზ ზოიძე, ოთარ აბულაძე (ორივე – 72 კგ.), იური ლომაძე, საჩინო დავითაია, შმაგი ბოლქვაძე (ყველა – 77 კგ.) და გელა ბოლქვაძე (82 კგ.) გავლენ.

კომენტარები

ბოლო ამბები