- ემპოლი 0:2 ნაპოლი
- მას მერე, რაც ნაპოლი 10 კაცით დარჩა, სპალეტიმ ხვიჩა კვარაცხელია გამოცვალა
ხვიჩა კვარაცხელიამ ზედიზედ 6 შედეგიანი თამაშის (გოლი ან საგოლე პასი) ჩატარების შემდეგ, ემპოლისთან ეს სერია შეწყვიტა. არადა, პირველ ტაიმში ნაპოლის ორივე გოლში მიიღო მონაწილეობა, უბრალოდ, ეს საგოლე პასებში არ აისახა.

სერია A-ს 24-ე ტურის ამ დაპირისპირების ბედი ფაქტობრივად, პირველივე ტაიმში გადაწყდა, რომელიც ნაპოლიმ 2:0 მოიგო. ჯერ ხვიჩამ საჯარიმოს მარჯვენა კუთხეში ჩააწოდა, ნაპოლის ფეხბურთელის დარტყმული კი ემპოლის ალბანელ მცველ ისმაილის მოხვდა და ვიკარიოს კარში გავიდა, შემდეგ ხვიჩას შესანიშნავი დარტყმული ვიკარიომ მოიგერია, მაგრამ იქვე ჩასაფრებულმა ვიკტორ ოსიმენმა თავისი მე-19 გოლი გაიტანა ჩემპიონატში. პირველ ტაიმში ნაპოლი სრულ უპირატესობას ფლობდა (კიმმა ბურთი ძელსაც გაარტყა), თუმცა ერთხელ თამაშში მერეტიც ჩაერთო.
მეორე ტაიმში ქართველი ლეგიონერი ისეთივე აქტიური აღარ იყო, როგორც პირველში, ხოლო მას მერე, რაც მარიო რუიმ წითელი ბარათი მიიღო, ლუჩანო სპალეტიმ ის ელიფ ელმასით შეცვალა. ანგარიში აღარ შეცვლილა. საუკეთესო საგოლე შანსი ისევ ნაპოლის, შეცვლაზე შესულ გაეტანოს ჰქონდა.
ემპოლისთან მატჩში ხვიჩამ კარისკენ 4-ჯერ (პირველ ტაიმში 3-ჯერ) დაარტყა, აქედან ერთი ზუსტი იყო, რომელსაც მოყვა კიდევაც ოსიმენის გოლი. ის ბურთს 36-ჯერ შეეხო, ქართველი ფეხბურთელის პასების 81.5% ზუსტი იყო, ამ თამაშში ხვიჩას წარმატებული დრიბლინგი და მნიშვნელოვანი პასი არ ჰქონია. 6.61 შეფასება WhoScored-ისგან.
ნაპოლი 65 ქულით დამაჯერებლად ლიდერობს და ინტერს უკვე 18 ქულით უსწრებს (ინტერი კვირას თამაშობს). 3 მარტს ხვიჩა და კომპანია "დიეგო არმანდო მარადონაზე" რომის ლაციოს მასპინძლობს.
ხვიჩას სერია კი 13 იანვარს იუვენტუსთან თამაშში დაიწყო, სადაც ქართველმა ფეხბურთელმა გაიბრწყინა - გოლი და 2 საგოლე პასი მიითვალა. ამის შემდეგ იყო საგოლე პასი რომასთან, გოლი და ასისტი სპეციასთან, გოლი კრემონეზესთან, გოლი სასუოლოსთან და საგოლე პასი აინტრახტთან.
ემპოლი 0:2 ნაპოლი
გოლები: 0:1 ისმაილი (17-ავტოგოლი), 0:2 ოსიმენი (28)
ნაპოლი (4-3-3): მერეტი - დი ლორენცო, რაჰმანი, კიმი, რუი - ანგისა (93. გაეტანო), ლობოტკა, ჟიელინსკი (93. ნდომბელე) - ლოსანო (70. ოლივერა), ოსიმენი (84. სიმეონე), კვარაცხელია (71. ელმასი)
გაძევება: რუი (67. ნაპოლი).
კომენტარები