Thumbnail
  • ორლანდო 108:121 ინდიანა
  • ქართველ ცენტრს სადებიუტო თამაში ყოფილ გუნდთან მოუწია

23 წლის ქართველმა კალათბურთელმა გოგა ბითაძემ ახალი კლუბის ორლანდო მეჯიქის მაისურით პირველი მატჩი ჩაატარა და მის დებიუტს, შეგვიძლია, წარმატებული ვუწოდოთ.

საინტერესოა, რომ ბითაძეს პირველივე შეხვედრაში ყოფილ გუნდ ინდიანა პეისერსთან თამაში (108:121) მოუწია და 9 წუთში 6 ქულა, 6 მოხსნა და 1 პასი მიითვალა.

გოგა ბითაძეს ტაირის ჰალიბერტონი და სხვა ინდიანელები თბილად შეხვდნენ

გოგამ პირველივე შეტევაში ენდ ვანი მიითვალა: ბურთი მეტოქის ფარზე მოხსნა და ზუსტად ისროლა, მიუხედავად იმისა, რომ მასზე დაჯარიმდნენ. შემდეგ ქართველმა ცენტრმა სამქულიანიც ჩააგდო და მხოლოდ 1 ტყორცნა გაუცუდდა.

ბითაძეს პასივში 1 პერსონალური ფოლი ჰქონდა, ბურთი არ დაუკარგავს, მისი მოედანზე ყნის პერიოდში კი, მეჯიქმა სტუმრებზე 7 ქულით მეტი ჩააგდო და ეს, მასპინძელთა რიგებში საუკეთესო +/- კოეფიციენტი იყო.

ორლანდოს შემადგენლობაში ყველაზე შედეგიანი გერმანელი ფორვარდი ფრანც ვაგნერი იყო 21 ქულით, ბითაძის გარდა კი, შეხვედრაში მონაწილეობა სამმა ნომინალურმა ცენტრმა მიიღო: ვენდელ კარტერმა (18 წუთი, 5 ქულა, 11 მოხსნა), მორიც ვაგნერმა (21 წუთი, 8 ქულა), ბოლ ბოლმა (22 წუთი, 4 ქულა).

ინდიანას მხრიდან 24 ქულითა და 8 მოხსნით მაილს ტერნერი გამოირჩა, ჯორდან ნვორამ, რომელიც გუნდში სწორედ ბითაძის წასვლის შემდეგ მივიდა, 18 ქულა, 8 მოხსნა და 6 პასი მიითვალა, ბენედიკტ მატურინმა 19 ქულა ჩააგდო, ხოლო ტაირის ჰალიბერტონმა ორმაგი დუბლი შეასრულა – 15 ქულა, 14 პასი.

ორლანდო მეჯიქს 25 მოგება და 36 მარცხი მოუგროვდა და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-13 ადგილზე იმყოფება. ბითაძის კლუბს მომდევნო მატჩი 28 თებერვალს ნიუ ორლეანში პელიკანსთან ელის.

კომენტარები

ბოლო ამბები