Thumbnail
  • საქართველო 77:80 ისლანდია
  • სამქულიანი მარცხის მიუხედავად, ქართველმა კალათბურთელებმა მიზანს მიაღწიეს

ისტორია გადაწერილია! მიზანი, რომლისკენაც ქართული კალათბურთის არაერთი თაობა მიილტვოდა, მიღწეულია. ქვეყნის ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ჯგუფში გამოსვლა მე-3 ადგილზე დაასრულა და ფინალურ ეტაპზე თამაში გაინაღდა, არც აქამდე არასდროს მომხდარა.

ისლანდიასთან გადამწყვეტი მატჩი თბილისის ახალ სპორტის სასახლეში შედგა და თუკი დარბაზში არ ყოფილხართ და იქაური ემოციები არ გაგიზიარებიათ, დაგვერწმუნეთ, ბევრი დაკარგეთ. თამაშის ყველა ბილეთი ლამის ათიოდ დღის წინ გაიყიდა, ამდენად, გასაკვირი არ ყოფილა, რომ ტრიბუნები ბოლომდე გაივსო და თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს თამაში კალათბურთელებმა და ქომაგებმა ერთად მოიგეს.

10 ათასამდე მაყურებელი ბიჭების ბოლომდე მაგრად დაუდგა, მეტოქეს კი ხელი მაქსიმალურად შეუშალა. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს მიზნის მისაღწევად 3 ქულამდე წაგებაც კი ხელს აძლევდა, თუმცა, ეს გულშიც კი არავის გაუვლია. მოგება და მხოლოდ მოგება! ეს ბიჭების თვალებში თავიდანვე ჩანდა და შეუძლებელი იყო, ამ მუხტს შედეგი არ მოეტანა.

სასტარტო ხუთეული: გიორგი ცინცაძე, თად მაკფადენი, დუდა სანაძე, თორნიკე შენგელია, გიორგი შერმადინი. თამაში შენგელიას ზუსტი საჯარიმოებით დაიწყო, ისლანდია 5:2 დაწინაურდა, შემდეგ კი, მაკფადენისა დ შერმადინის ჯერი დადგა. თადმა 2 სამქულიანი ჩააგდო, გიომ კი ზედიზედ 11 ქულა მიითვალა და საქართველოს ნაკრები 19:12 დაწინაურდა. ძალიან კარგი მონაკვეთი იყო, თუმცა, ამას ჩავარდნაც მოჰყვა. ჩვენმა გუნდმა თითქმის 3 წუთი ბურთი ვერ ჩააგდო, ისლანდიამ კი ძირითადად საჯარიმოებით ჩამორჩენა აღმოფხვრა. 19:19 პირველი მეოთხედი შემდეგ.

მცირე შესვენების შემდეგ თამაში ქულა-ქულაში გაგრძელდა. მეტოქეები დიდი სხვაობით დაწინაურებას ვერ ახერხებდნენ, თვალშისაცემი კი ერთი ფაქტი იყო. ქართველ კალათბურთელევს სწრაფი ისლანდიელების ჯარიმის გარეშე შეჩერება ძალიან უჭირდათ, რასაც სტუმრები ძალიან კარგად იყენებდნენ. შედეგად, თუკი მსაჯებმა ისლანდიელები 8-ჯერ დააჯარიმეს, მასპინძლები – 13-ჯერ. ამან ასახვა საჯარიმო სროლებშიც ჰპოვა. მეტოქემ 16-დან 15 ტყორცნა ჩააგდო, საქართველომ კი შვიდივე ზუსტად ესროლა.

დიდი შესვენების წინ, სტუმრებმა მცირე გაქცევა მოაწყვეს და შენგელიას სამქულიანი ძალიან დროული იყო – 42:43. ამ დროისთვის კაპიტანს 10 ქულა ჰქონდა, ყველაზე შედეგიანი კი შერმადინი იყო 17 ქულითა და დიდებული სტატისტიკით – არცერთი აცილებული სროლა: 7 ზუსტი ორქულიანი და სამიც საჯარიმო. ისლანდიელთა რიგებში 16 ქულით შეუჩერებელი გახლდათ ლიტვური რიტასის უკანახაზელი ელვარ ფრიდრიკსონი.

თამაშის ხასიათი არც მე-3 მეოთხედში შეცვლილა, თუმცა, დაძაბულობა პიკს აღწევდა. ამის გამოძახილი იყო, რომ მეტოქეებმა თითო ტექნიკური ჯარიმა მიიღეს, ბოლო ათწუთეულის წინ კი, ისლანდია 62:60-ს იგებდა. ყველაფერი ბოლო წამებზე გადაწყდა, როდესაც სტუმრები რამდენჯერმე 4 ქულით დაწინაურდნენ, თუმცა, საქართველო არ ნებდებოდა, საფინალო სირენამდე 45 ამით ადრე კი, მაკფადენმა უმნიშვნელოვანესი სამქულიანი ჩააგდო და ნანატრი ლიდერობა დავიბრუნეთ - 76:75.

უკანასკნელი წამები ნერვების წყვეტა გამოდგა. მეტოქეებს ისლანდიაში დაფიქსირებული სამქულიანი სხვაობა გონებაში ჰქონდათ და ჯარიმებიც მომრავლდა. საბოლოოდ, ისე გამოვიდა, რომ ისლანდია 80:77-ს იგებდა, როდესაც ზედ საფინალო სირენის წინ სასროლ პოზიციაზე ხსენებული ფრიდრიკსონი დარჩა, თუმცა, სამქულიანი ააცილა და ემოციებმაც იფეთქა. მიუხედავად სამქულიანი მარცხისა, საქართველო მსოფლიოს ჩემპიონატზე გავიდა.

საქართველოს რიგებში ყველაზე შედეგიანი 23 ქულით შერმადინი, მაკფადენმა 17 ქულა ჩააგდო, შენგელიას ანგარიშზე კი 20 ქულა იყო. თოკოს ფაქტორზე აუცილებლად ცალკეც უნდა ითქვას. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ხომ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე ყველაფერი გააკეთა. რომ იტყვიან, თავი გადადოო, სწორედ ასეთი შემთხვევა იყო. 3 მატჩი ოთხ დღეში – ასეთი გრაფიკით ითამაშა თოკომ და თანაც, თამაშსაც ხომ გააჩნია, ყველა მატჩში გამორჩეული იყო. ქართველმა ვარსკვლავმა ისლანდიაში მოგებულ მატჩში 25 ქულა და 6 მოხსნა მიითვალა, შემდეგ ვირტუს ბოლონიაში დაბრუნდა და იტალიურ კლუბს მისივე ყოფილ კლუბ ბასკონიასთან მოგებაში დაეხმარა (18 წუთში 12 ქულა ჩააგდო), დღეს კი, ისლანდიასთანაც გაიბრწყინა.

თუკი ქართველი კალათბურთელებისთვის ევროპის ჩემპიონატზე თამაში უკვე ჩვეულებრივ მოვლენად იქცა (2011 წლის შემდეგ, არცერთი ტურნირი არ გამოგვიტოვებია, ბოლო ტურნირზე კი საერთოდაც ერთ-ერთი მასპინძელი ვიყავით), მსოფლიოს პირველობა ნამდვილად ახალი ხილი იქნება. საქართველოს ნაკრებს ხომ პირველად მიეცემა შანსი ოფიციალურ დონეზე ამერიკულ, აფრიკულ თუ აზიურ ნაკრებებს გაეჯიბროს.

რა დონის ტურნირზეა საუბარი, ეს, ყველასთვის გასაგებია. თავად განსაჯეთ: თუკი ევრობასკეტზე 24 ნაკრები თამაშობს, მსოფლიოს ჩემპიონატზე ევროპელთათვის მხოლოდ 12 ადგილია გამოყოფილი. ამგვარად, იქ გასვლა უკვე უტოლდება ევროპირველობის პლეი-ოფში თამაშს, რაც საქართველოსთვის, როგორც წესი, ურთულესი ამოცანაა ხოლმე.

მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატი 25 აგვისტოდან 10 სექტემბრის ჩათვლით აზიის სამ ქვეყანაში – ფილიპინებში, იაპონიასა და ინდონეზიაში ჩატარდება, ყველა ფინალისტის ვინაობა კი თებერვალში გვეცოდინება.

ამ დროისთვის, მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაშის უფლება უკვე 23 ნაკრებს აქვს მოპოვებული, ამდენად, დარჩენილია 9 საგზური. ფინალში უკვე გასულები არიან: იაპონია, ფილიპინები, ჩინეთი, კოტ დ’ივუარი, ახალი ზელანდია, ლიბანი, კანადა, ავსტრალია, ფინეთი, გერმანია, ლატვია, იტალია, ესპანეთი, სლოვენია, ლიეტუვა, საფრანგეთი, საბერძნეთი, აშშ, იორდანია, სამხრეთ სუდანი, ეგვიპტე, ანგოლა და ირანი.

ტურნირის ფორმატის თანახმად, 32 ნაკრები 8 ოთხგუნდიან ჯგუფში გადანაწილდება, ორ-ორი საუკეთესო მე-2 ჯგუფურ ეტაპზე გადავა, სადაც ოთხ ოთხგუნდიან ჯგუფში მოხვდება, იქიდან გასული ორ-ორი საუკეთესო კი თასისთვის ბრძოლას უკვე პლეი-ოფში გააგრძელებს.

როგორც აღვნიშნეთ, წილისყრა 29 აპრილს შედგება, თუმცა, ცნობილია იმ არჩევანის შესახებ, რომელიც მასპინძელმა ქვეყნებმა გააკეთეს. მოგეხსენებათ, მასპინძლებს უფლება აქვთ ჯგუფში თითო მეტოქე ჯერ კიდევ წილისყრამდე დაასახელონ. შედეგად, უკვე ვიცით, რომ აშშ-ს ნაკრები ფილიპინებში ითამაშებს, სლოვენია – იაპონიაში, ხოლო კანადა – ინდონეზიაში.

კომენტარები

ბოლო ამბები