Thumbnail

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის დასკვნით საკვალიფიკაციო მატჩში ისლანდიასთან 77:80 წააგო, თუმცა, დამატებითი მაჩვენებლების წყალობით, ისტორიაში პირველად, ფინალურ ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა. მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა და კალათბურთელმა ისაუბრეს.

ილიას ზუროსი (საქართველოს ნაკრების მწვრთნელი):

...პირველი ემოციები: “პირველ რიგში, მინდა ვთქვა, რომ ჩემს საკალათბურთო კარიერაში ეს ყველაზე ბედნიერი დღეა. ჩვენ ისტორია შევქმენით და ეს დავიმსახურეთ. თუ ვინმეს არ ახსოვს, მინდა შეგახსენოთ, რომ პირველი საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩვენ 2 მოგება დაგვაკლდა, ისლანდიას კი არაფერი დაჰკლებია. ამ ფანჯრის წინ ვამბობდი, რომ მიზნის მისაღწევად 2 თამაშის მოგება გვჭირდებოდა. ისლანდიასთან თამაში კი წავაგეთ, თუმცა, მაინც ბედნიერები ვართ, რადგანაც საგზური მოვიპოვეთ."

...ქომაგებზე და ქომაგობაზე: "განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო გულშემატკივრებს, რომელიც მთელი შეხვედრის განმავლობაში გვერდში გვედგნენ და როცა ჩამოვრჩით, სწორედ მათი დახმარებით ამოვქაჩეთ!"

...თორნიკე შენგელიაზე და გიორგი შერმადინზე: "ის, რაც თოკო შენგელიამ გააკეთა, ცხოვრებაში არ მინახავს. ის უდიდესი პატრიოტია და ეს კიდევ ერთხელ დაამტკიცა. ძალიან მოკლე დროში საოცარი დატვირთვა გადაიტანა და მიუხედავად ამისა, მაგრად დაგვეხმარა. იგივე შემიძლია ვთქვა გიორგი შერმადინზეც, რომელსაც ესპანეთის თასზე ზედიზედ 3 მატჩი ჰქონდა და მერე ნაკრებისთვის ყველაფერი გაიღო. ბიჭებს ყველას მადლობას ვუხდი, ყველა მაქსიმალურად დაიხარჯა." 

...ისლანდიის ნაკრებზე: "ამ საკვალიფიკაციო ციკლში ესპანეთთან მოგება ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგანაც მათ მხოლოდ ჩვენ ვაჯობეთ და ისლანდიაში საგარეო თამაშში გამარჯვებაც ძალიან დაგვეხმარა. ველოდით, რომ მეტოქე დღეს ასე ითამაშებდა. სწრაფად თამაშობენ, ბევრ სამქულიანს ესვრიან და ეს გასაკვირი არ ყოფილა. დამიჯერეთ, ჩვენც უკეთ თამაში შეგვიძლია, უბრალოდ, გადაღლილობამ მაინც თავისი გაიტანა. არაერთი ჩასაგდები სროლა ავაცილეთ, თუმცა, მთავარი ისაა, რომ საჩვენო შედეგი დადგა."

...თად მაკფადენის შესახებ: "რაც შეეხება მაკფადენს" ის სრულად ჩვენიანია და ყოველთვის ბოლომდე თამაშობს. მან საქართველოს ნაკრებს ყველაფერი მიუძღვნა, რაც შეეძლო. ყოველთვის გულით თამაშობს ხოლმე. დღეს მას ჰქონდა, როგორც კარგი, ასევე ცუდი მომენტები, მაგრამ მთავარია, რომ გამარჯვებისთვის არაფერი დაუკლია. ეს მოგება იმაში უნდა დაგვეხმაროს, რომ ქვეყანაში კალათბურთი უფრო მეტად განვითარდეს. მეტი მოედანი გვჭირდება და კალათბურთი მეტი ბავშვი უნდა დაინტერესდეს”.

თორნიკე შენგელია (საქართველოს ნაკრების კაპიტანი): “ძალიან ემოციური თამაში იყო. მიჭირს კიდეც გრძნობების გადმოცემა, რომელიც ახლა გვაქვს. ისლანდიამ დიდი ბრძოლა გაგვიმართა, მაგრად დიდი შრომის გაწევის ხარჯზე ვიმარჯვეთ. ყველა მომენტს გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა, ყველა ჩაგდებულ ბურთს, ყველა ჯარიმას, ყველა წამს”.

კრეიგ პედერსენი (ისლანდიის ნაკრების მწვრთნელი): “ბიჭებით ძალიან ამაყი ვარ, მთელი თამაში მაგრად იბრძოლეს, ყველაფერი გაიღეს და მეტოქისთვის არაფერი დაუთმიათ. ამ 10-მატჩიანი შესარჩევი ციკლის წინ ჩვენთვის რომ ეთქვათ, რომ საგზურის ბედი ბოლო მატჩის ბოლო წამებზე გადაწყდებოდა, ამას ვერც დავიჯერებდი. ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ დღეს მოგებისთვის რამე დაგვაკლდა. წარმოიდგინეთ, უკანასკნელ წამებზე ჩვენი საუკეთესო მსროლელი ცარიელი დარჩა და რომ ჩაეგდო, მსოფლიოს ჩემპიონატზე გავდიოდით. მგონი, ამით ყველაფერი ნათქვამია”.

აეგირ სტეინარსონი (ისლანდიის ნაკრების კალათბურთელი): “ძალიან გულდაწყვილი ვართ. მოგებისთვის ყველაფერი გავიღეთ. სულ ცოტა დაგვაკლდა. ვერ ვიტყვი, რომ რაიმე არასწორად გავაკეთეთ”.

კომენტარები

ბოლო ამბები