Thumbnail

ისტორია გადაწერილია! მიზანი, რომლისკენაც ქართული კალათბურთის არაერთი თაობა მიილტვოდა, მიღწეულია. ქვეყნის ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ჯგუფში გამოსვლა მე-3 ადგილზე დაასრულა და ფინალურ ეტაპზე თამაში გაინაღდა, არც აქამდე არასდროს მომხდარა.

ისლანდიასთან ისტორიული მატჩის დასრულების შემდეგ საქართველოს ნაკრების ყოფილ კაპიტანს და ლეგენდას, ვატო ნაცვლიშვილს დავუკავშირდით.

ვატო ნაცვლიშვილი (საქართველოს ნაკრების ლეგენდა):

...პირველი ემოციები: "წავაგეთ, მაგრამ მიზანი მიღწეულია. მადლობა მინდა ვუთხრა ყველას, მოქმედ და ვეტერან კალათბურთელებს, გულშემატკივრებს... მთელ საქართველოს ვულოცავ. ჩვენი ქვეყნისთვის ეს ძალიან დიდი წარმატებაა. ძალიან რთული თამაში იყო, ნიდერლანდებთან მატჩის შემდეგ გამოფიტულები ვიყავით, ერთი სწრაფი შეტევაც ვერ გავაკეთეთ, მაგრამ არ დავნებდით და ბოლომდე მივიყვანეთ საქმე გამარჯვებამდე. სხვანაირად დიდი გამარჯვებები არ მოდის. ოპტიმისტი ვარ და დარწმუნებული ვარ, იქაც გავაკეთებთ ჩვენს გასაკეთებელს. ჩვენი მომდევნო მიზანი ოლიმპიადაზე მოხვედრაა, მაგრამ იქამდე ჯერ ძალიან დიდი მანძილია."

...გადამწყვეტ მომენტებზე და თამაშის ხარისხზე: "ამ ორ თამაშში საკვანძო იყო ნიდერლანდებთან ბერიშვილის სამქულიანი. დღევანდელ თამაშში დადებითი არაფერი ხდებოდა, ნერვები ბოლომდე დაჭიმული იყო. ფსიქოლოგიურად ძალიან წნეხში ვიყავით. მეგონა, რომ გაცილებით ადვილად მოვუგებდით, მაგრამ გვაჯობეს. პერიმეტრმა ძალიან გვაწვალა, ძალიან მძიმე თამაში იყო. ემოციურადაც დაცლილი იყო დარბაზი. შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ბევრი ვერ მიხვდა, რა გვიხაროდა..."

'ფსიქოლოგიურად ძალიან წნეხში ვიყავით. მეგონა, რომ გაცილებით ადვილად მოვუგებდით, მაგრამ გვაჯობეს'

...ისტორიულ ფაქტორზე: "ეს ძალიან რეზონანსული შედეგია. მთელი თაობების გამოძახილია... ოთარ ქორქიას თაობის გამოძახილია! არავის უნდა დავუკარგოთ დამსახურება, ყველა თაობის დამსახურებაა მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლა."

...ტაქტიკურ დეტალებზე: "ტაქტიკურ თამაშზე გადავდიოდით, პირველი შეტევა საერთოდ არ გვქონდა, შენგელია რომ 3 სამქულიანს ჩააგდებდა, ამას თამაშის წინ არ დავიჯერებდი. დარწმუნებული ვარ, ეს მწვრთნელის დავალება არ იყო, ეს გახლდათ ფსიქოლოგიური წნეხით გამოწვეული. მსოფლიოს ჩემპიონატის საგზური რომ არ ყოფილიყო სასწორზე, ვფიქრობ, ადვილად მოვიგებდით. პერიმეტრიდან დიდი პრობლემები შეგვიქმნეს, ჩვენ კი მხოლოდ მეორე შეტევით ვცდილობდით თამაშს. ჩვენი სანახაობრივი თამაში მკვდარი იყო, არ გვქინდა სწრაფი კალათბურთი, თუმცა, ამ ტაქტიკამ თითქოს გაამართლა, რადგან შედეგი მივიღეთ და გამარჯვებულებს არ ასამართლებენ. სანახაობრივად ეს თამაში ნამდვილად მომეწონა. ბოლო 2 წუთი რომ იყო დარჩენილი, ვფიქრობდი, რომ წავაგებდით, მაგრამ ჩემმა მეგობარმა მითხრა, რომ 3 ქულით წაგებაც გვაწყობსო, ეს საერთოდ არ მახსოვდა ნერვიულობის გამო."

...რესურსზე და შენგელიას სიტყვებზე: ისლანდიამ ბრძოლა მოიგო, მაგრამ ომში ჩვენ გავიმარჯვეთ. შეგვეძლო, სხვა კუთხით გვეთამაშა, თუმცა რესურსი არ გვქონდა. შენგელიას ველაპარაკე და მითხრა, ძალიან დაღლილი ვარო, ბოლო ორი არაზუსტი ჯარიმაც იმის შედეგია, რომ გამოფიტული იყო. ძალიან რთულია, ოთხ დღეში ასეთი 3 თამაშის ჩატარება".

მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატი 25 აგვისტოდან 10 სექტემბრის ჩათვლით აზიის სამ ქვეყანაში – ფილიპინებში, იაპონიასა და ინდონეზიაში ჩატარდება, ყველა ფინალისტის ვინაობა კი თებერვალში გვეცოდინება.

ამ დროისთვის, მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაშის უფლება უკვე 23 ნაკრებს აქვს მოპოვებული, ამდენად, დარჩენილია 9 საგზური. ფინალში უკვე გასულები არიან: იაპონია, ფილიპინები, ჩინეთი, კოტ დ’ივუარი, ახალი ზელანდია, ლიბანი, კანადა, ავსტრალია, ფინეთი, გერმანია, ლატვია, იტალია, ესპანეთი, სლოვენია, ლიეტუვა, საფრანგეთი, საბერძნეთი, აშშ, იორდანია, სამხრეთ სუდანი, ეგვიპტე, ანგოლა და ირანი.

ტურნირის ფორმატის თანახმად, 32 ნაკრები 8 ოთხგუნდიან ჯგუფში გადანაწილდება, ორ-ორი საუკეთესო მე-2 ჯგუფურ ეტაპზე გადავა, სადაც ოთხ ოთხგუნდიან ჯგუფში მოხვდება, იქიდან გასული ორ-ორი საუკეთესო კი თასისთვის ბრძოლას უკვე პლეი-ოფში გააგრძელებს.

კომენტარები

ბოლო ამბები