Thumbnail

ისტორია გადაწერილია! მიზანი, რომლისკენაც ქართული კალათბურთის არაერთი თაობა მიილტვოდა, მიღწეულია. ქვეყნის ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ჯგუფში გამოსვლა მე-3 ადგილზე დაასრულა და ფინალურ ეტაპზე თამაში გაინაღდა, არც აქამდე არასდროს მომხდარა. ისლანდიასთან ისტორიული მატჩის დასრულების შემდეგ, თამაში საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ვლადიმერ ბოისამ და ნატურალიზებულმა კალათბურთელმა თად მაკფადენმა შეაფასეს.

ვლადიმერ ბოისა (საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი): “მიზნის მიღწევა ძალიან რთული იყო, რადგანაც ორივე ჩვენმა მეტოქემ თავისუფლად ითამაშა, ნიდერლანდებმაც და ისლანდიამაც. თუ საქართველოში წააგებდნენ, არავინ არაფერს ეტყოდათ, ჩვენს მოგებას კი მთელი ქვეყანა ელოდა. ეს ბიჭებისთვის ფსიქოლოგიურად ძალიან რთული იყო. ყველას დიდი მადლობა, თოკომ რაც გააკეთა, არ ვიცი... ბოლო ოთხ დღეში 3 თამაში ჩაატარა, მანამდე შერმადინს ჰქონდა თასზე სამ დღეში 3 თამაში. იმის მიუხედავად, რომ ძალიან დაღლილები ვიყავით, მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლა მაინც მოვახერხეთ.

ყველაზე მთავარი ისაა, რომ ახლა მოსამზადებლად მთელი ზაფხული გვაქვს. თებერვალში მომდევნო ევრობასკეტის შესარჩევი იწყება და ამ ზაფხულს დიდი სამუშაო გვექნება, ყველას, კალათბურთელებს, მწვრთნელებსა და ფედერაციას. ძალიან გვიხარია, ძალიან. მგონი, ხვალ უფრო გავიგებთ, რას მივაღწიეთ, რადგანაც ახლა უფრო ეიფორიაში ვართ. უკვე ის ფაქტი, რომ დღეს მსოფლიოს ჩემპიონატზე გასასვლელად ვთამაშობდით, დიდი მიღწევა იყო. იმედი მაქვს, რომ ჯგუფში ამერიკა შეგვხვდება და მოგებასაც ვეცდებით (იცინის)”.

'ახლა უნდა გავიხაროთ და დავიჯეროთ, რომ მოგება მსოფლიოს ჩემპიონატზეც შეგვიძლია'

თად მაკფადენი (საქართველოს ნაკრების კალათბურთელი): “მსოფლიოს ჩემპიონატზე გავედით. ეს, ქვეყნის ისტორიაში პირველად მოხდა და ცხადია, ბედნიერი ვარ. ახლა, სხვაზე ვერაფერზე ვფიქრობ. მგონია, რომ ყველა გახარებულია, მთელი ქვეყანა. ქართველი ქომაგების მხარდაჭერა საოცრება იყო, საოცრება. ისეთი ხმაური იყო, მოედანზე არაფერი მესმოდა. ყველას მადლობა, ასეთი გულშემატკივრობით უფრო შორს წასვლაც შეგვიძლია. ძალიან მაგარი იქნება, თუკი ჯგუფურ ეტაპზე აშშ-სთან ერთად მოვხვდებით. იმედი მაქვს, ასეც იქნება. მსოფლიო თასი თავის გამოსაჩენად დიდი შესაძლებლობაა. ახლა უნდა გავიხაროთ და დავიჯეროთ, რომ მოგება მსოფლიოს ჩემპიონატზეც შეგვიძლია”.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატი 25 აგვისტოდან 10 სექტემბრის ჩათვლით აზიის სამ ქვეყანაში – ფილიპინებში, იაპონიასა და ინდონეზიაში ჩატარდება, ყველა ფინალისტის ვინაობა კი უახლოეს პერიოდში გვეცოდინება.

კომენტარები

ბოლო ამბები