Thumbnail

ლეგენდარული ზლატან იბრაჰიმოვიჩი 9-თვიანი იძულებითი პაუზის შემდეგ მოედანზე დაბრუნდა. მან მილანისა და ატალანტას შეხვედრაში შეცვლაზე ითამაშა.

41 წლის იბრამ თამაშის შემდეგ იტალიურ მედიასთან ისაუბრა, მათ შორის, ნაპოლის, ხვიჩა კვარაცხელიასა და ვიქტორ ოსიმენის შესახებ. აი, რა თქვა იბრამ Sky Sport-ის პირდაპირ ეთერში ჩართვისას:

"დიახ, ხვიჩა კვარაცხელია მაგარია! ვიქტორ ოსიმენიც დიდებული თავდამსხმელია. ნაპოლი მიმდინარე სეზონში კარგად თამაშობს, ეს საიდუმლო არ არის: ეს ჩანს შედეგებიდან, სერია A-ს სატურნირო ცხრილსა და ჩემპიონთა ლიგის მატჩებში. ნაპოლის მომენტია. კვარა და ოსიმენი თუ ასე კარგად თამაშობენ, ეს გუნდის დამსახურებაცაა: განსხვავებას ინდივიდუალური ხარისხი კი არ ქმნის, არამედ - ყოველთვის გუნდური მუშაობა. ლუჩანო სპალეტი ძლიერი მწვრთნელია, მას ჯერ კიდევ არ მოუგია კარიერაში "სკუდეტო", მაგრამ წელს ყველაფერი ნაპოლის გამარჯვებისკენ მიდის".

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ ზლატან იბრაჰიმოვიჩის თვალწინ ჯერ კიდევ 2021 წლის ნოემბერში გაიბრწყინა. მაშინ, ბათუმში, საქართველოს ნაკრებმა იბრას შვედეთის ნაკრები კვარას დუბლით 2:0 დაამარცხა, რითაც შვედებს მსოფლიოს ჩემპიონატზე მიმავალ გზაზე სერიოზული პრობლემები შეექმნათ.

მიმდინარე სეზონში კვარაცხელიამ ყველა ტურნირზე ჩატარებულ 26 მატჩში 12 გოლი გაიტანა, 13 საგოლე პასი გააკეთა, 3-ჯერ კი პენალტი მოიპოვა.

კომენტარები

ბოლო ამბები