- ქართველი სუმოისტი მარტის ბაშოზე მეორე დივიზიონში იასპარეზებს
- ტოჩინოშინმა ჯურიოში ბოლოს 2014 წელს იჭიდავა
- მას პირველ დივიზიონში დასაბრუნებლად 9 მოგება დასჭირდება
35 წლის ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ, რომელსაც ტოჩინოშინის შიკონათი ვიცნობთ, ელიტარულ სუმოში თავისი მე-100 ბაშო სრულად ვერ ჩაატარა. ტოჩიმ ჰარუ ბაშოს მე-4 საშეჯიბრო დღეს იაპონელ კოტოშოჰოსთან მარცხისას მხარი დაიზიანა, რის შედეგად, წლის პირველ სუპერტურნირზე ასპარეზობა ვეღარ გააგრძელა.
სუმოს წესების თანახმად, ტოჩინოშინს დარჩენილი ბრძოლები წაგებად ჩაუთვალეს, შესაბამისად, ქართველი რიკიში რანგით მეორე დივიზიონ ჯურიოში დაქვეითებას ვერ გადაურჩა. ამგვარად, ტოჩი მარტის ბაშოს, 2014 წლის შემდეგ პირველად, ჯურიოს დივიზიონში ჩაატარებს. დღეს კი ჰარუ ბაშოს ბანძუკე (რეიტინგი) გამოქვეყნდა, რომელშიც ქართველს ჯურიოს მეორე ნომრის წოდება მიანიჭეს.
იმ შემთხვევაში, თუ ტოჩინოშინს ტრავმები ხელს არ შეუშლის, შესაძლოა, მისთვის უმაღლეს დივიზიონში დასაბრუნებლად მინიმალური კაჩი-კოშის (დადებითი ბალანსი) დაფიქსირება საკმარისი აღმოჩნდეს, მინიმუ 9 მოგებით კი მაკუუჩი დივიზიონში გარანტირებულად აღზევდება.
საინტერესოა, რომ ჯურიოს პირველი ნომერი ყოფილი ოძეკი ასანოიამაა. იგი 2021 წელს სუმოს ასოციაციამ კორონავირუსის რეგულაციების დარღვევის გამო 1-წლიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა. შედეგად, იაპონელმა სუმოისტმა 6 ბაშო გამოტოვა, ახლა კი მაკუუჩი დივიზიონში დაბრუნებამდე ერთი ნაბიჯი აშორებს.
სუმოს წლის მეორე სუპერტურნირი ჰარუ ბაშო 12 მარტს დაიწყება და 26 მარტამდე გაგრძელდება.
კომენტარები