Thumbnail

'ვერსად დაგვემალები' - ვალენსიას ფანების 20 000-იანი აქცია-პროტესტი

ტონიო კრიოგერი პროფილის ფოტო
ტონიო კრიოგერი
  • ვალენსიას ფან-კლუბმა ქალაქის ქუჩებში საპროტესტო მსვლელობა გამართა
  • გულშემატკივრები კლუბიდან მთავარი აქციონერი პიტერ ლიმის წასვლას ითხოვენ

ვალენსიას ფანებმა შაბათს, რეალ სოსიედადთან მოგებული (1:0) მატჩის წინ და გუშინ, კვირას, 26 თებერვალს ქალაქის ქუჩებში მრავალათასიანი აქცია-პროტესტი მოაწყვეს და კლუბიდან სინგაპურელი ინვესტორ პეტერ ლიმის წასვლას ითხოვენ. 

“მესტალიასთან” ახლოს ისმოდა შეძახილები "Peter vete ya" (პიტერ, წადი), "Peter Lim, hijo de puta" (პიტერ ლიმი ბოზის შვილია), "Valencia somos nosotros" (ვალენსია ჩვენ ვართ) და თქვენ წარმოიდგინეთ, "Peter, muerete-ც" (პიტერ, მოკვდი) კი. მანიფესტაციაზე, რომელშიც მონაწილეობა, დაახლოებით, 20 000-მა ვალენსიელმა მიიღო, იყო წარმოდგენილი ბანერები, შინაარსით: თუ გუნდს სეგუნდა დივიზიონში გააგდებ, სინგაპურშიც ვერ დაგვემალები!

აქციის ორგანიზატორი ვალენსიის ერთ-ერთი ფან-კლუბი Libertad VCF იყო, რომელიც 2017 წელს შეიქმნა, მას შემდეგ, რაც გულშემატკივრები ლიმის დაპირებების ტყუილში დარწმუნდნენ. Libertad VCF-ს კლუბის დემოკრატიზაცია და ვალენსიაში გერმანული მოდეს, ე.წ. 50+1%-ის სისტემის დანერგვა სურთ, რომლის თანახმადაც კლუბის მმართველ პაკეტს ადგილობრივი მუნიციპალიტეტი ფლობს. 

ვალენსიის ფანებმა კლუბის დაარსების თარიღიდან (1919 წელი) გამომდინარე, ბასკებთან მატჩის მე-19 წუთზე "მესტალიას" ტრიბუნებიდან ლიმის საწინააღმდეგო შეძახილების სკანდირება დაიწყეს. 

პიტერ ლიმი კლუბის მთავარი მეწილე და მმართველი 2015 წელს გახდა, თუმცა გუნდის თამაშს ბოლოს 2019 წელს დაესწრო და ვალენსიაში მნიშვნელოვანი საკითხების გადასაწყვეტადაც არ ჩადის. ნებისმიერი თემის განსახილველად კლუბის სპორტული დირექტორი მიგელ ანხელ კორონა და ადმინისტრაციული დირექტორი ხავიერ სოლისი ლიმთან სინგაპურში ჩადიან ხოლმე. 

პიტერმა 2015 წელს ვალენსიაში მისვლისას გასცა დაპირებები, რომ კლუბში საკმარის ინვესტიციებს ჩადებდა, რათა "ღამურებს" ევროტურნირებზე წარმატებული გამოსვლისა და ესპანეთის ჩემპიონატში მაღალი ადგილების დასაკავებლად ძლიერი გუნდი შეექმნათ. თუმცა, ამის ნაცვლად ვალენსიას ლა ლიგიდან გავარდნა ემუქრება. კლუბში ყოფნის არასრულს 8-წლიან პერიოდში ლიმმა ვალენსიელების მთავარი მწვრთნელის პოსტზე 10 სხვადასხვა სპეციალისტი დანიშნა და ყველა წარუმატებლობას მათ მიაწერდა. 

2021 წლიდან ვალენსიას რიგებში ქართველი მეკარე, გიორგი მამარდაშვილი თამაშობს. "ღამურებს" ლა ლიგაში ჩატარებული 23 ტურის შემდეგ 22 ქულა აქვთ და სატურნირო ცხრილში მე-18 ადგილს იკავებენ. მომდევნო შეხვედრას მამარდაშვილის გუნდი 5 მარტს, გასვლაზე ბარსელონას წინააღმდეგ ჩაატარებს. Libertad VCF საპროტესტო აქტივობის შეწყვეტას არ აპირებს.

კომენტარები

ბოლო ამბები