Thumbnail
  • ბევრი პრობლემის მიუხედავად, საქართველო მსოფლიო ჩემპიონატზე გავიდა
  • ილიას ზუროსის გუნდს უჭირს როტაცია და ბურთის გათამაშება
  • ისლანდიასთან ნაკრებმა ტემპი კარგად აკონტროლა

სიმბოლური იყო, ყველაფერი ბოლო წამამდე, ბოლო სროლამდე რომ მივიდა. ისიც სიმბოლური იყო, რომ საქართველომ ჯერ ბოლო წუთზე 4-ქულიანი ჩამორჩენა 1-ქულიან უპირატესობად აქცია, შემდეგ ეს უპირატესობა თითქოს ისევ ხელიდან გაუშვა და ბოლოს ისევ ნერვების, ბრძოლის და მონდომების ხარჯზე მოგებული სანტიმეტრების თუ დუელების წყალობით, სულ მილიმეტრებით გააღწია მსოფლიოს ჩემპიონატზე, რაც ობიექტურად ძალიან დიდი მიღწევაა.

მით უმეტეს დიდი მიღწევაა იმის გათვალისწინებით, რომ ამ ფორმაციის საქართველოს ნაკრებს იდეალური პერიოდი ნამდვილად არ უდგას. ჯერ კიდევ წინა ევრობასკეტმა გამოავლინა ის ღრმა პრობლემები, რომლებიც მხოლოდ თორნიკე შენგელიას დაბრუნებით არ შეიძლება გადაიჭრას.


პრობლემურია სათადარიგოთა სკამი და ზოგადად, როტაცია. საქართველოს ეს ნაკრები სამი ლიდერის (შენგელია, შერმადინი, მაკფადენი) გარშემო თამაშობს და როგორც კი ზუროსი როტაციას იწყებს, მაშინვე თვალსაჩინო ხდება, რომ ჩვენს გუნდს ძალიან უჭირს დაცვაშიც და განსაკუთრებით შეტევაშიც. ამ სამეულმა ისლანდიასთან გუნდის 77-დან 60 ქულა ჩააგდო (შერმადინი - 23, შენგელია - 20, მაკფადენი - 17).

განსაკუთრებით ცუდად გუნდზე შენგელიას გასვლა აისახება ხოლმე. სკამმა წააგო ქულებით ნიდერლანდებთან და წააგო ისლანდიასთანაც, სადაც ძირითადი ხუთეულიდან მხოლოდ მაკფადენს ჰქონდა უარყოფითი ბალანსი (-4). +5 ჰქონდა გიორგი შერმადინს, +2 თორნიკე შენგელიას, გიორგი ცინცაძეს კი საერთოდაც +10.

მაგალითად, როგორც კი პირველი მეოთხედის ბოლოს, 19:12-ზე ზუროსმა როტაცია დაიწყო და შენგელია სკამზე დასვა, ორწუთიან მონაკვეთში საქართველოს ქულა არ ჩაუგდია და მეოთხედი 19:19 დაასრულა.

'ევრობასკეტმაც აჩვენა და ეს ტენდენცია ისევ გრძელდება, რომ ჩვენს ნაკრებს უჭირს ბურთის მოძრაობა და გათამაშება'

მეორე ხუთეულმა თითქმის ერთნაირად, საკმაოდ სოლიდური უარყოფითი ბალანსით დაასრულა შეხვედრა (მაგალითად, რატი ანდრონიკაშვილს 10 წუთში -9 ჰქონდა, ხოლო მიხეილ ბერიშვილს 9 წუთში -8). ზოგადად, ამ შედეგს გუნდმა ერთად მიაღწია და გასაგებია, რომ სტატისტიკა ყველაფერს სრულად არ გვეუბნება. იგივე ანდრონიკაშვილმა ძალიან კრიტიკულ მომენტში ჩააგდო სამქულიანი, როცა ისლანდიას +4 ჰქონდა და საქართველოს შეტევა საერთოდ არ მისდიოდა. ბერიშვილის სამიანების გარეშე ზუროსის გუნდი ისლანდიას ალბათ გასვლაზე საერთოდ ვერ მოუგებდა. ანუ, აქ საქმე პერსონალიებზე კი არ არის, უბრალოდ, ეროვნულ გუნდს უფრო გრძელი როტაცია სჭირდება.

მეტი ამ თემაზე

ევრობასკეტმაც აჩვენა და ეს ტენდენცია ისევ გრძელდება, რომ ჩვენს ნაკრებს უჭირს ბურთის მოძრაობა და გათამაშება. ზოგადად, ზუროსი დიდი ხანია ცდილობს, იდეალური როტაცია იპოვოს და ეს ჯერ არ გამოსდის. ცინცაძე ბურთის გათამაშებაში ალბათ ამ ეტაპზე ნაკრების როტაციაში საუკეთესოა, თუმცა სროლა არ მისდის (7-დან მხოლოდ 2 ზუსტი სროლა და 4-დან 4 აცილებული სამიანი). გიორგი თან უკვე ვეტერანია და დაცვაში, პერიმეტრზე თითქოს ხშირად ნაბიჯიც აკლდება. ანდრონიკაშვილი დაცვაში ძალიან კარგია, აგრესიულია და პერიმეტრზე ბევრს მოძრაობს, თუმცა გუნდის შეტევის მარტო გაძღოლისა და ბურთის გათამაშებისთვის ჯერ ახალგაზრდაა. სტაბილური სროლა არც მას აქვს (4-დან 1 ზუსტი სროლა ისლანდიასთან). უკანა ხაზში ყველაზე სტაბილური ოპცია მაკფადენია, რომელიც ერთადერთია, ვინც პერიმეტრიდან სტაბილურად საფრთხეს ქმნის. მისი სამიანები ზუროსის გუნდისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მაკფადენს ბურთის გათამაშებაც ევალება და სროლების შექმნაც. პრობლემა ის არის, რომ ამერიკელს ბურთი კი მოაქვს, მაგრამ გათამაშების, სროლის შექმნის, ტემპის და დინამიკის კარნახის უნარები ნაკლებად აქვს. ის არ არის ნომინალური გამთამაშებელი.

გვიჭირს მსუბუქი ფორვარდის პოზიციაზეც, სადაც ზუროსს სტაბილურ ოპციად მხოლოდ სანაძე ჰყავს. დუდა დაცვაში ბევრს შრომობს, თუმცა სროლა არც მას მისდიოდა (სამიდან სამი აცილებული სამიანი). ზოგადად, ჩვენი გუნდისთვის სამქულიანები და პერიმეტრიდან შეტევა სუსტი რგოლია - ისლანდიასთანაც მხოლოდ 27 პროცენტი გვქონდა (33-დან 9 ზუსტი სროლა). პრობლემა ის არის, რომ ზუროსის გუნდი ცუდად ქმნის ამ სამიანებს - ანუ მსროლელებზე მეტად კარგი სროლის შექმნა გვიჭირს. ისევ ბურთის მოძრაობის, სივრცის შექმნის და გათამაშების პრობლემასთან მივდივართ.

მაგალითად, მაკფადენის 14-დან მხოლოდ 4 ზუსტი სამიანი იმითაც არის განპირობებული, რომ სროლას რთულად ვქმნით. ხშირად მას უბრალოდ ბურთი აქვს, წინ მეტოქეები ჰყავს და ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე რთული სროლის შესრულება უწევს. სხვანაირად შეტევა გაჭედილია, არ ვითარდება.

'ნელ თამაშში, როცა საქართველო ‘მაღლებით’ უტევს, ჩვენი გუნდი ყველასთვის რთული მეტოქეა'

იგივე ხდება ხოლმე შენგელიას შემთხვევაში. თორნიკე ძალიან დაღლილი იყო, თუმცა მატჩის ბოლოს მაინც ძალიან რთული სროლების თავის თავზე აღება უწევდა. სწორედ ამიტომ, შენგელიას 14-დან 5 ზუსტი სროლა იმით კი არ არის განპირობებული, რომ კაპიტანს ცუდი დღე ჰქონდა, არამედ იმით, რომ მას რთული სროლების თავის თავზე აღება უწევდა - მაშინ, როცა შეტევა ვერ ვითარდება და მარტომ უნდა მოიფიქრო რამე ორი ან სამი მეტოქის წინააღმდეგ.

ამ პრობლემებს ისლანდიასთან ზუროსმა იმით უპასუხა, რომ შეტევის და თამაშის ტემპი დააგდო, საქართველოს ნაკრები ისედაც დაღლილი იყო, შენგელიას მარათონული გრაფიკი ჰქონდა და მცირე როტაციის ფონზე, ისლანდიას სწრაფ თამაშში არ აჰყვა. ამით შემცირდა ბურთის დაკარგვებიც, მეტოქესაც იშვიათად ვაძლევდით სწრაფი შეტევების საშუალებას და უფრო პოზიციურ, ნელ კალათბურთში შენგელიას და შერმადინის უპირატესობას საქართველოს ნაკრები კარგად იყენებდა. ნელ თამაშში, როცა საქართველო ‘მაღლებით’ უტევს, ჩვენი გუნდი ყველასთვის რთული მეტოქეა. შესანიშნავი იყო გიორგი შერმადინი, რომელმაც 9-დან 9 სროლა ჩააგდო და შეხვედრა 23 ქულით დაასრულა. მისი „სქაი ჰუკი“ მეტოქისთვის შეუჩერებელი იყო. ზოგადად, გიორგი შერმადინი ამ ეტაპზე ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრია.

პრობლემა ის არის, რომ შერმადინს მეორე ნახევარში, განსაკუთრებით კი მატჩის ბოლოს ცოტა სროლები ჰქონდა, რადგან როცა მეტოქემ იცის, რომ პერიმეტრიდან არ მიგდის და საფრთხეს ორი ან სამი კაცი ქმნის, მათზე კონცენტრირდება და შეტევაში სივრცე და სროლები აღარ რჩება.

ჩვენთვის კარგი ის იყო, რომ მეტოქემ, რომელიც ძირითადად სამქულიანებით უტევს ხოლმე, თავისი სროლების მხოლოდ 27 პროცენტი ჩააგდო (29-დან 8). ზოგადად, ბევრი არასაჭირო ჯარიმა ავიკიდეთ (მაგალითად, მეოთხე მეოთხედის დასაწყისში 65 წამში სამი არასაჭირო ჯარიმა გვქონდა) და ისლანდიამ საჯარიმო ხაზიდან 22 ქულა ჩააგდო, თორემ დაცვაში მეტოქეს კარგ სროლებს ნამდვილად არ ვაძლევდით. ზუროსის გუნდი დაცვაში ფანატიკური მონდომებით და ბრძოლისუნარიანობით თამაშობდა.

ცუდი ის იყო, რომ მეტოქეზე სიმაღლეში და გაბარიტებში უპირატესობის მიუხედავად 12-ჯერ დავთმეთ ჩვენს ფარზე ბურთი და ისლანდიამ 5 სროლით მეტი შეასრულა, რაც ასე მჭიდრო თამაშში სოლიდური ჰანდიკაპია.

ამ ფუნდამენტური პრობლემების ფონზე, რომელიც მარტივად არსად არ გაქრება, საქართველომ მაქსიმუმს მიაღწია. კონკრეტულად, ამ თამაშში ზუროსის გუნდი მთელი შეხვედრა აკონტროლებდა ტემპს და მეტოქეს არ მისცა გაქცევის საშუალება. მთელი თამაში ქულა-ქულაში წარიმართა. კარგად გამოვიყენეთ ჩვენი ლიდერების (შერმადინი, შენგელია) ფაქტორი.

თუმცა, ყველაზე მთავარი, რაც ამ გუნდს აქვს, არის ბრძოლის სურვილი და მონდომება. პარკეტზე მართლა ყოველთვის ყველაფერს ტოვებენ და ყველაზე რთულ სიტუაციებშიც არ ნებდებიან. ეს არის გუნდი, რომელიც იცი, რომ თავის მაქსიმუმს ყოველთვის აჩვენებს. იცი, რომ ყოველთვის გამოჩნდება ვინმე, ვინც კრიტიკულ მომენტში თამაშს და სროლას თავის თავზე აიღებს. პრობლემა ამჯერად უფრო ის არის, რომ თაობათა ცვლის ფონზე, ობიექტურად, რესურსები ბევრი ნამდვილად არ გვაქვს. მით უმეტეს, გოგა ბითაძის და სანდრო მამუკელაშვილის არყოფნაში.

საქართველოს გასვლა სიმბოლური იყო იმიტომ, რომ ამ გუნდს ეს სხვებზე მეტად უნდოდა. რაც თორნიკე შენგელიამ გააკეთა, და ზოგადად აკეთებს ეროვნული გუნდისთვის, ასეთი არაფერი მინახავს და გამიგია. 4 დღეში სამჯერ ითამაშა და რამდენი საათი იფრინა და იმოგზაურა, ეგ არავინ იცის. მანამდე ისლანდიასთან გასვლით შეხვედრაში პრაქტიკულად ბოლომდე მოუშუშებელი ტრავმით 33 წუთი ითამაშა და 27 ქულა და 11 მოხსნა გააკეთა. იმ გამარჯვების გარეშე თბილისში ეს სამი ქულით წაგების უფლება არ გვექნებოდა. ასეთმა მონდომებამ, ბრძოლის და არდანებების სურვილმა მოგვცა ჩვენს ისტორიაში პირველ მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშის საშუალება. ამ გუნდს მადლობის მეტს ვერაფერს ვეტყვით. მართლა თავის თავზე მაღლა ახტნენ. სამუშაო ბევრია, მაგრამ ახლა ზეიმის დროა.

კომენტარები

ბოლო ამბები