ძალიან კარგად მახსოვს ის აზრი, ხვიჩა კვარაცხელიას თამაშის პირველად ნახვის შემდეგ რომ მომივიდა თავში: “ასეთი თამამი და თავხედი ფეხბურთელი ძალიან დიდი ხანია არ გვყოლია”.
მახსოვს, გაოგნებული ვუყურებდი და ვერ ვიჯერებდი, რომ ასე მარტივად მიდიოდა ორ, ხანდახან სამ მეტოქეზე - ბურთს მიიღებდა თუ არა, საერთოდ არ აინტერესებდა, წინ რამდენი მეტოქე ჰყავდა, მუდამ მათ მოტყუებას და გამწვავებას ცდილობდა და რაც მთავარია, ხშირად ყველაფერი გამოსდიოდა.
უსაზღვრო პოტენციალი
“რუბინში” თუ საქართველოს ნაკრებში თამაშების დროს, არაერთხელ მიფიქრია დაუჯერებელი და წარმოუდგენელი რამ: “შეიძლება, რამდენიმე წელიწადში მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი ქართველი იყოს”.
ეს წინადადება იმდენად აბსურდული და წარმოუდგენელი ჩანდა, რომ საკუთარ თავს ვებრძოდი და მუდამ იმის ძიებაში ვიყავი, მიკერძოება და ხვიჩას ქართველობა ხომ არ მაფიქრებინებდა მაგას, მაგრამ არა, ერთხელაც ვერ აღმოვაჩინე საკუთარ თავში ეგ მიზეზი. ობიექტურად, ვუყურებდი მის თამაშს და ვხედავდი, რომ მისი შესაძლებლობების ზღვრის განსაზღვრა შეუძლებელი იყო - კვარას უმაღლეს წერტილზე ასვლის ყველა მონაცემი და თვისება ჰქონდა.
‘კვარაცხელია აღარაა უბრალოდ ახალგაზრდა ნიჭიერი ფეხბურთელი, ის გუნდის ერთ-ერთი ლიდერია და ამაზე ძალიან კარგად მეტყველებდა სპალეტის გადაწყვეტილებაც’
რამდენიმე წლის წინ, ჩემ რუმინელ მეგობარს ვუთხარი, ისეთი ბიჭი გვეზრდება, რომ მალე ევროპაში ყველას ენას მოგატეხინებთ, რადგან ყველა მისი გვარის წარმოთქმას ეცდებით-თქო. სადღაც გასული წლის ოქტომბერში, ეგ სიტყვები შევახსენე და იმანაც ბედნიერმა აღნიშნა, მახსოვს ეგ რომ მითხარი და მართლაც საოცარი ბიჭიაო.
ძალიან კარგი მოსასმენი იყო…
კვარას გარშემო ატეხილი ამხელა ამბავი ვიღაცას შეიძლება გადაჭარბებულად მოეჩვენოს, ვიღაცამ ქართულ და სამხრეთიტალიურ ისტერიკად შერაცხოს (მაინც ემოციური ხალხი ვართ), მაგრამ რეალურად, ყველაფერი ის, რაც ახლა ხდება, ძალიან ლოგიკურია - ფეხბურთის ყველა მოყვარული ხედავს, რომ ხვიჩა კვარაცხელია არის ფეხბურთელი, რომელსაც სხვებისთვის, თუნდაც მეტოქე გუნდის ქომაგისთვის, თავისი თამაშით, სიამოვნების მინიჭება შეუძლია, ეგ კი ძალიან რთული და იშვიათი ამბავია.

გარდა ამისა, ადამიანებს უყვართ ისტორიები აუტსაიდერებზე. ჩვენ კი ყველაფერი ვიცოდით და დიდი იმედიც გვქონდა, მაგრამ აბა ევროპელის თვალით შეხედეთ - 21 წლის ბიჭი არსაიდან, მათთვის არასაფეხბურთო ქვეყნიდან, უცებ, სასაცილო სატრანსფერო ფასად, მოდის მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ლიგაში და პირველივე შეხვედრებიდან მოყოლებული ისე თამაშობს, თითქოს უკვე გამოცდილი სუპერვარსკვლავი იყოს, რომელიც წლებია ამ დონეზე თამაშობს. ეგეთ ფეხბურთელს უფრო უგულშემატკირებ, ვიდრე ვინმე ბრაზილიელს ან არგენტინელს, რომლის სახელიც უკვე წლებია გესმის და რომელსაც უკვე წლებია არეკლამებენ. კვარა ევროპის საფეხბურთო ცაზე მეტეორივით გამოჩნდა, ოღონდ სიკაშკაშე კომეტასავით შეინარჩუნა.
ის უკვე ამ სეზონშივე გაიზარდა
კვარასთვის ეს ამ დონეზე პირველი სეზონია და უკვე ამ სეზონშივე, ჯერ კიდევ თებერვალში, მის თამაშში ზრდის ელემენტების დანახვა შეიძლება. სეზონის სტარტზე ხვიჩა გამორჩეული ტალანტი იყო, მარგალიტი, რომელსაც დამუშავება სჭირდება, რასაც დიდი დრო მიაქვს ხოლმე (შეხედეთ ვინისიუსის კარიერას “რეალში”). ის იყო ინდივიდუალისტი, რომელიც ლამაზ, გამორჩეულ მომენტებს გვჩუქნიდა, იტანდა გოლებს, აკეთებდა პასებს, მაგრამ გუნდისგან მაინც ცოტათი გვერდზე იდგა და ლიდერად მაინც არ აღიქმებოდა.
და შეხედეთ კვარას ახლა, თებერვალში, “სასუოლოსთან” თუ “აინტრახტთან” მატჩებში. დააკვირდით მის თამაშს, მის გადაწყვეტილებებს, მოძრაობას და დაინახავთ: კვარაცხელია აღარაა უბრალოდ ახალგაზრდა ნიჭიერი ფეხბურთელი, ის გუნდის ერთ-ერთი ლიდერია და ამაზე ძალიან კარგად მეტყველებდა სპალეტის გადაწყვეტილებაც, როდესაც “აინტრახტთან” თამაშში ჯერ ლოსანო გაიყვანა, შეტევის ლიდერები, კვარა და ოსიმენი კი - ერთად, რამდენიმე წუთის შემდეგ. მაგ ერთი პატარა მომენტით კარგად გამოჩნდა სუბორდინაცია “ნაპოლიში”: კვარა და ოსი შეტევაში სხვებზე მაღლა დგანან.
‘ამას თქმა არ უნდა სჭირდებოდეს, მაგრამ მაინც სათქმელია: ლუჩანო სპალეტის უდიდესი წვლილი მიუძღვის იმაში, რომ ხვიჩას პრობლემები არ აქვს.’
ამას თქმა არ უნდა სჭირდებოდეს, მაგრამ მაინც სათქმელია: ლუჩანო სპალეტის უდიდესი წვლილი მიუძღვის იმაში, რომ ხვიჩას პრობლემები არ აქვს. მისი ყველა საქციელი, მისი ყველა სიტყვა, პრესკონფერენციაზე თუ გუნდისთვის ნათქვამი, გათვლილი და მიმართული იყო იმისკენ, რომ ხვიჩაზე და სხვებზე რაც შეიძლებოდა ნაკლებად ემოქმედა იმ ამბავს და აჟიოტაჟს, რომელიც მის გარშემო ატყდა.

წარმოიდგინეთ, 21 წლის ბიჭი, ფაქტობრივად ყველასთვის უცნობი, ჩადის იტალიაში და სულ რაღაც რამდენიმე თვეში მასზე მთელ მსოფლიოში აღმატებულ ხარისხში საუბრობენ. ნეაპოლში, სადაც მარადონა ახსოვთ, დიეგოს გადარებენ, კვარადონას და კვარავაჯოს გეძახიან. ამ დროს ძალიან რთულია ამ ყველაფერმა შენზე ცუდად არ იმოქმედოს, თავში არ აგივარდეს, ძალიან რთულია, გუნდელებზე არ იმოქმედოს - ფეხბურთელები ამბიციური ხალხია და შურის მომენტები ხანდახან აქტუალურია. ასეთ სიტუაციაში, ძალიან მნიშვნელოვანია მწვრთნელის ფაქტორი და დრომ აჩვენა, რომ სპალეტი, კარგი ტაქტიკოსის გარდა, შესანიშნავი ფსიქოლოგიცაა, რომელმაც ზუსტად იცის, როდის და რა უნდა თქვას და როდის და რა უნდა გააკეთოს.
რა თქმა უნდა, ის ფაქტი, რომ ამხელა ამბავს ცუდად არ უმოქმედია, კვარას დამსახურებაც არის. ხვიჩას თავში ყველაფერი წესრიგში აქვს, მაგრამ მარტო ის მაინც ვერაფერს გახდებოდა - ასეთ სიტუაციაში ყველა ფეხბურთელს სჭირდება მწვრთნელის დახმარება და საბედნიეროდ, კვარა სწორ ადამიანთან მოხვდა.
ფორცა
ძალიან კარგად მახსოვს ქინქლაძე, არველაძეები, ქეცბა, კობი, კალა, იაშკა, ჯამარა, სხვები… ბევრი ნიჭიერი და გამორჩეული ქართველი ფეხბურთელი მინახავს, მათ შორის რამდენიმე ბოლო წლებშიც (ჩაკვე, დავითაშვილი), მაგრამ კვარას მსგავსი გაქანების ალბათ მხოლოდ ქინქლაძე იყო - ფეხბურთელი, რომელსაც თავისი ტალანტის ბოლომდე გამოყენების შემთხვევაში, მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელების ათეულში შესვლა და იქ დამკვიდრება შეეძლო.
სამწუხაროდ, ქინქლაძის შემთხვევაში, ბევრი მიზეზის გამო, ეგ არ გამოვიდა. ახლა კვარას ჯერია, რომ ქართველებს ამდენი ხნის ნანატრი საფეხბურთო სიხარული და სიამაყე დაგვიბრუნოს და ის სევდა, რომელიც ქინქლაძის გამო დღემდე მოგვყვება, ცოტა მაინც გაგვიქარვოს.

მისი ასეთი გაბრწყინება დამატებითი მოტივაციაა სხვა არაერთი ნიჭიერი ფეხბურთელისთვის, რომელიც ამ თაობაში საბედნიეროდ უხვად გვყავს. მამარდაშვილი, დავითაშვილი, მიქაუტაძე, წიტაიშვილი, ჩაკვეტაძე, აზაროვი, გოჩოლეიშვილი და კიდევ არაერთი პატარა ბიჭი, კვარას წარმატების გამო კიდევ უფრო მეტად მოინდომებენ და მათ მიმართაც წამყვანი უცხოური კლუბები კიდევ უფრო მეტად გამოიჩენენ ინტერესს, რადგან ხალხმა იქაც დაინახა უკვე ის, რაც ჩვენ ისედაც დიდი ხანია ვიცით, უბრალოდ ცოტა მიგვავიწყდა: ქართველებს ფეხბურთის თამაში ძალიან კარგად და გამორჩეულად გამოგვდის.
კომენტარები