Thumbnail
  • იტალიის ნაკრების ექს-მცველი ნაპოლიში ხვიჩას ტრანსფერის დროს შუამავალი იყო
  • 41 წლის ძაკარდო საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების მოთამაშეები აინტერესებს  

ხვიჩა კვარაცხელიას ნაპოლიში ტრანსფერში იტალიის ნაკრების ყოფილი მცველი კრისტიან ძაკარდოც მონაწილეობდა. უფრო ზუსტად კი, პირველმა სწორედ მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონმა მიაწოდა ნეაპოლელებს ახალგაზრდა ქართველი ტალანტის შესახებ ინფორმაცია, რომლებმაც მოგვიანებით კვარა დაიმატეს კიდეც.

"მე ვიყავი შუამავალი ოპერაციაში, რომელიც თითქმის სამი წლის წინ დაიწყო, - ამბობს ძაკარდო La Gazzetta dello Sport-თან ინტერვიუში. - მაშინ ხვიჩა რუსეთში თამაშობდა, ვითარება სხვა იყო. როდესაც სამი წლის წინ ის პირველად ვნახე, მაშინვე აღფრთოვანებული დავრჩი მისი უნარებით. ნაპოლიზე არჩევანი ჯუნტოლის ფაქტორმაც განაპირობა, რომელიც ასევე აკვირდებოდა ფეხბურთელს. სიტუაცია ყაზანის რუბინის მოთხოვნებმა და პანდემიამ გაართულა. მართალია, იყო სხვა კლუბების წინადადებებიც, მაგრამ ფეხბურთელის ოჯახს არჩევანი ნაპოლის სასარგებლოდ ჰქონდა გაკეთებული. ეს სერიოზული კლუბია, სადაც ზრუნავენ ახალგაზრდებზე, პლუს, აქ არის სპალეტი, რომელიც ფეხბურთის მასწავლებელია. მის ხელში კვარამ მოუმატა. ის დრიბლიორად არის დაბადებული, მაგრამ დღეს უკვე ნაკლებად ცდილობს ერთი-ერთზე გამწვავებას, მთლიანად გუნდის ეფექტიანობაზე მუშაობს და მისი უმნიშვნელოვანესი ნაწილია.

ხვიჩა კვარაცხელია და კრისტიან ძაკარდო

ვიცნობ ხვიჩას მთელ ოჯახს, მათ შორის მის ძმას, თორნიკესაც, რომელიც პერსპექტიული ბიჭია. ნაპოლის ყველა მატჩს ვუყურებ, როგორც საქმიანობიდან გამომდინარე, ისე სიამოვნებისთვის. ვადენვებ თვალს კვარას ზრდა-განვითარებას, რომელიც სრულ ჰარმონიაშია გარემოსა და გულშემატკივრებთან. ის უბრალო ბიჭია, მაგრამ ხასიათი მტკიცე აქვს და წნეხს არ გრძნობს".

კრისტიან ძაკარდო, რომელიც ზაფხულში, საქართველოში (რუმინეთთან ერთად) გასამართ ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატზე დასწრებასაც აპირებს, ამბობს, რომ იტალიაში კიდევ არაერთი ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელი შეიძლება აღმოჩნდეს.

"შესაძლოა, რამდენიმე მათგანი ჩამოვიყვანოთ. საქართველოს ნაკრები წინ მიდის, კარგად თამაშობს 21-წლამდელთა გუნდიც, სადაც რამდენიმე საინტერესო მოთამაშეა. ივნისში ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატის ფინალურ სტადიას დავესწრები, სადაც შემეძლება უფრო ყურადღებით დავაკვირდე ქართველ ტალანტებს".

ხვიჩა ნაპოლიში ევროპული ფეხბურთის ვარსკვლავად იქცა

შეგახსენებთ, რომ ნაპოლიმ ხვიჩა კვარაცხელია დინამო ბათუმისგან 2022 წლის ზაფხულში, 10 მილიონ ევროდ შეიძინა. ქართველმა ფეხბურთელმა იტალიაში ნამდვილი ფურორი მოახდინა - ამ დროისთვის ყველა ტურნირზე ჩატარებულ 26 მატჩში 12 გოლი გაიტანა, 13 საგოლე პასი გააკეთა და 3-ჯერ პენალტი მოიპოვა.

კომენტარები

ბოლო ამბები