- საქართველოს ნაკრები მარტში ორივე მატჩს ბათუმში ჩაატარებს
- თამაშების ბილეთების რეალიზაცია TKT.GE-ზე 2 მარტს დაიწყება
იწყება ბილეთების გაყიდვა სანაკრებო მატჩებზე, რომლებიც საქართველოს მარტში ელის.
შეგახსენებთ, რომ ვილი სანიოლის გუნდი წლის პირველ ამხანაგურ შეხვედრას 25 მარტს მონღოლეთთან ჩაატარებს, 28-ში კი, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის სასტარტო თამაშში ნორვეგიას უმასპინძლებს.
მარტში დაგეგმილი ორივე შეხვედრა ბათუმის სტადიონზე გაიმართება, ბილეთები კი მხოლოდ ონლაინ-რეჟიმში გაიყიდება.
ბილეთების რეალიზაცია TKT.GE-ზე 2 მარტს, 12:00 საათზე დაიწყება და თითოეულ მომხმარებელს თამაშის მაქსიმუმ ოთხი ბილეთის შეძენა შეეძლება.
უკვე ცნობილია, რომ მონღოლეთთან და ნორვეგიასთან მატჩის ბილეთების ფასები. მონღოლეთთან მატჩისთვის გაიყიდება 10, 20 და 30 ლარიანი ბილეთები, ხოლო ნორვეგიასთან - 10, 25 და 50 ლარიანი ბილეთები. VIP ტრიბუნაზე (ბილეთის საფასური მოიცავს VIP ზონაში არსებული საკვები სივრცის მომსახურებას) ადგილი კი ორივე შემთხვევაში 100 ლარი ეღირება.
კომენტარები