Thumbnail

ისლანდიის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ჰანს სიგურბიორნ იონსონმა საქართველოს ნაკრებთან მარცხი შეაფასა და აღნიშნა, რომ წარუმატებლობის ერთ-ერთი მიზეზი არათანაბარი ფინანსური შესაძლებლობები იყო. როგორც იონსონმა განაცხადა, საქართველოს კალათბურთის ფედერაციამ თორნიკე შენგელიას ჩარტერულ რეისებზე იმდენი თანხა დახარჯა, რასაც ისლანდიური მხარე სახელმწიფოსგან მთელი წლის განმავლობაში იღებს.

ჰანს სიგურბიორნ იონსონი (ისლანდიის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი): “ძნელია დიდ წარმატებაზე იფიქრო, როდესაც ამისთვის შესაბამისი ფინანსები არ გაგაჩნია. ცხადია, რომ თუკი მეტის მიღწევა გვსურს, მეტი თანხაც გვჭირდება. იგივე საქართველოს ნაკრები აიღეთ. მათ ყველაფერი გააკეთეს, რათა ყველაზე მაგარი კალათბურთელი თორნიკე შენგელია ნაკრებთან ერთად ყოფილიყო. საქართველოს კალათბურთის ფედერაციამ ჩარტერული რეისები დაიქირავა, რათა შენგელია გადამწყვეტ თამაშებზე დროულად ჩასულიყო. მათ ამაში იმდენი ფული დახარჯეს, რასაც ჩვენ მთელი წლის განმავლობაში ვიღებთ სახელმწიფო მიღწევების ფონდიდან. არ ვითხოვთ, რომ მატჩებზე ჩვენც ჩარტერული რეისებით ვიაროთ, უბრალოდ, კარგი იქნება, თუკი ისლანდიური კალათბურთის დაფინანსება გაიზრდება”.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ციკლის დასკვნით მატჩში საქართველოს ნაკრებმა ისლანდიასთან 77:80 წააგო, თუმცა, დამატებითი მაჩვენებლის წყალობით, ფინალურ ეტაპზე გასვლა მაინც მოახერხა. მსოფლიოს პირველობას 25 აგვისტოდან 10 სექტემბრის ჩათვლით აზიის 3 ქვეყანა – ფილიპინები, იაპონია და ინდონეზია უმასპინძლებს.

კომენტარები

ბოლო ამბები