Thumbnail
  • კრემონეზე 2:1 რომა | გოლები: 1:0 ცაჯუ (17), 1:1 სპინაცოლა (71), 2:1 ჩოფანი (82. პენ)
  • კრემონეზემ 1996 წლის შემდეგ სერია A-ში პირველი თამაში მოიგო
  • ლუკა ლოჩოშვილი 90 წუთის განმავლობაში სათადარიგო სკამზე დარჩა

კრემონეზეს გულშემატკივრები ამ დღეს ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ელოდნენ: 1996 წლის შემდეგ პირველად კრემონულმა გუნდმა იტალიის სერია A-ში თამაში მოიგო!

კრემონეზემ მიმდინარე სეზონში 23 ტური ისე განვლო, რომ გამარჯვება ვერ მოახერხა, მაგრამ ნანატრი 3 ქულა 24-ე ტურში მოიპოვა, მას მერე, რაც რომა 2:1 დაამარცხა.

ფრანკ ცაჯუს ლამაზი გოლით დავიდე ბალარდინის გუნდი მალევე დაწინაურდა. სტუმრები ვერ ახერხებდნენ რეალური საგოლე მომენტების შექმნას, მაგრამ 71-ე წუთზე ლეონარდო სპინაცოლა მცველებმა უყურადღებოდ დატოვეს და იტალიის ნაკრების მცველმა ზუსტად დაარტყა. მიუხედავად ამისა, რომა მაინც დამარცხდა: 82-ე წუთზე დანიელ ჩოფანიმ პენალტი გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

ლუკა ლოჩოშვილს არ უთამაშია. 24 წლის ქართველი მცველი სათადარიგო სკამზე იყო, ტრავმის შემდეგ ის ჯერჯერობით ვერ დაბრუნდა კრემონელთა სასტარტო შემადგენლობაში. საინტერესოა, რომ ლუკა პარიზში ფიფას დაჯილდოებას სწორედ ამ თამაშის გამო ვერ დაესწრო... ლოჩოშვილს სერია A-ს მიმდინარე სეზონში 15 მატჩი აქვს ჩატარებული, თავი 1 საგოლე პასით გამოიჩინა.

მოურინიო სეზონში მესამედ გააძევეს

ცალკე უნდა ვთქვათ ჟოზე მოურინიოზე, რომელიც მე-2 ტაიმის დასაწყისში გააძევეს. პორტუგალიელ მწვრთნელს სერია A-ს მიმდინარე სეზონში წითელი ბარათი 3-ჯერ და ყვითელი ბარათი 4-ჯერ უჩვენეს!

კრემონეზემ სერია A-ში, როგორც ვთქვით, პირველად მოიგო, მაგრამ რომა მიმდინარე სეზონში მეორედ დაამარცხა - 2 თებერვალს, იტალიის თასის 1/4-ფინალში "სტადიო ოლიმპიკოზე" აჯობა (2:1).

ლუკა ლოჩოშვილის გუნდმა პირველი გამარჯვებით 12 ქულა დააგროვა, რის შედეგადაც ბოლო ადგილს თავი დააღწია, მე-19 პოზიციაზეა და მომდევნო ტურში 6 მარტს, სასუოლოს ესტუმრება. რომა 44 ქულით მე-5 საფეხურს იკავებს.

კრემონეზე 2:1 რომა

გოლები: 1:0 ცაჯუ (17), 1:1 სპინაცოლა (71), 2:1 ჩოფანი (82. პენ)

კომენტარები

ბოლო ამბები