Thumbnail

WhoScored-ის მიმდინარე რეიტინგში ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს ფეხბურთელებს შორის დიდხანს ლიდერობდა, თუმცა ბოლო ტურის შემდეგ მას თანაგუნდელმა და მეგობარმა ვიკტორ ოსიმენმა გადაასწრო, სულ რაღაც მეასედი ქულით...

ყველა შეჯიბრში 12 გოლი, 13 პასი და 3 მოპოვებული პენალტი აქვს

იტალიის ჩემპიონატის ბოლო ტურში ნაპოლიმ სტუმრად 2:0 დაამარცხა ემპოლი. ხვიჩას ნამდვილად კარგი პირველი ტაიმი ჰქონდა, ორივე გოლში მიიღო მონაწილეობა, თუმცა ეს გოლად ან საგოლე პასად არ ასახულა. მეორე ტაიმში ნაპოლი 10 კაცით დარჩა და ხვიჩას მოედნის დატოვება ნაადრევად მოუწია. შესაბამისად, WhoScored-ის შეფასება საუკეთესო ნამდვილად არ იყო - 6.61. შეტევაში მისმა მეწყვილემ, ვიკტორ ოსიმენმა მორიგი გოლი გაიტანა და 7.6 ქულა დაიმსახურა. ამან ნიგერიელს მიმდინარე რეიტინგში ლიდერის გადასწრების შანსი მისცა - ვიკტორს რეალურად არ შეცვლია, რეიტინგი "კვარას" კი 5 მეასედი ქულა მოაკლდა. 

წაიკითხე | ტატო ბაციკაძე: კვარას ფენომენი, ქინქლაძის სევდა და ის, რაც ყველას მიგვავიწყდა

ქართველი ლეგიონერი საკმაოდ უსწრებს მე-3 ადგილზე მყოფ პაულო დიბალასა, რომელსაც კრემონეზესთან ცუდი მატჩი ჰქონდა. ასე რომ, სერია A-ს საუკეთესო ფეხბურთელობის ბედი ნაპოლის შემტევ ტანდემში უნდა გადაწყდეს. ეს უკვე შიდატენდემური საქმეა!

სერია A-ს საუკეთესო ფეხბურთელები [WhoScored]

1. ვიკტორ ოსიმენი (ნაპოლი) – 7.60 (0)
2. ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი) – 7.59 (-0.05)
3. პაულო დიბალა (რომა) – 7.35 (-0.07)
4. სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩი (ლაციო) – 7.32 (-0.01)
5. ლუკას მარტინესი (ფიორენტინა) – 7.25 (+0.07)

ტოპ ხუთეულში ერთი ცვლილებაა, ლაუტარო მარტინესი გავარდა, ხოლო მე-5-ზე მისი თანამემამულე და მოგვარე ლუკას მარტინესი ავიდა, რადგან ფიორენტინას და კონკრეტულად არგენტინელს წარმატებული მატჩი ჰქონდა. ლაუტარო მეექვსე ადგილზეა (7.24), ხვიჩას კიდევ ორი გუნდელი კი მე-7 და მე-8-ზე: მარიო რუი (7.16) და კიმ მინ-ჟაე (7.14). 

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია 9 საგოლე პასით იტალიის ჩემპიონატში კვლავ პირველ ადგილზეა, მას ერთი ასისტით ჩამორჩება სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩი (ლაციო). 

ფანტასტიკური მესი და მბაპე

ევროპის TOP 5 ლიგებში ხვიჩა კვარაცხელია მე-6 პოზიციაზე იყო, 4 მეასედი ქულის მოკლების შემდეგ კი მეათეა. რაც 3 ათასამდე ელიტურ ფეხბურთელს შორის მაინც დიდებული შედეგია. თან, ხვიჩას და მეცხრეადგილოსან კევინ დე ბრუინს თანაბარი ქულები აქვთ. 

ჩემპიონატში მესის პასებით მბაპემ უკვე 8 გოლი გაიტანა. ეს საუკეთესო ტანდემია

TOP 5 ლიგების საუკეთესო ფეხბურთელები [WhoScored]

1. ლიონელ მესი (პსჟ) – 8.46 (+0.06)
2. კილიან მბაპე (პსჟ) – 7.74 (+0.08)
3. მარტინ ტერიე (რენი) – 7.71 (0)
4. ნეიმარი (პსჟ) – 7.71 (0)
5. კირან ტრიპიერი (ნიუკასლი) – 7.65 (0)

6. გაბრიელ ჟეზუში (არსენალი) – 7.61 (0)
7. ვიკტორ ოსიმენი (ნაპოლი) – 7.60 (0)
8. ერლინგ ჰაალანდი (მანჩესტერ სიტი) – 7.60 (+0.02)
9. კევინ დე ბრუინი (მანჩესტერ სიტი) – 7.59 (+0.02)
10. ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი) – 7.59 (-0.05)

კილიან მბაპე მეორე ადგილზე გადავიდა, ხოლო ლიონელ მესი იმდენად უნიკალური ფეხბურთელია, რომ ძალზე მაღალ საშუალო მაჩვენებლსაც აუმჯობესებს. ეთეულიდან გავარდნენ ქარიმ ბენზემა (7.54) და რობერტ ლევანდოვსკი (7.55). მე-13 ადგილზე მყოფ ჯუდ ბელინგემს კი 7.52 ქულა აქვს. 

თუ ჩემპიონთა ლიგასაც ჩავთვლით...

სხვათა შორის, ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე რეიტინგში ხვიჩას დაახლოებით იმდენივე ქულა აქვს, რამდენიც იტალიის ჩემპონატში - 7.55 და ის მე-13 პოზიციაზეა. პირველ ადგილზე იქაც ლიონელ მესია (8.01), თუმცა ვინისიუს ჟინიორი მას მხოლოდ მეასედი ქულით ჩამორჩება. მე-3 პოზიციაზე კილიან მბაპეა (7.83). 

ორი ტურნირის ჯამში ხვიჩა თანაგუნდელზე წინ არის

ჩვენ ლიდერების საშუალო შეფასებები გამოვითვალეთ (ეროვნული ჩემპიონატი + ჩემპიონთა ლიგა) და ასეთი სურათი მივიღეთ: ხვიჩას მხოლოდ ხუთი ვარსკვლავი უსწრებს და ეს დიდებული შედეგია. 

შეგახსენებთ, რომ 4-4 საგოლე პასით ლიგაზე ხვიჩა ერთ-ერთი ლიდერია დიოგო ჟოტასთან და ლიონელ მესისთან ერთად. 

22 წლის ქართველ ვარსკვლავს ორივე ტურნირზე ჯამში 26 მატჩში 12 გოლი, 13 საგოლე პასი და 3 გამომუშავებული პენალტი აქვს. სწორედ ამიტომ GOAL.COM 2023 წლის ოქროს ბურთის რეიტინგში ის მე-7 ადგილზე დაწინაურდა. 

საუკეთესო ფეხბურთელები. ყველა შეჯიბრება [WhoScored]

1. ლიონელ მესი (პსჟ) – 8.23
2. კილიან მბაპე (პსჟ) – 7.78
3. ვინისიუს ჟუნიორი (რეალი) – 7.69
4. რობერტ ლევანდოვსკი (ბარსელონა) – 7.69
5. იოზუა კიმიხი (ბაიერნი) – 7.63
6. ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი) - 7.57
7. მეჰდი ტარემი (პორტუ) – 7.57
8. ერლინგ ჰაალანდი (მანჩესტერ სიტი) – 7.53

მესისა და მბაპეს ტანდემი წინ გაიჭრა

ლიგა 1-ში ლიონელ მესის პასებით კილიან მბაპემ ორი გოლი გაიტანა და ეს ტანდემი დაწინაურდა, ახლა მათ წყვილს ორით მეტი გოლი აქვს, ვიდრე კვარაცხელიას პასებით ოსიმენს, ან დე ბრუინის პასებით - ჰაალანდს. 

TOP 5 ლიგების საუკეთესო ტანდემები

ლიონელ მესი ➡ კილიან მბაპე (პსჟ) – 8
ხვიჩა კვარაცხელია ➡ ვიკტორ ოსიმენი (ნაპოლი) – 6
კევინ დე ბრუინი ➡ ერლინგ ჰაალანდი (მანჩესტერ სიტი) – 6
ბრუნო ფერნანდეში ➡ მარკუს რაშფორდი (მანჩესტერ იუნაიტედი) - 5 
სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩი ➡ ჩირო იმობილე (ლაციო) – 5
ალასან პლეა ➡ მარკუს ტურამი (გლადბახი) – 5.

კომენტარები

ბოლო ამბები