Thumbnail

ოსიმენი მხედველობის დაკარგვას გადაურჩა - პროფესორი ოპერაციასა და ნიღაბზე

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ნაპოლის ფორვარდი სახის არეში ტრავმის შემდეგ ნიღბით თამაშობს
  • 24 წლის ნიგერიელის შესახებ პროფესორმა ჯანპაოლო ტარტარომ ისაუბრა 

ნაპოლის თავდამსხმელ ვიქტორ ოსიმენს, რომელიც დღეს არამხოლოდ იტალიაში, ევროპის მასშტაბით ერთ-ერთ საუკეთესო ცენტრფორვარდად მიიჩნევა, ტრავმის გამო შეიძლებოდა მხედველობა დაეკარგა. ამის შესახებ ქირურგიის პროფესორმა ჯანპაოლო ტარტარომ ისაუბრა.

2021 წლის ნოემბერში, ინტერის მცველ მილან შკრინიართან შეჯახების შედეგად, ნიგერიელმა თავდამსხმელმა სახის არეში მძიმე დაზიანებები მიიღო. ვიქტორს თვალზე ოპერაცია ჩაუტარდა, ორბიტალური და ყვრიმალის ძვლების მრავლობითი მოტეხილობების გამო კი 6 ფირფიტისა და 18 ხრახნის იმპლანტირება დასჭირდა. მას შემდეგ ოსიმენი თამაშის დროს დამცავ სპეციალურ ნიღაბს იყენებს.

2021 წელს ინტერი-ნაპოლის მატჩში ნიგერიელმა მძიმე ტრავმა მიიღო

"გატეხილ ორბიტალურ ძვალს სერიოზული პრობლემების გამოწვევა შეეძლო, მათ შორის, მხედველობის დაკარგვა. მაგრამ საბედნიეროდ, თვალი ბუდეში დაბრუნდა და შესაძლოა, ვიქტორს სახიდან ფირფიტებისა და ხრახნების ამოსაღებად ოპერაცია აღარც დასჭირდეს, თუკი ამის აუცილებლობა, ინფექციის შეჭრის ან სხვა მიზეზით არ დადგა. 

ჩვენ მსოფლიოში საუკეთესო ხარისხის ფირფიტები გამოვიყენეთ და ძალიან გულდასმით შევისწავლეთ იმპლანტაციის ადგილები. გავითვალისწინეთ ისიც, რომ ვიქტორმა ბურთს თავიც უნდა დაარტყას ხოლმე. მგონია, რომ ახლა ოსიმენი უკეთესადაც თამაშობს, მსოფლიო დონის ფორვარდია, ნიღაბს კი არ იშორებს იმიტომ, რომ ის დამატებით თავდაჯერებულობას მატებს", - აქვეყნებს პროფესორის სიტყვებს იტალური მედია.

ოსიმენი და კვარაცხელია ნაპოლის ჩემპიონობისკენ მიუძღვებიან

ვიქტორ ოსიმენი ნაპოლიში 2020 წლის ზაფხულში, ფრანგული ლილიდან იტალიური კლუბისთვის სარეკორდო 70 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა. მიმდინარე სეზონში 24 წლის ნიგერიელმა თავდამსხმელმა სერია A-ს 20 მატჩში 19 გოლი გაიტანა და ტურნირის საუკეთესო ბომბარდირია.

კომენტარები

ბოლო ამბები