- მილუოკი ბაქსი 139:117 ორლანდო მეჯიქი
- ქართველების დუელი არ შედგა: მამუკელაშვილი ბაქსში აღარ თამაშობს
ამ თამაშში ქართველი კალათბურთელების დუელს ველოდით, მაგრამ მოულოდნელად, მილუოკი ბაქსისა და სანდრო მამუკელაშვილის ამბავი დასრულდა - NBA-ს ექს-ჩემპიონმა და ქართველმა კალათბურთელმა კონტრაქტი გაწყვიტეს, რაც იმას ნიშნავს, რომ მამუ ახალი გუნდის ძიებაშია.
გოგა ბითაძემ კი ითამაშა - ამჯერად 4:33 წუთი, რა დროშიც 3 ქულის დაგროვება შეძლო. ქართველი ცენტრის მონაგარი ასეთია: 1/2 აქედან 0/1 სამქულიანი, ასევე 1/1 საჯარიმო, 2 მოხსნა (1 შეტევაში, 1 დაცვაში) და +/- კოეფიციენტი +1.
როგორც მოსალოდნელი იყო, ორლანდომ მილუოკის სერიოზული წინააღმდეგობა ვერ გაუწია. ბაქსს ზედიზედ ახლა უკვე 16 მატჩი აქვს მოგებული და მოგება ახლაც ძალიან დამაჯერებელი თამაშით შეძლო. იანის ანტეტოკუნმპომ 31 ქულა ჩააგდო (10/14). 56-დან 26 ჩაგდებული სამქულიანი მილუოკისთვის სეზონის საუკეთესო მაჩვენებელია, თავად Greek Freak-მა 3 სამიანი ჩააგდო.
ჯამში, მინიმუმ 4 სამქულიანი ოთხმა კალათბურთელმა ჩააგდო - ბრუკ ლოპესმა (18 ქულა), გრეისონ ალენმა (12), ჯო ინგლესმა (16) და ეი ჯეი გრინმა (12). შედარებისთვის: ორლანდომ ჯამში მხოლოდ და მხოლოდ 9 სამქულიანი ჩააგდო. შესაბამისად, ისიც კი გასაკვირი გახლდათ, რომ მეჯიქი მესამე პერიოდის ბოლომდე ერთნიშნა ჩამორჩენას ინარჩუნებდა.
ეს ორლანდოდან პირველ რიგში კოულ ენტონის დამსახურებაა, რომელმაც 28 ქულა ჩააგდო (10/16) და “მეექვსე კაცის” კვალობაზე შესანიშნავი საღამო ჰქონდა. კარგი იყო ფულტციც (21 ქულა), ფრანც ვაგნერმა კი 18 ქულა დააგროვა. აღსანიშნავია, რომ მილუოკიმ კრის მიდლტონი დაასვენა.
45 მოგებით და 17 წაგებით მილუოკი NBA-ს აღმოსავლეთ კონფერენციას ისევ სოლიდურად ლიდერობს. ბითაძის ორლანდო 26 გამარჯვებით და 37 მარცხით მე-13 ადგილზეა, თუმცა საუკეთესო ათეულში და შესაბამისად Play-in-ში მოხვედრის შანსს ინარჩუნებს. ორლანდო მეჯიქი მომდევნო მატჩს 4 მარტს, შარლოტ ჰორნეტსთან გამართავს.
კომენტარები