Thumbnail

ბორჯღალოსნებმა, რომლებიც 2023 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალური მატჩისთვის ემზადებიან, შევარდენის სანაკრებო ბაზაზე ღია ვარჯიში გამართეს.

შეგახსენებთ, რომ მოახლოებულ მატჩში ქართველი მორაგბეების მეტოქე რუმინეთის ნაკრები იქნება. თამაში 5 მარტს (16:00 საათზე) თბილისში, ავჭალის სარაგბო სტადიონზეა დაგეგმილი და გამარჯვებული ტურნირის ფინალში თამაშის უფლებას მოიპოვებს, სადაც პორტუგალიასა და ესპანეთს შორის უმჯობესს შეხვდება. 

ბორჯღალოსნების ღია ვარჯიში საათზე ოდნავ მეტხანს გაგრძელდა და ის ინტენსიურ, ორმხრივ თამაშს მოიცავდა, რომელსაც მწვრთნელები მართავდნენ. ვარჯიშის დასრულების შემდეგ, კომენტარები მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა და მორაგბეებმა – გიორგი ჭყოიძემ და დავით ნინიაშვილმა გააკეთეს.

ლევან მაისაშვილი: “ნებისმიერი თამაში, რომლის შედეგი ყველაფერს წყვეტს, დამატებით წნეხს ატარებს. ვემზადებით ნახევარფინალისთვის, სადაც ჩვენი მეტოქე რუმინეთი იქნება. მეტოქე ძალისმიერი თამაშის მიმდევარია და ვეცდებით, ამ კომპონენტში დომინანტები ვიყოთ. რუმინელები ამ სტილს თითქმის არასდროს ღალატობენ და შეჯგუფებებში დომინირებას ცდილობენ. ჩვენი მიზანია, რომ თამაშიდან თამაშამდე უკეთესი ხარისხი ვაჩვენოთ, რისი გეგმაც გვაქვს და ამბიციაც. საინტერესო მოსამზადებელი კვირაა და ვიმედოვნებ თამაში ჩვენი კარნახით წარიმართება. მსაჯების მიმართ კრიტიკით არ გამოვირჩევი, თუმცა მათი გადაწყვეტილებები, თანაც, არა მხოლოდ ამ რაგბი ევროპის ჩემპიონატზე, ძალიან ბევრ კითხვის ნიშანს ბადებს. ეს ისეთივე დამატებითი წნეხია, როგორიც შეიძლება იყოს ამინდი, მოწინააღმდეგე გუნდის მაყურებელი და ა.შ. ადვილი არ იქნება, თუმცა ვეცდებით, მეტად მობილიზებულები და დისციპლინირებულები ვიყოთ. ყველა ჯარიმას მსაჯს ვერ დავაბრალებთ.“.

გიორგი ჭყოიძე: “გუნდი ოპტიმალურ ფორმაშია და როგორც მოთამაშეები, ასევე მწვრთნელები, მაქსიმუმს ვაკეთებთ, რათა 5 მარტს კარგი თამაში ვაჩვენოთ და რა თქმა უნდა, წარმატებას მივაღწიოთ. რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფორმატი შეიცვალა, რუმინეთთან ნახევარფინალს ვთამაშობთ და ეს ჩვენს მოტივაციას კიდევ უფრო ზრდის. ყველას უნდა დავანახოთ, რომ რა ცვლილებებიც არ უნდა მოხდეს, წარმატების მიღწევაში ხელს ვერაფერი შეგვიშლის. წელს, თბილისში ასეთი მნიშვნელოვანი თამაში არ გვქონია, იმედია სტადიონი გაივსება და გამარჯვებას გულშემატკივრებთან ერთად ვიზეიმებთ “.

დავით ნინიაშვილი: “ორშაბათიდან ვემზადებით და პროცესი ძალიან კარგად მიდის. ვეცდებით, რაც ესპანეთთან არ გამოგვივიდა, რუმინეთთან გამოვასწოროთ. მეტოქე კარგი გუნდია, ძლიერები არიან შეჯახებებში და სახიფათონი ერთი-ერთზე. რაგბი ევროპის ჩემპიონატში ნახევარფინალური ეტაპი პირველად ტარდება და რუმინეთი მაქსიმუმს გაიღებს ფინალში გასასვლელად, ჩვენ კი მათზე მეტად მოვინდომებთ, რათა გულშემატკივარი მოგებასთან ერთად ლამაზი თამაშითაც გავახაროთ. სასიამოვნოა, რომ ბილეთები მატჩამდე რამდენიმე დღით ადრე სრულად გაიყიდა. გულშემატკივარს დიდი მუხტი შემოაქვს თამაშში და რეალურად ასრულებს მე-16 მოთამაშის ფუნქციას“.

ბორჯღალოსნებს რუმინეთთან ურთიერთშეხვედრების ყველაზე დიდი ისტორია აქვთ. 1998 წლიდან დღემდე მეტოქეებმა 26 მატჩი (12 შინ, 12 სტუმრად და 2 ნეიტრალურზე გვქონდა) გამართეს და 16 საქართველოს გამარჯვებით დასრულდა, ერთხელ ფრე დაფიქსირდა, 9-ჯერ კი რუმინეთმა მოიგო. საქართველოს ნაკრების აქტივში 52 ლელო და 530 ქულაა, რუმინელებს კი 36 ლელო და 434 ქულა უგროვდებათ.

გამარჯობა, როგორ ხართ? 👋 ნახევარფინალის ბილეთები შეიძინე აქ 👉 tkt.ge/rugby 🇬🇪 საქართველო v რუმინეთი 🇷🇴 | 5 მარტი, 16:00, ავჭალა

Posted by Georgian Rugby on Wednesday, March 1, 2023

კომენტარები

ბოლო ამბები