Thumbnail
  • 📅 3 მარტი | 🏟 სტადიო მარადონა | ⌚ 23:45 | ⚽ ნაპოლი V ლაციო
  • ნაპოლის ლაციოსთან თამაში ბოლო პერიოდში კარგად გამოსდის
  • ნეაპოლში მაურიციო სარი ბრუნდება, რაც ცალკე ინტრიგაა
  • ყველაფერი, რაც ამ მატჩის შესახებ უნდა იცოდეთ

ნაპოლი იტალიის ჩემპიონობასთან ძალიან ახლოსაა: ქულებს არ კარგავს, შესანიშნავად თამაშობს და კონკურენტებიც ძალიან შორს არიან.

მოკლედ, ყველაფერია საიმისოდ, რომ ლუჩანო სპალეტის გუნდმა ისტორიაში მე-3 "სკუდეტო" მოიგოს. თუმცა, სპალეტი ფეხბურთელებს ყურადღების მოდუნების უფლებას რომ არ აძლევს, ყველა დეტალში ძალიან კარგად ჩანს. ნაპოლის სერია A-ს 25-ე ტურში პრინციპული მეტოქე ჰყავს - რომის ლაციო.

მთავარი ინტრიგა მაურიციო სარის "სტადიო მარადონაზე" დაბრუნებაა. სარი ნაპოლის 2015-2018 წლებში ავარჯიშებდა. მაშინდელი "აძური" ძალიან ლამაზ ფეხბურთს თამაშობდა, სარიც ნეაპოლში ძალიან უყვართ, მაგრამ ბოლო დროს ბევრი ფიქრობს, რომ სპალეტის ნაპოლი უფრო შთამბეჭდავ ფეხბურთს აჩვენებს.

პირველ წრეში რომში ამ გუნდების თამაში ძალიან კარგი სანახავი გამოდგა: ლაციო იგებდა, საბოლოოდ, ნაპოლიმ მოიგო. ნეაპოლელთა მაშინდელ 3 ქულაში ხვიჩა კვარაცხელიას უდიდესი წვლილია, რადგან გამარჯვების გოლი სწორედ ქართველმა შემტევმა გაიტანა.

ზოგადად, კვარას რომში მაგარი პერფორმანსი ჰქონდა, არაერთი დასამახსოვრებელი ეპიზოდი აჩუქა ფეხბურთის გულშემატკივარს, მათ შორის, ზიდანის სტილში ფინტი და დარტყმა შორი მანძილიდან, როცა ლაციო ძელმა გადაარჩინა. გოლიც მაგარი გაიტანა. მოკლედ, პირველი წრის მატჩის გმირი ცალსახად კვარა იყო. სხვათა შორის, ის მატჩი 3 სექტემბერს გაიმართა, ამჯერად გუნდები 3 მარტს შეხვდებიან - ზუსტად 6 თვის შემდეგ.

კვარას პირველ წრეში ლაციოსთან გამორჩეული თამაში ჰქონდა

ნაპოლი ჩემპიონობასთან ახლოსაა, მილანურ გრანდებს 18-18 ქულით უსწრებს, რაც სარეკორდო უპირატესობაა სერია A-ს ისტორიაში 24-ე ტურისთვის. ძნელი წარმოსადგენია, რამ უნდა შეუშალოს ხელი სპალეტის გუნდს, რომ "სკუდეტო" ვერ მოიგოს.

თუკი ნაპოლი ისტორიული ტრიუმფისკენ მიიწევს, ლაციოსაც აქვს თავისი მიზანი - ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოხვედრა. სარის გუნდი 45 ქულით ამჟამად მე-4 ადგილზეა, მე-2 ადგილთან მხოლოდ 2 ქულა აშორებს. თავის მხრივ, ზურგს უკან მდევრები ახლოს ჰყავს: რომა ერთ და ატალანტა ოთხ ქულაში. ასე რომ, ლაციოს სარიც ნეაპოლში ქულებისთვის ჩავა.

ნაპოლის ტრავმირებული ჰყავს ჯაკომო რასპადორი, ხოლო მარიო რუიმ დისკვალიფიკაცია უნდა მოიხადოს. ლაციოს ტრავმის გამო პედრო, დისკვალიფიკაციის გამო კი ნიკოლო კაზალე ვერ დაეხმარება.

საინტერესო ფაქტები

🟠 ნაპოლიმ და ლაციომ სერია A-ს ბოლო 19 მატჩიდან ფრე მხოლოდ ერთხელ ითამაშეს (1:1, 2016 წლის 5 ნოემბერს). ამ ფრის შემდეგ 2 თამაში ლაციომ მოიგო, 10 "აძურიმ", მათ შორის ბოლო 4, რომელშიც ნეაპოლელებმა 13 გოლი გაიტანეს.

🟠 ნაპოლი ლაციოსთან "სტადიო მარადონაზე" დაუმარცხებელია ბოლო შვიდ მატჩში (6 მოგება, 1 ფრე). ბოლოს 2015 წლის 31 მაისს წააგო (2:4).

🟠 ლაციომ წააგო ნაპოლისთან სერია A-ში ბოლო 5 გასვლითი თამაში და 21-ე საუკუნეში უარესი სერია სტუმრად მხოლოდ ინტერთან ჰქონდა, რომლის წინააღმდეგ 2006-2012 წლებში "სან სიროზე" უფრო მეტჯერ წააგო.

🟠 ნაპოლიმ სერია A-ში ბოლო 4 მატჩი გოლგაუშვებლად მოიგო. 2019 წლის თებერვლიდან, როცა გუნდში კარლო ანჩელოტი მუშაობდა, ზედიზედ 5-ჯერ სერია A-ში კარი მშრალად არ შეუნახავს. უფრო მეტიც, ზედიზედ 5 თამაში გოლის გაშვების გარეშე "აძურის" სერია A-ში არასდროს მოუგია.

🟠 ნაპოლი მე-3 გუნდია სერია A-ს ისტორიაში, რომელმაც 24 ტურის შემდეგ მინიმუმ 65 ქულა მოიპოვა ინტერის (2006/07) და იუვენტუსის (2018/19) შემდეგ. გამარჯვების შემთხვევაში ნაპოლი 68 ქულას დააგროვებს და 2006/07 წლების სეზონში ინტერის შედეგს გააუმჯობესებს, რომელმაც 25-ე ტურში მაშინ ფრე ითამაშა.

🟠 ლაციომ ბოლო 2 მატჩი სერია A-ში მოიგო და ზედიზედ 3 გამარჯვება ამ ტურნირზე გასული წლის ოქტომბრის შემდეგ არ მოუპოვებია (იმ შემთხვევაში 4 გამარჯვება).

🟠 ლაციო (4) და ნაპოლი (7) არის ორი გუნდი, რომლებმაც ყველაზე ცოტა გოლი გაუშვეს მიმდინარე სეზონში პირველ ტაიმში. ლაციოს შედეგი სულაც ტოპლიგებშია საუკეთესო.

🟠 ვიქტორ ოსიმენმა სერია A-ს ბოლო 8 მატჩში გოლი გაიტანა და შეიძლება გახდეს მეორე მოთამაშე 3-ქულიან ერაში (1994 წლიდან), რომელიც ზედიზედ 9 შეხვედრაში თავს გამოიჩენს პენალტის გატანის გარეშე. ბოლოს პენალტის გარეშე ზედიზედ 9 მატჩში გოლი დავიდ ტრეზეგემ გაიტანა 2005 წლის ოქტომბრიდან დეკემბრამდე.

🟠 იტალიის თასისა და ჩემპიონთა ლიგის შვიდ მატჩში ჯოვანი სიმეონემ 5 გოლი გაიტანა, ორით მეტი, ვიდრე სერია A-ს 14 შეხვედრაში. ჩოლიტოს ლაციოს წინააღმდეგ 8 გოლი აქვს გატანილი, უფრო მეტი, ვიდრე ნებისმიერი სხვა მეტოქის წინააღმდეგ.

🟠 იმ 17 გუნდს შორის, რომელსაც სერია A-ში მინიმუმ 7-ჯერ მაინც დაუპირისპირდა, ნაპოლი არის გუნდი, რომლის წინააღმდეგ სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩმა ყველაზე ნაკლებ გოლში მიიღო მონაწილეობა - მან "აძურისთან" 14 თამაშში 1 გოლი გაიტანა, საგოლე პასი კი არ გაუკეთებია.

🟠 ნაპოლის ბოლო 5 მატჩში 3-ჯერ 2.5-ზე ნაკლები გოლი გავიდა და ორივე გუნდმა ვერცერთ შეხვედრაში გაიტანა. ნეაპოლელთა ბოლო 3 თამაში ერთნაირი ანგარიშით, 2:0 დასრულდა (სამივე ნაპოლიმ მოიგო და სამივე გასვლაზე).

🟠 ლაციოს ბოლო 5 მატჩიდან ხუთუვეში 2.5-ზე ნაკლები გოლი გავიდა და ორივე გუნდს არცერთ შეხვედრაში გაუტანია.

🟠 ამ გუნდების ბოლო 5 დაპირისპირებაში 4-ჯერ 2.5-ზე მეტი გოლი გავიდა და 3-ჯერ ორივე გუნდმა გაიტანა.

სავარაუდო შემადგენლობები

ნაპოლი (4-3-3): მერეტი - დი ლორენცო, რაჰმანი, კიმი, ოლივერა - ანგისა, ლობოტკა, ჟელინსკი - ლოსანო, ოსიმენი, კვარაცხელია.
ტრავმა ან დისკვალიფიკაცია: რასპადორი, მარიო რუი.

ლაციო (4-3-3): პროვედელი - ლაძარი, პატრიკი, რომანიოლი, მარუშიჩი - მილინკოვიჩ-სავიჩი, კატალდი, ლუის ალბერტო - ფელიპე ანდერსონი, იმობილე, ძაკანი.
ტრავმა ან დისკვალიფიკაცია: კაზალე, პედრო.

კომენტარები

ბოლო ამბები