Thumbnail
  • ვიქტორ ოსიმენმა ხვიჩა კვარაცხელია ძალიან დადებითად დაახასიათა
  • ნიგერიელი და ქართველის ტანდემი მიმდინარე სეზონში შეუჩერებელია

ნაპოლის გოლეადორმა ვიქტორ ოსიმენმა Corriere Della Sera-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა, რომელშიც სხვადასხვა თემებთან ერთად კომენტარი ხვიჩა კვარაცხელიაზეც გააკეთა.

ნიგერიელი და ქართველი მიმდინარე სეზონში შესანიშნავ ტანდემს ქმნიან - ნაპოლის წარმატებაში მათი წვლილი განუზომლად დიდია. როგორც ოსიმენმა აღნიშნა, კვარა უბრალოდ ოქროს ბიჭია.

"ჩვენს შორის ემპათია პირველივე წუთიდან არსებობს. ის ძალიან ძლიერი ფეხბურთელია, მაგრამ ასევე ოქროს ბიჭია. ეს ჩემთვის მნიშვნელოვანია", - აღნიშნა ვიქტორმა.

ოსიმენმა მიმდინარე სეზონის მიზნებზე თქვა: "ჯერ მხოლოდ მარტია და წინ ბევრი დროა. მინდა, ყველაფერი მოვიგო, "სკუდეტოც" და ჩემპიონთა ლიგაც. ჩვენ თავდადებით ვთამაშობთ ამ ყველაფრის მისაღწევად, ამას ვიმსახურებთ. ყურადღება არ უნდა გავფანტოთ, ჩვენი მენტალიტეტი ყოველთვის ერთი და იგივეა, იტალიაშიც და ჩემპიონთა ლიგაშიც. ყოველთვის ერთმანეთზე ვზრუნავთ, თუ ვინმეს უჭირს, მზად ვართ, დავეხმაროთ. გუნდში არის სოლიდარობა, რაც ძნელი ასახსნელია მათთვის, ვინც ამას არ განიცდის. როდესაც გჯერა, რომ ძლიერი ხარ, გამარჯვებასაც ახერხებ. გარდა ამისა, გვყავს მწვრთნელი, რომელიც გუნდის ტვინს წარმოადგენს. ერთხელაც მწვრთნელობა რომ გადავწყვიტო, ვისურვებდი, მას დავემსგავსო".

კვარა-ოსის "დუო" ყველას აოცებს

ნიგერიელ ფეხბურთელს აქტიურად უკავშირებენ ინგლისის პრემიერლიგის გუნდებს, რაზეც უპასუხა: "ვფიქრობ, ეს ყველა ფეხბურთელის ამბიციაა. ვინ იცის, ერთ დღესაც რა მოხდება. გარწმუნებთ, რომ ამჟამად ამაზე არც კი ვფიქრობ. მხოლოდ მშვენიერ სეზონზე ვარ კონცენტრირებული, მხოლოდ ნაპოლიზე".

შეგახსენებთ, რომ ვიქტორ ოსიმენი 19 გოლით სერია A-ს საუკეთესო ბომბარდირია, ხოლო ხვიჩა კვარაცხელია 10 გოლით მე-5 ადგილზეა. სამაგიეროდ, კვარა იტალიის ჩემპიონატში 9 საგოლე გადაცემით საუკეთესო მეპასეა.

ნაპოლი სერია A-ს უახლოეს ტურში 3 მარტს, რომის ლაციოს უმასპინძლებს.

კომენტარები

ბოლო ამბები