- საქართველოს ნაკრებისა და მეცის ფორვარდი ფრანგულ მედიას ესაუბრა
- 22 წლის ფეხბურთელმა რამდენიმე საინტერესო საკითხზე ილაპარაკა
მეცის თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე საფრანგეთის ლიგა 2-ში ბრწყინვალე სეზონს ატარებს. საქართველოს ნაკრების 22 წლის ფეხბურთელმა ჩემპიონატის 24 მატჩში 12 გოლი გაიტანა და ლიგის საუკეთესო ბომბარდირია (სენტ ეტიენის ფორვარდ ჟან-ფილიპ კრასოსთან ერთად).
გიორგიმ ფრანგულ მედიას ინტერვიუ მისცა, სადაც მეცში თავის მომავალზე, ფანების დამოკიდებულებზე, საყვარელ კერძსა და საქართველოს ნაკრების მიზნებზე ისაუბრა.

...მეცსა და ფანებზე: "მეცში ნდობა თავიდანვე არ გამომიცხადეს და სათამაშოდ სერენში მომიხდა წასვლა. შემდეგ დავბრუნდი, მაგრამ ისევ ბელგიაში კიდევ კიდევ ერთი წლით წავედი. ამ ეტაპების გავლა მნიშვნელოვანი იყო, რაც დამეხმარა იმაში, რომ დღეს ლიგა 2-ის ბომბარდირი ვარ. ფანების მხარდაჭერას ვგრძნობ და ეს იმ გოლების შედეგია, რომლებიც გავიტანე. ამას ვხედავ სოციალურ ქსელებში. ნიმთან მატჩში, როდესაც მოედანზე გავედი, ოვაციებით შემხვდნენ. ნელ-ნელა ადამიანები უკვე ქუჩაშიც მცნობენ".

საოცნებო ლიგასა და მომავალზე: "მომავალ სეზონში მეცში დარჩენაზე ვფიქრობ. ცხრილის ზედა ნაწილში ვართ და მით უმეტეს, თუკი ლიგა 1-ში აღზევებას შევძლებთ, რატომაც არ უნდა დავრჩე? სასურველ ჩემპიონატს რაც შეეხება, ყოველთვის ვამბობდი, რომ ჩემთვის საოცნებო ინგლისის ჩემპიონატია".
...საკვარელ კერძზე: "ვცდილობ სწორად ვიკვებო. მყავს დეიტოლოგი, ვინც მთელი კვირის რეცეპტებს მაწვდის და შემდეგ კერძებს შინ თავად ვამზადებ. როდესაც რეცეპტი მეტისმეტად რთულია, დედას ვურეკავ (იცინის). ის ბრწყინვალე მზარეულია, განსაკუთრებით კარგად კი ქართულ კერძებს ამზადებს. ჩემი საყვარელი კერძი ხინკალია. ეს ცომში შეხვეული ხორცის ფარშია, მცირე წვენით. როდესაც მასთან მივდივარ, მიმზადებს ხოლმე. ხინკლის მოხვევა თავად არ ვიცი. არც მიცდია არასდროს, რადგან რომ ვხედავ, დედაჩემი როგორ აკეთებს, საკმაოდ რთული მგონია".

...საქართველოს ნაკრებზე: "ქართველი ფეხბურთელები გამოდიან უცხოურ კლუბებში, მათ შორის ნაპოლიში, სადაც ხვიჩა კვარაცხელიაა. ესპანეთში, ვალენსიაში გიორგი მამარდაშვილი თამაშობს, ბორდოში - ზურიკო დავითაშვილი. რა თქმა უნდა, მოლოდინი დიდია. საქართველოს ნაკრები ახალგაზრდული გუნდია და ყველაფერი წინაა. გვაქვს დრო, რათა მივაღწიოთ მიზანს და შევძლოთ დიდ საერთაშორისო ტურნირში მოხვედრა. ახლა ყურადღება ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპისკენ გვაქვს მიმართული. ვნახოთ, როგორ ჩავატარებთ მატჩებს. საკმაოდ რთულ ჯგუფში მოვხვდით, სადაც მეტოქეებად ნორვეგია და ესპანეთი გვყავს. მაგრამ შეუძლებელია არაფერია და მაქსიმუმი უნდა გავაკთოთ, რათა ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატის საგზური მოვიპოვოთ".
საქართველოს ნაკრებს ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო A ჯგუფში მეტოქეებად: ესპანეთი, შოტლანდია, ნორვეგია და კვიპროსი ჰყავს. ვილი სანიოლის გუნდი შესარჩევის პირველ შეხვედრას 28 მარტს, ბათუმში, ნორვეგიის ნაკრებთან ჩაატარებს. იქამდე კი, 25-ში ამხანაგურად მონღოლეთთან ითამაშებს.
გიორგი მიქაუტაძე საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირსებას 2021 წლიდან იცავს, მისი მაისურით ჩატარებულ 13 შეხვედრაში კი 2 გოლი და 1 საგოლე პასი მიითვალა.
კომენტარები