- 📅 5 მარტი | ⌚ 16:00 | 🏟 ავჭალა | 🏉 საქართველო V რუმინეთი | 📺 Rugby TV
- ბორჯღალოსნები ტრადიციულ მეტოქეს ნახევარფინალში პირველად ეთამაშებიან
საქართველოს მორაგბეთა ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის კიდევ ერთხელ მოსაგებად იბრძვის და ამ გზაზე მორიგი ბარიერი რუმინეთთან ნახევარფინალური მატჩი იქნება. ბორჯღალოსნებისთვის ამ ტურნირზე ნახევარფინალი ახალი ხილია, რაც იმით არის გამოწვეული, რომ მიმდინარე წლიდან რაგბი ევროპის ჩემპიონატი შეცვლილი ფორმატით ტარდება.
შეგახსენებთ, რომ ამჯერად შეჯიბრში ექვსის ნაცვლად 8 ნაკრები ჩაერთო, რომლებიც ორ ჯგუფში იყვნენ განაწილებულნი. საქართველოს ნაკრები A ჯგუფში იყო და გერმანიას, ნიდერლანდებსა და ესპანეთს დამაჯერებლად სძლია.
შედეგად, ბორჯღალოსნებმა პირველი პოზიცია დაიკავეს და ნახევარფინალში B ჯგუფის მეორეადგილოსან რუმინეთს შეხვდებიან, რომელმაც ბელგიასა და პოლონეთს აჯობა, პორტუგალიასთან კი მარცხი განიცადა.
ფინალის მე-2 საგზურისთვის სწორედ პორტუგალია და ესპანეთი იბრძოლებენ (ეს მატჩი დღეს საღამოს შედგება), გადამწყვეტი თამაში კი, 19 მარტს ესპანეთის ქალაქ ბადახოსშია დაგეგმილი. იქვეა დანიშნული მატჩი მე-3 ადგილისთვის.
ჯგუფური ეტაპის დასკვნით ტურში, ესპანეთთან მატჩთან შედარებით, საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში 3 ცვლილებაა – ორი შერკინებაში და ერთიც თადარიგში.
წელს პირველად მარცხენა ბურჯად დაიწყებს თამაშს გურამ გოგიჩაშვილი. როტაციის პრინციპით კვაჭის პოზიციაზე ბრუნდება გიორგი ჭყოიძე, მარჯვენა ბურჯი კი კვლავ ბექა გიგაშვილი იქნება. უცვლელია მეორე და მესამე ხაზი: ნოდარ ჭეიშვილი კოტე მიქაუტაძეს შეუწყვილდება, მესამე ხაზში კი თამაშს გიორგი ცუცქირიძე, ბექა საღინაძე და თორნიკე ჯალაღონია იწყებენ.
შერკინების მარქაფაში გადაინაცვლეს კვაჭმა შალვა მამუკაშვილმა და ბურჯმა ნიკა აბულაძემ. კვლავ თადარიგში არიან ბურჯი გურამ პაპიძე და მეორეხაზელი ლადო ჩაჩანიძე, მესამე ხაზში კი მიხეილ გაჩეჩილაძის ნაცვლად გუნდს ოთარ გიორგაძე გააძლიერებს. უცვლელია ღერძი და ხაზი. ვასილ ლობჟანიძეს მგეზავი თედო აბჟანდაძე შეუწყვილდება, რომელიც 3 ქულის აღების შემთხვევაში, ბორჯღალოსნების ისტორიაში საუკეთესო მექულეთა შორის მალხაზ ურჯუკაშვილს (325 ქულა) გაუტოლდება და მეორე ადგილზე აღზევდება.
ცენტრში გუნდის კაპიტანი მერაბ შარიქაძე და გიორგი კვესელაძე შეწყვილდებიან; ფულბეკის პოზიციაზე დავით ნინიაშვილს ვიხილავთ, ფრთებზე კი - სანდრო თოდუას და აკაკი ტაბუცაძეს. ტაბუცაძეს უკვე 24 სანაკრებო ლელო აქვს, მორიგი ლელოს გატანის შემთხვევაში კი, საუკეთესო მელელოვეთა სიაში დავით კაჭარავას გაუტოლდება და მეორე ადგილზე აღზევდება. პირველ ადგილზე 27 ლელოთი მამუკა გორგოძეა. ხაზის შემცვლელებში ადგილები შეინარჩუნეს 9 ნომერმა გელა აფრასიძემ, მგეზავმა ლუკა მატკავამ და დემე თაფლაძემ.
ლევან მაისაშვილი (საქართველოს ნაკრების მწვრთნელი): “ნებისმიერი თამაში, რომლის შედეგი ყველაფერს წყვეტს, დამატებით წნეხს ატარებს. ვემზადებით ნახევარფინალისთვის, რომელშიც ჩვენი მეტოქე რუმინეთი იქნება. ისინი ძალისმიერი თამაშის მიმდევრები არიან, თუმცა, ვეცდებით, ამ კომპონენტში დომინანტები ჩვენ ვიყოთ. რუმინელები ამ სტილს თითქმის არასდროს ღალატობენ და შეჯგუფებებში დომინირებას ცდილობენ. ჩვენი მიზანია, რომ თამაშიდან თამაშამდე უკეთესი ხარისხი ვაჩვენოთ, რისი გეგმაც გვაქვს და ამბიციაც. საინტერესო მოსამზადებელი კვირაა და ვიმედოვნებ, რომ მატჩი ჩვენი კარნახით წარიმართება. ადვილი არ იქნება, თუმცა ვეცდებით, მეტად მობილიზებულები და დისციპლინირებულები ვიყოთ. ყველა ჯარიმას მსაჯს ვერ დავაბრალებთ“.
რუმინეთის რაგბის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ეუჯენ აპიოკმა რაგბის ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალისთვის ძირითადად ეროვნულ ჩემპიონატში მოთამაშე მორაგბეები გამოიძახა, ლეგიონერები კი, მეტწილად, საფრანგეთის დაბალ დივიზიონებში თამაშობენ.
აღსანიშნავია, რომ ერთწლიანი პაუზის შემდეგ, ნაკრებს დაუბრუნდა გამოცდილი მესამეხაზელი ანდრე გორინი, თუმცა, არის დანაკლისიც. საქართველოსთან პრინციპულ მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებს “სტეჟარის” ერთ-ერთი ლიდერი ტეილორ გონტინეაკი. გასულ ტურში მან რუენის მაისურით მასისთან 2 ლელო დადო, თუმცა, ტრავმაც მიიღო და იძულებითი უქმობა უწევს.
“ეს ძალიან რთული მატჩი იქნება. საქართველოს ძლიერი ნაკრები ჰყავს და თან შინ თამაშობს, თუმცა, შანსი ჩვენც გვექნება და ის უნდა გამოვიყენოთ”, - აღნიშნა რუმინელმა სპეციალისტმა.
ბორჯღალოსნებს რუმინეთთან ურთიერთშეხვედრების ყველაზე დიდი ისტორია აქვთ. 1998 წლიდან დღემდე მეტოქეებმა 26 მატჩი (12 შინ, 12 სტუმრად და 2 ნეიტრალურზე გვქონდა) გამართეს და 16 საქართველოს გამარჯვებით დასრულდა, ერთხელ ფრე დაფიქსირდა, 9-ჯერ კი რუმინეთმა მოიგო. საქართველოს ნაკრების აქტივში 52 ლელო და 530 ქულაა, რუმინელებს კი 36 ლელო და 434 ქულა უგროვდებათ.
2002 წლიდან, ქართული მხარის ინიციატივით, საქართველოსა და რუმინეთს შორის ანთიმოზ ივერიელის თასი თამაშდება (მსოფლიო თასის ეგიდით ჩატარებული მატჩების გარდა). აქამდე, საზიარო ჯილდო საქართველომ - 15-ჯერ, რუმინეთმა კი 6-ჯერ შემართა.
გასული საუკუნის მიწურულს და 21-ე საუკუნის დასაწყისში, რუმინელთა ძლევა სანუკვარ მიზნად გვქონდა. რუმინელებმა 9-იდან 7 გამარჯვება 1998-2006 წლებში მოიპოვეს, ბოლოსწინა – 2010, ხოლო ბოლო – 2017 წელს. “სტეჟარს” საქართველოში 3-ჯერ აქვს მოგებული, ბოლოს – 2003 წელს, ერთადერთი ფრე (9:9) კი 2013 წელს ბუქარესტში დაფიქსირდა.

მეტოქე ყველაზე დიდი სხვაობით 2016 წელს თბილისში დავამარცხეთ (38:9). რეკორდამდე ერთი ქულა დაგვაკლდა 2020 წელს (41:13), მანამდე კი, სარეკორდო გამარჯვება 2011 წლის მსოფლიო თასზე მოვიპოვეთ, როდესაც ტრადიციულ მეტოქეს პამერსთონში (ახალი ზელანდია) 25:9 ვაჯობეთ.
რუმინეთს პირველად ვეთამაშებით ავჭალის სარაგბო სტადიონზე. თბილისში ბოლოს მათ 2021 წელს მიხეილ მესხზე ვუმასპინძლეთ და 28:17 დავამარცხეთ, შარშან კი ბუქარესტში 26:23 ვძლიეთ. მოცემული მომენტისთვის რუმინეთი ზედიზედ 5-ჯერ გვყავს დამარცხებული. 2011-2016 წლებში 7-მატჩიანი წაუგებელი სერია გვქონდა, ოღონდ მაშინ, სამი მოგების შემდეგ, ბუქარესტში ფრედ ვითამაშეთ, რასაც კვლავ სამი მოგება მოყვა.
შეგახსენებთ, რომ ბორჯღალოსნებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის ბოლო 5 გათამაშებაში იმარჯვეს, უკანასკნელი 15 ტურნირიდან კი 13 აქვთ მოგებული. სულ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს აღნიშნული შეჯიბრი ჩემპიონის რანგში 14-ჯერ აქვს დასრულებული.
საქართველო: 15. დავით ნინიაშვილი, 14. აკაკი ტაბუცაძე, 13. გიორგი კვესელაძე, 12. მერაბ შარიქაძე (კაპ.), 11. სანდრო თოდუა, 10. თედო აბჟანდაძე, 9. ვასილ ლობჟანიძე; შერკინება: 1. გურამ გოგიჩაშვილი, 2. გიორგი ჭყოიძე, 3. ბექა გიგაშვილი, 4. ნოდარ ჭეიშვილი, 5. კოტე მიქაუტაძე, 6. გიორგი ცუცქირიძე, 7. ბექა საღინაძე, 8. თორნიკე ჯალაღონია;
სათადარიგოები: 16. შალვა მამუკაშვილი, 17. ნიკა აბულაძე, 18. გურამ პაპიძე, 19. ლადო ჩაჩანიძე, 20. ოთარ გიორგაძე; 21. გელა აფრასიძე, 22. ლუკა მატკავა, 23. დემე თაფლაძე.
რუმინეთი: 15. იონელ მელინტე, 14. მარიუს სიმიონესკუ, 13. ატილა სეპტარი, 12. ჯეისონ ტომანე, 11. პაულ პოპოაია, 10. ფლორინ პოპა, 9. გაბრიელ რუპანუ; 1. ალექსანდრუ სავინი, 2. ოვიდიუ კოჟოკარუ, 3. ტომას კრეტუ, 4. ადრიან მოტოცი, 5. მარიუს ანტონესკუ, 6. მიჰაი მაკოვეი (კაპ.), 7. კრისტი-მარიან ჩირიკა, 8. ანდრე გორინი.
სათადარიგოები: 16. მარიან-ეუჯენ კაპატინა, 17. კონსტანტინ ჩირიაკი, 18. კოსტელ ბურტილა, 19. მარიუს იფტიმიციუკი, 20. ვლად ნეკულაუ, 21. ალექსანდრუ ტიგლა, 22. ფონოვაი ტანგიმანა, 23. კოსმინ ილიუცა.
კომენტარები