Thumbnail
  • დინამო ბათუმი 3:1 საბურთალო
  • ბათუმელებმა ეროვნულ ლიგაში მეორე მატჩი მოიგეს

ეროვნული ლიგის 2023 წლის სეზონის მეორე ტურში დინამო ბათუმმა საკუთარ მოედანზე საბურთალო მიიღო და პირველი ტაიმის წაგების მიუხედავად მეტოქე 3:1 დაამარცხა. 

შეხვედრაში ანგარიში შოთა ნონიკაშვილმა 32-ე წუთზე გახსნა - საბურთალოს ნახევარმცველს ბათუმელებს ახლო მანძილიდან ორჯერ დაარტყმევინეს, ანტონ ჩიჩკანმა ბურთი ახლო კუთხეში გაუშვა და მატჩში სტუმრები დაწინაურდნენ - 0:1. პირველ ნახევარში დინამოს რეალური საგოლე მომენტი არ ჰქონია და ტაიმი საბურთალომ მოიგო. 

მეორე ნახევარი აქტიურად მასპინძლებმა დაიწყეს და მატჩის ბედი 10 წუთში შეცვალეს. ანგარიში 49-ე წუთზე თორნიკე კაპანაძემ გაათანაბრა, 56-ზე კი დინამო ბათუმი დაწინაურდა - გოლი ირაკლი ბიძინაშვილმა შეაგდო - 2:1. მალე საქართველოს ვიცე-ჩემპიონმა მესამე გოლიც გაიტანა - თავი ეროვნული ლიგის გასული სეზონის საუკეთესო ბომბარდირმა და ფეხბურთელმა ფლამარიონ ჯოვინომ გამოიჩინა. შეხვედრის ბოლო 30 წუთში საგოლე მომენტი ორივე კართან იყო, თუმცა ანგარიში აღარ შეცვლილა და დინამომ მეორე ტურში მეორე გამარჯვება მოიპოვა - 3:1. 

განვლილი 2 ტურის შემდეგ დინამო ბათუმი 6 ქულით ეროვნული ლიგის ცხრილის სათავეშია, ხოლო საბურთალოს 1 ქულა აქვს და მე-6 ადგილს იკავებს. მომავალ ტურში დინამო გასვლაზე 3 მარტს, გორის დილას წინააღმდეგ გამართავს, ხოლო საბურთალო საკუთარ მოედანზე შუქურას მიიღებს. 

დინამო ბათუმი 3:1 საბურთალო

გოლები: 0:1 შოთა ნონიკაშვილი ('32), 1:1 კაპანაძე ('49), 2:1 ბიძინაშვილი ('56), 3:1 ჯოვინო ('59)

კომენტარები

ბოლო ამბები