- მაურიციო სარის კომენტარი ნაპოლისთან მატჩის შემდეგ
- ნეაპოლის აეროპორტში საქართველოს მოქალაქე დააკავეს
- მარცხი ზედიზედ 8 ტურში მოგების შემდეგ - კვარაცხელიას ნაპოლიმ ლაციოსთან დათმო
ნაპოლიმ მიმდინარე სეზონში საკუთარ მოედანზე პირველი თამაში წააგო - ლაციოს წინააღმდეგ (0:1).
მატჩის შემდეგ რომაელთა მთავარმა მწვრთნელმა მაურიციო სარიმ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, მისმა გუნდმა უმაღლეს დონეზე ითამაშა, მაგრამ სატურნირო ცხრილს არ უყურებს, სადაც ახლა ლაციო მე-2 ადგილზეა.
"მნიშვნელოვანი 3 ქულაა, რადგან ის მოვიპოვეთ გუნდის წინააღმდეგ, რომელიც მიმდინარე სეზონში ცალკე ჩემპიონატში თამაშობს. გუნდმა უმაღლეს დონეზე ითამაშა კონცენტრაციის, თავდადებისა და მონდომების თვალსაზრისით. ტექნიკურად კი უკეთ თამაშიც შეგვიძლია. ეს გამარჯვება მაფიქრებინებს, რომ ძილის დროა, რომ შემდეგ ევროტურნირის მატჩზე ვიფიქრო, ახლა არ არის სატურნირო ცხრილზე ყურების დრო", - თქვა სარიმ.

გამოცდილმა იტალიელმა სპეციალისტმა ლუჩანო სპალეტისა და ნაპოლის შესახებაც გააკეთა კომენტარი: "ამ სეზონის შემდეგ სპალეტი ნეაპოლის მეფე გახდება თუ მიაღწევს იმას, რასაც წესით უნდა მიაღწიოს. გამარჯვება ყველგან სასიამოვნოა, მაგრამ აქ რაღაც განსაკუთრებულია. ჩემი ნაპოლი უფრო ლამაზია თუ სპალეტის? სილამაზე განსხვავებულად აღიქმება, მაგრამ თუ ქერა მოგწონს, შავგვრემანზე არ უნდა თქვა, რომ მახინჯია. განსხვავება იმაშია, ეს ნაპოლი ჩემპიონი ხდება. ბედნიერი ვარ ლუჩანოს გამო, მაგრამ ამავდროულად სიკვდილამდე შემშურდება სპალეტის და მისი ნაპოლის, რადგან ისინი "სკუდეტოს" მოიგებენ, რაც მე არ გამომივიდა. კლუბს უნდა მივულოცო, რომელმაც ზაფხულში დიდი სითამამე გამოავლინა ტრანსფერებში გაკეთებული არჩევანით. ნაპოლის ჰყავს კრისტიანო ჯუნტოლის მსგავსი სპორტული დირექტორი, რომელიც სწორედაც, რომ ნამდვილი ფენომენია".
შეგახსენებთ, რომ მაურიციო სარი ნაპოლის 2015-2018 წლებში ავარჯიშებდა და 2017/18 წლების სეზონში ჩემპიონობამდე ძალიან ცოტა დააკლდა. ნაპოლი სერია A-ს 65 ქულით ლიდერობს, მომდევნო ტურში კი 11 მარტს, ბერგამოს ატალანტას უმასპინძლებს.
კომენტარები