Thumbnail

'ოქროს ბურთსაც მოიგებდა' - ლუის სუარესი ნეიმარის კარიერულ შეცდომაზე

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ურუგვაელმა ფეხბურთელმა ბარსელონიდან პსჟ-ში ნეიმარის ტრანსფერი გაიხსენა
  • ბრაზილიელს წასვლა არ სურდა, მაგრამ გადაწყვეტილება მისმა ოჯახმა მიიღო

ბრაზილიური გრემიოს თავდამსხმელმა ლუის სუარესმა ნეიმარზე ილაპარაკა, რომელთან ერთადაც წლების წინ ბარსელონაში გამოდიოდა. ურუგვაელი ფეხბურთელი აცხადებს, რომ ნეიმარმა კატალონიური კლუბის დატოვებისა და პარი სენ-ჟერმენში გადასვლის გადაწყვეტილება ოჯახისგან წნეხის გამო მიიღო და საბოლოო ჯამში, ამით საკუთარი კარიერას ავნო.

ნეიმარმა ბარსელონა 2017 წელს დატოვა და პარი სენ-ჟერმენში 222 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა, რაც ფეხბურთის ისტორიაში უძვირფასესი ტრანსფერია.

როგორც ლუის სუარესი იხსენებს, ნეიმარი ბარსელონაში თანაგუნდელებს არწმუნებდა, რომ არსად წავიდოდა.

"ამის შესახებ საუბარი ძალიან არ მიყვარს, მაგრამ როდესაც მომენტი დადგა, შევიკრიბეთ და მასთან სალაპარაკოდ მივედით: "ნეი, თუკი გამარჯვებები გწყურია, აქ, ჩვენთან დარჩი". მან მოგვისმინა და გვითხრა: "კი, კი, დარჩენა მინდა". შემდეგ კი მოხდა ის, რისი კონტროლიც ძნელია. ჩვენ, როგორც მეგობრებმა, მას დარჩენა ვურჩიეთ, მაგრამ გადაწყვეტილება მისმა ოჯახმა მიიღო. ვეუბნებოდით: "შენთვის ინგლისი სჯობს. მანჩესტერ სიტი კარგ ფეხბურთს თამაშობს. მაგრამ საფრანგეთი?".

სუარესის აზრით, ნეიმარი კატალონიური კლუბიდან პსჟ-ში რომ არ წასულიყო, "ოქროს ბურთის" მოგებასაც შეძლებდა.

"ეს თამამი განცხადებაა, მაგრამ ვიცი, რასაც ვამბობ. ნეიმარი ბარსელონაში რომ დარჩენილიყო, ეჭვგარეშეა, ის "ოქროს ბურთს" მოიგებდა. ეს ჩემი აზრია", - ამბობს ურუგვაელი. 

ნეიმარმა პარი სენ-ჟერმენში საფრანგეთის ჩემპიონობა 4-ჯერ იზეიმა, 3-ჯერ საფრანგეთის თასი მოიგო, ერთხელ - ლიგის თასი, კიდევ 3-ჯერ კი - სუპერთასი. ბრაზილიელს პარიზელებთან კონტრაქტი 2025 წლამდე აკავშირებს. 

კომენტარები

ბოლო ამბები