- 📅 5 მარტი | 🏟 კამპ ნოუ | ⌚ 19:15 | 🟠 ბარსელონა V ვალენსია
- ორივე გუნდში ბევრი ტრავმირებული და დისკვალიფიცირებულია
- ყველაფერი, რაც ამ მატჩის შესახებ უნდა იცოდეთ
გიორგი მამარდაშვილის ვალენსია ბოლოსწინა ადგილზეა და გავარდნის დიდი საფრთხის ქვეშაა, ჩავი ერნანდესის ბარსელონა კი დამაჯერებლად ლიდერობს ჩემპიონატს. "კამპ ნოუზე" ლიდერი აუტსაიდერს მასპინძლობს, თუმცა ბარსას და "ღამრების" დაპირისპირება არასდროს ყოფილა უინტერესო, ამ დუელში ყველაფერი შეიძლება მოხდეს...
ამ გუნდების პირველი წრის მატჩი "მესტალიაზე" ოქტომბერში გაიმართა, 92-ე წუთამდე ტაბლოზე 0:0 იყო, თუმცა ბოლო წამს რობერტ ლევანდოვსკიმ გიორგი მამარდაშვილს გაუტანა და ბარსა შინ 3 ქულით წავიდა.

ვალენსიასთვის კარგი ამბავი ისაა, რომ პოლონელი ცენტრფორვარდი, რომელიც დამაჯერებლად ლიდერობს ლა ლიგას გოლებით, ტრავმირებულია და ვერ ითამაშებს. ისევე, როგორც ვერ ითამაშებენ გავი (დისკვალიფიკაცია), დემბელე და პედრი. სხვათა შორის, თავად ჩავიც დისკვალიფიცირებულია და მას სათადარიგოთა სკამზე ვერ ვნახავთ. ვალენსიას ლაზარეთი კიდევ უფრო "შთამბეჭდავია": გაია, კავანი, პაულისტა, ნიკო, მარკოს ანდრე და ხაუმე ვერ ითამაშებენ.
აღსანიშნავია, რომ 22 წლის ქართველი ფეხბურთელი პირველად ითამაშებს "კამპ ნოუზე" (2021 წლის ოქტომბერში, ვალენსიას ბოლო ვიზიტისას, კარს სილესენი იცავდა) და მხოლოდ ის არ იქნება დებიუტანტი სტადიონზე, ვალენსიაში კიდევ ბევრია გამოუცდელი.

ჩავი ერნანდესი (ბარსელონას მწვრთნელი): "არ ვიცი, რა ჯობს, რეალთან მატჩის წინ თამაში თუ რეალის მერე, მე მირჩევნია გავიდეთ და უბრალოდ მოვიგოთ. ვალენსიასთან თამაში რთული იქნება, თუმცა ჩვენ ჩვენ საქმეს გავაკეთებთ და ვნახოთ. ახლა ბარსა საკუთარ თავზეა დამოკიდებული და ეს კარგია. ფატი ვარჯიშობს და თავის გამოჩენა სურს, მე მისი ძალიან მჯერა.
საინტერესო ფაქტები
🟠 ბარსელონას ვალენსიასთან ბოლო 37 დაპირისპირებიდან 33-ში არ წაუგია (ყველა შეჯიბრი).
🟠 ბარსელონას ბოლო 6 საშინაო მატჩში ვალენსიასთან (ყველა შეჯიბრი) 2.5 გოლზე მეტი გავიდა.
🟠 ვალენსიას ბოლო 6 მატჩიდან (ლა ლიგა) 5-ში 2.5 გოლზე ნაკლები გავიდა. ბარსელონას ბოლო 3 მატჩში (ლა ლიგა) ასევე 2.5 გოლზე ნაკლები გავიდა.
🟠 ბარსელონამ ვალენსიას ლა ლიგის ბოლო 4 მატჩი მოუგო, კიდევ ერთი გამარჯვების შემთხვევაში, ბარსა ვალენსიასთან ყველაზე ხანგრძლივ მოგებათა სერიას გაიმეორებს ლა ლიგაში.
🟠 ვალენსიამ წინა ტურში გამარჯვებით 6-მატჩიანი წაგებათა სერია დაასრულა ლა ლიგაში.
სავარაუდო შემადგენლობები
ბარსელონა (4-4-2): ტერ შტეგენი - კუნდე, არაუხო, კრისტენსენი, ბალდე - სერხი რობერტო, ბუსკეტსი, ფ. დე იონგი, ტორე - ფერან ტორესი, ფატი
ვალენსია (4-3-3): მამარდაშვილი - ფულკიე, ჯიომერტი, დიაქაბი, ვასკესი - გილამონი, ალმეიდა, მუსა - კასტილიეხო, დურო, ლინო.
კომენტარები