Thumbnail

ჩოგბურთი | ფურცელაძემ ეგვიპტეში ერთეულებშიც იმარჯვა და წყვილებშიც

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ფურცელაძე 6:3, 6:4 ბლოკსი
  • ქართველმა ჩოგბურთელმა შარმ ელ შეიხში 2 ტიტული მოიპოვა

21 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა საბა ფურცელაძემ წარმატებით იასპარეზა ეგვიპტის ქალაქ შარმ ელ შეიხში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე (საპრიზო ფონდი 15 ათასი დოლარი), სადაც ჯერ წყვილთა თანრიგში გაჩემპიონდა, შემდეგ კი, მთავარ პრიზს ერთეულებშიც დაეუფლა.

ერთეულთა შეჯიბრში ფურცელაძე მე-6 ნომრად იყო განთესილი და 5 მეტოქის დამარცხება მოახერხა. საბამ 6:3, 6:7 (5:7), 6:1 სძლია ტაილანდელ ვიშაია ტრონგჩაროენჩაიკულს, სლოვაკი ლუკაშ პოკორნი 7:6 (7:4), 6:4 დაამარცხა, გერმანელი რობერტ სტრომბახსი – 6:3, 3:6, 6:3, სამხრეთკორეელი დაკხი ლი – 7:6 (7:4), 2:6, 6:4, ხოლო ბელგიელი ალექსანდერ ბლოკსი – 6:3, 6:4.

წყვილთა ტურნირში ქართველი ჩოგბურთელი ხსენებულ პოკორნისთან იყო შეამხანაგებული და ამ დუეტმა 4 გამარჯვება იზეიმა. ფურცელაძე და პოკორნი ფინალში ლუქსემბურგელ ალექს კნაფსა და გერმანელ იაკობ შნაიტერს გადაეყარნენ და 6:3, 6:4 მოიგეს.

ცნობისთვის, საბა პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის რეიტინგში 537-ე ადგილზე იმყოფება და ეს, მისი კარიერის საუკეთესო მაჩვენებელია. მოსალოდნელია, რომ აღნიშნული წარმატების შემდეგ, საბა კლასიფიკაციაში კიდევ უფრო დაწინაურდება.

კომენტარები

ბოლო ამბები