- საქართველო 31:7 რუმინეთი
- ლევან მაისაშვილის გუნდმა მეტოქე 4-ჯერ დაალელოვა
საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში რუმინეთი 31:7 დაამარცხა და მორიგი ტიტულისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა, ამავდროულად, ანთიმოზ ივერიელის თასის შენარჩუნებაც მოახერხა.
შეგახსენებთ, რომ წლევანდელი ტურნირი ახალი ფორმატით ტარდება და ცვლილებების მთავარი მიზანი სწორედ ისაა, რომ როგორმე ბორჯღალოსნების ჰეგემონია დაემხოს, თუმცა, ძნელი წარმოსადგენია, რომ ქართველ მორაგბეებს რამემ ხელი შეუშალოს.
ავჭალის სარაგბო სტადიონზე გამართულ მატჩშიც იტალიელი მსაჯების ბრიგადა მაქსიმალურად ეცადა, რუმინეთს რაღაც შანსი მისცემოდა, მაგრამ მასპინძელთა უპირატესობა აშკარა იყო.
ბორჯღალოსნებმა თამაშის უმეტესი ნაწილი შეტევაში გაატარეს, გაცილებით ლაღადაც ბურთაობდნენ და რომ არა ბოლო მომენტებში უზუსტობა, ანაც არადისცპლონირებული თამაში, სხვაობა კიდევ უფრო მეტი იქნებოდა.
მატჩში პირველი ლელო კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ დადო მას მერე, რაც ხაზის გაჭრა ვასილ ლობჟანიძემ მოახერხა. შემდეგ ალექსანდრე თოდუამ იმარჯვა მარცხენა ფლანგზე გაშლილი იერიშის შემდეგ და საქართველომ ტაიმი 17:0 მოიგო.
მე-2 ნახევარი ისევ ქართველთა შეტევებით დაიწყო და ვინაიდან მეტოქემ ზედიზედ რამდენჯერმე შერკინებაში თამაშის წესი დაარღვია, ბოლო-ბოლო რეფერიმ საჯარიმო ლელო ჩათვალა.
რუმინელთა ერთადერთი შედეგიანი შეტევა სწორედ ამის მერე იყო. ეუჯენ კაპაცინას ლელო იონელ მელინტემ გარდასახა, თუმცა, ბოლო მიძალება მაინც საქართველოს ნაკრების იყო. კონტრშეტევისას გადაკიდებულ ბურთზე დიდებულად ირბინა აკაკი ტაბუცაძემ და 27-ე სანაკრებო მატჩში 25-ე ლელო დადო. ახლა, მას მხოლოდ მამუკა გორგოძე უსწრებს 27 ლელოთი.
ვთქვათ ისიც, რომ გარდასახვა-ჯარიმებით ნაკრებს 7 ქულა შესძინა თედო აბჟანდაძემ, რომელსაც ჯამში 329 ქულა მოუგროვდა, მალხაზ ურჯუკაშვილს გადაასწრო და ბორჯღალოსნების ყველა დროის მექულეთა შორის მე-2 ადგილზე გადაინაცვლა. წინ მხოლოდ მერაბ კვირიკაშვილია.
ამგვარად, ბორჯღალოსნებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში თამაშის უფლება მოიპოვეს და 19 მარტს ესპანეთის ქალაქ ბადახოსში პორტუგალიას შეხვდებიან, რომელმაც მე-2 ნახევარფინალში ესპანეთს 27:10 სძლია.
შეგახსენებთ, რომ ბორჯღალოსნებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის ბოლო 5 გათამაშებაში იმარჯვეს, უკანასკნელი 15 ტურნირიდან კი 13 აქვთ მოგებული. სულ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს აღნიშნული შეჯიბრი ჩემპიონის რანგში 14-ჯერ აქვს დასრულებული.
საქართველო 31:7 რუმინეთი
საქართველო: 4 ლელო – შარიქაძე, თოდუა, საჯარიმო, ტაბუცაძე; 3 გარდასახვა – აბჟანდაძე (2), მატკავა; ჯარიმა – აბჟანდაძე.
რუმინეთი: ლელო – კეპეცინა; გარდასახვა – მელინტე. სინბინი – სავინი.
კომენტარები