Thumbnail

დაუნდობელი ლივერპული! მანჩესტერი ენფილდზე 0:7 განადგურდა

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • ლივერპული 7:0 მანჩესტერ იუნაიტედი
  • იურგენ კლოპის გუნდმა ისტორია რთულ სეზონში დაწერა

ლივერპულს უმძიმესი სეზონი აქვს, მანჩესტერს პირიქით, საკმაოდ პოზიტიური, რომელშიც უკვე მოასწრო ტიტულის მოგება (ინგლისის ლიგის თასის), მაგრამ ეს საერთოდ არაფერ კავშირშია იმასთან, რაც დღეს ენფილდზე მოხდა.

7:0! ისტორიული თამაშის მომსწრენი გავხდით, რომელშიც ლივერპულმა მტერი უბრალოდ გააცამტვერა. არადა, კარგა ხნის განმავლობაში თანაბარი დაპირისპირება იყო, მხოლოდ ტაიმის ბოლოს გაიხსნა ანგარიში. აი, მე-2 ნახევარში კი იურგენ კლოპის შეგირდებმა მეტოქე საერთოდ არ დაინდეს.

ორ-ორი გოლი შეაგდეს კოდი გაკპომ, დარვინ ნუნიესმა და მოჰამედ სალაჰმა, ბოლოს რობერტ ფირმინომაც გაიტანა, კაცმა, რომელიც სეზონის ბოლოს მერსისაიდელთა რიგებს დატოვებს.

ერთ-ერთი საუკეთესო თამაში კლოპის ლივერპულისგან

რა უნდა ითქვას? ლივერპულისთვის მართლა რთული სეზონია, მაგრამ ამის მიუხედავად, ეპიკური გამარჯვება მოიპოვა. სხვათა შორის, "წითლებმა" ბოლო ოთხ თამაშში 10 ქულა მოიპოვეს და სატურნირო ვითარება გამოიკეთეს.

ლივერპული უკვე ძალიან ახლოსაა ჩემპიონთა ლიგის ზონასთან: 42 ქულა დააგროვა და მე-5 ადგილზეა. ამასთან, ტოტენჰემს მხოლოდ 3 ქულით ჩამორჩება და თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული. "წითლები" მომდევნო ტურში ბორნმუთს ესტუმრებიან.

მანჩესტერი 49 ქულით მე-3 პოზიციაზე რჩება, მომდევნო ტურის მატჩს კი საუთჰემპტოთან გამართავს.

საინტერესო ფაქტები

🟠 მოჰამედ სალაჰი ლივერპულის პირველი ფეხბურთელია ისტორიაში, რომელმაც მანჩესტერს ყველა ტურნირზე ზედიზედ 6 მატჩში გოლი გაუტანა.

🟠 კოდი გაკპო ლივერპულის მხოლოდ მე-5 ფეხბურთელია, რომელმაც პრემიერლიგის ერთ სეზონში გოლი გაუტანა "ენფილდზე", როგორც მანჩესტერს, ისე ევერტონს და პირველი 2013/14 წლების სეზონისა და დანიელ სტარიჯის შემდეგ.

🟠 სალაჰმა ამ სეზონში 31 გოლში მიიღო მონაწილეობა (21 გოლი, 10 საგოლე პასი) და პრემიერლიგის ერთადერთი მოთამაშეა ამ სეზონში, რომელსაც ორმაგი მაჩვენებლები აქვს, როგორც გოლებში, ისე პასებში.

🟠 სალაჰმა პრემიერლიგაში ლივერპულის მაისურით 129 გოლი გაიტანა, რობი ფაულერს გადაასწრო (128) და კლუბის ისტორიაში საუკეთესო მეგოლე გახდა (პრემიერლიგაში).

🟠 მანჩესტერმა პრემიერლიგაში ყველაზე დიდი ანგარიშით წააგო.

ლივერპული 7:0 მანჩესტერი

გოლები: 1:0 გაკპო (43), 2:0 ნუნიესი (47), 3:0 გაკპო (50), 4:0 სალაჰი (66), 5:0 ნუნიესი (75), 6:0 სალაჰი (83), 7:0 ფირმინო (88)

ლივერპული (4-3-3): ალისონი - ალექსანდერ-არნოლდი, კონატე, ვან დაიკი, რობერტსონი - ელიოტი (86. ჯონსი), ფაბინიო (79. მილნერი), ჰენდერსონი (78. ბაიჩეტიჩი) - სალაჰი, გაკპო (78. ფირმინო), ნუნიესი (78. დიოგო ჟოტა)

მანჩესტერი (4-2-3-1): დე ხეა - დალო, ვარანი, მარტინესი (80. მალასია), შოუ - კაზემირო (78. ზაბიტცერი), ფრედი (59. მაკტომინეი) - ანტონი, ვერგჰოსტი (59. გარნაჩო), ბრუნო ფერნანდეში - რაშფორდი (86. ელანგა).

კომენტარები

ბოლო ამბები