Thumbnail

ინგლისის პრემიერლიგაში ლივერპულმა მანჩესტერ იუნაიტედი 7:0 გაანადგურა! უჩვეულო და ეპიკური მატჩის შემდეგ კომენტარი ორივე გუნდის წევრებმა გააკეთეს.

ერიკ ტენ ჰაგმა აღნიშნა, რომ მისმა გუნდმა უბრალოდ არაპროფესიონალურად ითამაშა, იურგენ კლოპმა კი იმედი გამოთქვა, რომ ლივერპული ამიერიდან ასე თამაშს გააგრძელებს.

ერიკ ტენ ჰაგი (მანჩესტერის მწვრთნელი): "ვფიქრობ, პირველი ტაიმი ღირსეულად ჩავატარეთ. ტაიმის ბოლოს ერთი შეცდომა დავუშვით, მეორე ნახევარში კი უბრალოდ ჩვენ არ ვიყავით. ეს არ იყო ჩვენი სტანდარტები, გუნდურად ვერ ვითამაშეთ, არაპროფესიონალიზმი გამოვავლინეთ და დიახ, გაბრაზებული ვარ. არ დავიცავით ჩვენი გეგმა და არ გავაკეთეთ სამუშაო. ნაბიჯი უკან გადავდგით, ეს ადრეც მომხდარა, მანჩესტერ სიტისთან, ბრენტფორდთან, მაგრამ დღეს ნამდვილად ძლიერი უკუსვლა განვიცადეთ და ეს მიუღებელია. ამის გამო ნამდვილად იმედგაცრუებული და გაბრაზებული ვარ".

იურგენ კლოპი (ლივერპულის მწვრთნელი): "სიტყვები არ მყოფნის. გამორჩეული თამაში იყო, ფორმაში მყოფი გუნდის წინააღმდეგ უმაღლესი ფეხბურთი ვითამაშეთ. მეორე ტაიმის დასაწყისი და დასასრულიც კარგი იყო. ეს არის ფეხბურთი, ეს შეიძლება მოხდეს. ეს იყო ბიძგი, რომელიც გვჭირდებოდა, ის სწორ გზაზე გვაყენებს. დღევანდელი საღამო არის ნათელი დასტური იმისა, ვინ შეგვიძლია ვიყოთ და რა უნდა გავაკეთოთ ამიერიდან. სალაჰის 129 გოლი! ეს სიგიჟეა. დაუჯერებელი რიცხვია. ის განსაკუთრებული ფეხბურთელია. ჩვენ მას ახლაც ვაფასებთ, მაგრამ მომავალში, ხალხი უკან მოიხედავს და იტყვის, რომ რაღაც განსაკუთრებულის მომსწრენი გახდნენ".

მატჩამდე ტენ ჰაგი კარგ ხასიათზე იყო

ბრუნო ფერნანდეში (მანჩესტერის ფეხბურთელი): "ძალიან იმედგაცრუებულები და დამწუხრებულები ვართ. აქ სულ სხვა ფიქრებით მოვედით. პირველი ტაიმი ნამდვილად კარგი იყო, ბევრი მომენტიც გვქონდა. საწყისი ნახევრის უმეტეს ნაწილს ვაკონტროლებდით. მეორე ნახევარში ბალანსი დავკარგეთ და მეტოქეს დიდი სივრცე დავუტოვეთ, ეს თავიდან უნდა აგვეცილებინა. წარუმატებლობა წარსულშიც გვქონდა და სწრაფად დავბრუნდით, სწორედ ამას ვაპირებთ".

მოჰამედ სალაჰი (ლივერპულის ფეხბურთელი): "ასეთი თამაშის მოგება განსაკუთრებულია. იმედია, ეს დიდ ბიძგს მოგვცემს. რეკორდი? განსაკუთრებული რამაა, არ შემიძლია ეს დავმალო, მანჩესტერთან ამის მიღწევა დაუჯერებელია. რომელი გოლია ჩემი ფავორიტი? ყოველთვის ბოლო".

შეგახსენებთ, რომ ლივერპულმა 42 ქულა დააგროვა და პრემიერლიგაში მე-5 ადგილზეა. ამასთან, ტოტენჰემს მხოლოდ 3 ქულით ჩამორჩება და თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული. "წითლები" მომდევნო ტურში ბორნმუთს ესტუმრებიან. მანჩესტერი 49 ქულით მე-3 პოზიციაზე რჩება, შემდეგ მატჩს კი საუთჰემპტოთან გამართავს.

კომენტარები

ბოლო ამბები